გატაცებულმა გოგონამ სასწრაფოში 3-ჯერ დარეკა და დასცინეს... - ამბავი, რომელსაც რუმინეთში თანამდებობის პირების გათავისუფლება მოჰყვა

გატაცება

ამ ამბავმა მთელი რუმინეთი შეძრა და ქვეყანაში ფართომასშტაბიანი აქციები დაიწყო, რომლის შედეგადაც არაერთი მაღალჩინოსანი გაათავისუფლეს.

ალექსანდრა მაჩეშანუ 2003 წლის 15 სექტემბერს პატარა ქალაქ კარაკალში დაიბადა, რომლის მოსახლეობაც ოცდაათ ათას ადამიანს შეადგენს. მოგვიანებით, გოგონა და მისი მშობლები სოფელ დობროსლოვენში გადავიდნენ საცხოვრებლად. სოფელი ცენტრალური ადგილიდან მოშორებით მდებარეობს, იქ მისვლა კი იმ წლებში პრობლემური იყო, რადგანაც ტრანსპორტი კარგად არ მოძრაობდა და ქალაქიდან შორს გახლდათ. თუმცა მოსახლეობა ამ პრობლემას შეჩვეული იყო და ქალაქამდე ჩასასვლელად ნებისმიერ გამვლელ მანქანას იყენებდა. 2019 წლის 24 ივლისს ალექსანდრაც ასე მოიქცა, ქალაქამდე რომ მისულიყო, თუმცა მას შემდეგ ის აღარავის უნახავს.

მეორე დღეს, დილით, გადაუდებელი დახმარების სამსახურში ზარი შევიდა. გოგონას ძალიან აღელვებული ხმა ისმოდა და დახმარებას ითხოვდა. თქვა, რომ ალექსანდრა მაჩეშანუ იყო და ჰყვებოდა, რომ გაიტაცეს, გააუპატიურეს და კარაკალის გარეუბანში, კერძო სახლში იმყოფებოდა. ოპერატორი ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენას ცდილობდა, მაგრამ ზარი უეცრად შეწყდა. 

ერთ წუთში გოგონამ გადაუდებელი დახმარების სამსახურში ისევ დარეკა და თქვა, რომ გამტაცებელი ნაცრისფერ მანქანას მართავდა, მაგრამ მანქანის ნომერი ვერ დაიმახსოვრა. ალექსანდრა სასწრაფოდ დახმარებას ითხოვდა, რადგან მისი თქმით, ოთახში იყო ჩაკეტილი და არ იცოდა, კიდევ შეძლებდა თუ არა დარეკვას. იმავე დღეს გოგონამ მესამედ დარეკა და იკითხა, მიდიოდა თუ არა პოლიცია მის დასახმარებლად. როგორც შემდგომ გამოვლინდა, ოპერატორმა გულგრილობა გამოიჩინა, ალექსანდრას უთხრა, რომ მის გარდა ძალიან ბევრი ადამიანი რეკავდა და ყველას ზარისათვის უნდა ეპასუხა. მან გატაცებულ გოგონას უპასუხა, რომ მაშველებს დალოდებოდა, რომლებიც 2-3 წუთში ადგილზე გამოჩნდებოდნენ. ამის შემდეგ ალექსანდრას რამდენჯერმე დაურეკეს, მაგრამ ის უკვე ზარებს აღარ პასუხობდა.

პოლიციამ საქმის გამოძიება შეტყობინების შესვლიდან 12 საათის შემდეგ დაიწყო. 

მისი ადგილსამყოფელის ზუსტად დადგენა ვერ მოხერხდა. პოლიცია 3 სხვადასხვა ლოკაციაზე მუშაობდა, მაგრამ გატაცებული გოგონა არსად აღმოჩნდა. მოზარდის გატაცებიდან 2 დღის შემდეგ, 26 ივლისს გამტაცებლის კვალზე გავიდნენ. ეჭვმიტანილი 65 წლის გეორგე დინკა იყო. კაცმა ორი გოგონას გატაცება და მკვლელობა აღიარა, მაგრამ დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ალექსანდეა მაჩეშანუს შესახებ არაფერი იცოდა.

მამაკაცის ეზოში ძვლები, ფერფლი, სხვადასხვა ნამსხვრევი იპოვეს. პოლიციამ ივარაუდა, რომ მანიაკი, მას შემდეგ, რაც მსხვერპლს გააუპატიურებდა, კლავდა და გვამს წვავდა. ხანგრძლივი ძიების შემდეგ, მის ეზოში 15 წლის ალექსანდრას ცხედარიც აღმოჩნდა. მამაკაცი მაშინვე დააკავეს.

საქმეში არაერთი ურთიერთგამომრიცხავი დეტალი გამოიკვეთა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მაჩეშანუს კბილების ფრაგმენტებზე სტომატოლოგიური ჩარევის კვალი იყო აღმოჩენილი. მშობლები კი ამტკიცებდნენ, რომ გოგონა სტომატოლოგთან არასოდეს ყოფილა.

თავად დაწვის ფაქტიც საეჭვო ჩანდა. ვარაუდობენ, რომ მკვლელს ცხედრების განადგურებისათვის დაახლოებით რვა საათი დასჭირდა. თუმცა მეზობლები ამტკიცებენ, რომ თუ მანიაკი ამ გზით ყველა მტკიცებულების წაშლას ცდილობდა, აუცილებლად შეამჩნევდნენ ძლიერ კვამლს და საშინელ სუნს, არადა, იმ დროს ამ ტერიტორიაზე მსგავსი არაფერი შეუნიშნავთ.

პოლიციელების თქმით, მანიაკის ეზოში კიდევ ერთი გატაცებული გოგონას - ლუიზას ცხედარი აღმოაჩინეს. თუმცა, დაკავებიდან 3 წლის შემდეგ გეორგემ თქვა, რომ მას გოგონები არ დაუწვავს. მას შემდეგ, რაც გააუპატიურა, კრიმინალურ ავტორიტეტს გადასცა. კაცი ამბობდა, რომ ცრუ ჩვენების მიცემას პოლიციელები აიძულებდნენ და ფერფლი და ძვლებისა და კბილების ნაწილებიც ეზოში მათ მიიტანეს.

მოგვიანებით რუმინულმა პრესამ დაწერა, რომ დინკა კრიმინალური ქსელის ერთ-ერთი წევრი იყო, რომელიც არასრულწლოვანი მოსწავლეების გატაცებაში მონაწილეობდა. შემდეგ გატაცებულ გოგონებს სქესობრივი მომსახურებისთვის სამხედრო პერსონალისთვის დევესელოში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე აგზავნიდნენ. ჟურნალისტების თქმით, რუმინეთის სამხედრო ბაზაზე ამერიკელი სამხედროების „მომსახურების“ ქსელი 10 წელზე მეტია არსებობს. ამ ვერსიის გამოქვეყნებიდან მალევე, აშშ-ის ელჩი ჰანს კლემი რუმინეთის შინაგან საქმეთა მინისტრს  შეხვდა. შეხვედრის დეტალები არ გახმაურებულა, მაგრამ ამის შემდეგ დევესელუდან რამდენიმე ჯარისკაცი შეერთებულ შტატებში სასწრაფოდ დააბრუნეს. ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ პოლიტიკოსებს შორის საუბარი კარაკალში ჩადენილ დანაშაულებს უკავშირდებოდა.

ალექსანდრა მაჩეშანუს ბიძა ცნობილი ბიზნესმენი და პოპულარული თოქ-შოუს წამყვანია. დისშვილის გაუჩინარების შემდეგ მან ბევრ მაღალჩინოსანს, მათ შორის თავად რუმინეთის პრეზიდენტსაც სთხოვა დახმარება, მაგრამ მათგან ოფიციალური პასუხი არ მიუღიათ. შემდეგ მამაკაცმა გოგონასა და გადაუდებელი დახმარების სამსახურს შორის საუბრის ჩანაწერების მოპოვება შეძლო და ინტერნეტში გაავრცელა. ჩანაწერებში აშკარად ჩანს, რომ 15 წლის მოზარდის ნათქვამს ოპერატორი სერიოზულად არ აღიქვამს. გავრცელებულმა ჩანაწერებმა უზარმაზარი გამოხმაურება გამოიწვია და საზოგადოება აღაშფოთა.

სამართალდამცავების და თანამდებობის პირების დანაშაულებრივმა დაუდევრობამ ქვეყანაში უზარმაზარი სკანდალი გამოიწვია. 27 ივლისს ბუქარესტში აქცია გაიმართა, რომელსაც ათასობით ადამიანი ესწრებოდა. განათლების მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლეს - ქალმა თქვა, რომ ორივე გოგონა მანიაკს მანქანაში საკუთარი სურვილით ჩაუჯდა. თანამდებობები დაკარგეს ეროვნული პოლიციის უფროსმა, ოლქის რაიონის პოლიციის უფროსმა და რაიონის პრეფექტმა.

2022 წლის სექტემბერში სასამართლომ გეორგე დინკას ოცდაათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და დაზარალებულთა ოჯახებისთვის კომპენსაციის სახით 700 ათასი ევროს ოდენობით გადახდა დაავალა. პარალელურად, ალექსანდრასა და კიდევ ერთი გატაცებული გოგონას ოჯახი ამბობს, რომ შვილების გარდაცვალებაში ეჭვი დღემდე ეპარებათ და განსხვავებულ ვერსიებსაც განიხილავენ.