გამჭვირვალობის კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა გამოსვლა გვიან ღამით დასრულდა

გჯ

 თბილისში, გამჭვირვალობის კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა გამოსვლა გვიან ღამით დასრულდა, რის შემდეგაც ტერიტორია დასუფთავდა. ქვეყნის მთავარ გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ღამის სამი საათისთვის აღდგა.

პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სადავო კანონპროექტის მოწინააღმდეგე მოქალაქეები, თავდაპირველად, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ.

სპეციალურად მოწყობილ სცენაზე იყო სიტყვით გამოსვლები, რის შემდეგაც დემონსტრანტებმა მსვლელობით გაიარეს რუსთაველის გამზირი. აქცია პარლამენტის შენობის წინ გაგრძელდა.

როგორ გაგრძელდება პროტესტი - კონკრეტული გეგმის შესახებ აქციაზე მყოფ ოპოზიციის წარმომადგენლებს მედიასთან არ უსაუბრიათ.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პროტესტს გააგრძელებს მანამ, სანამ მმართველი გუნდი კანონპროექტს უკან არ გაიწვევს.

"მე, როგორც საქართველოს ერთი რიგით მოქალაქე, გავაპროტესტებ ამ კანონს რა შესაძლებლობაც მექნება ისე. გეგმა არის პროტესტი, გავაპროტესტებ, სანამ რუსულ კანონს არ გაიწვევენ", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ოპოზიციონერი დეპუტატის, თამარ კორძაიას განცხადებით, ირაკლი კობახიძემ კარგად უნდა დაინახოს რამდენი ადამიანი დგას საპროტესტო აქციაზე.

მისივე თქმით, აქციის მიზანია მმართველ გუნდ არ მისცეს ქვეყნის გაყიდვის საშუალება.

"მშვიდობიანი მოქალაქეები დგანან და კარგად შეხედოს ირაკლი კობახიძემ რამდენი ადამიანი დგას მშვიდობიანად, საქართველოს მომავლისთვის. მიზანი ის არის, რომ ქვეყანა არ გაყიდონ", - განაცხადა თამარ კორძაიამ.