„ხელოვნებასთან კავშირი არ აქვს“ - ვინ არის და რას საქმიანობს რუსკა ქარქაშაძის რჩეული

რუსკას რჩეული

სერიალის "ხელოვნური სუნთქვა" გადაღებები 6 წლის შემდეგ განახლდა. რუსკა ქარქაშაძე, რომელიც სულ პირველად ჟურნალმა „გზამ“ ჩაწერა, ახალ ისევ  "გზის" რესპონდენტია.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან

- უეცრად მოსულ პოპულარობას, მაშინ პატარა გოგო, როგორ აღიქვამდი?

- ძალიან მიხაროდა, მაყურებლისგან ბევრ დადებით ემოციას ვიღებდი, ეს ყველაზე კარგი ნაწილი იყო. სერიალი რომ გავიდა, მეორე დღეს სხვა რეალობაში გავიღვიძე. მაშინ, ასაკიდან გამომდინარე ან გადასაღებ მოედანზე ვიყავი, ან - სკოლაში, ან - სახლში, ფართო საზოგადოებასთან კონტაქტი ნაკლებად მქონდა. როცა ქუჩაში გავედი და დადებითი ემოციის ზღვა წამოვიდა, ძალიან ბედნიერი ვიყავი, მსიამოვნებდა. ჩემი სოციალური ქსელი აფეთქდა, მეგობრობის უამრავი მოთხოვნა მომივიდა, ყველა მწერდა, კომენტარს მიტოვებდა; ვცდილობდი, ყველასთვის მეპასუხა, უყურადღებოდ არავინ დამეტოვებინა, მაგრამ მალე მივხვდი, ეს შეუძლებელი იყო.

- 6 წლის შემდეგ, როდესაც იმავე როლით ბრუნდები გადასაღებ მოედანზე, მაგრამ უკვე სხვა გამოცდილებით, ახლა რას გრძნობ?

კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას. ამ სერიალს სხვა თამასა აქვს და არ გვაქვს უფლება ხარისხი დავაგდოთ. მაყურებელი ინტერესით ელოდება, ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს. მთელი შემოქმედებითი ჯგუფი ვეცდებით, მაყურებელს იმედი არ გავუცრუოთ. როცა სერიალი გადიოდა, პარალელურად ხდებოდა გადაღებები. ეს იმდენად შრომატევადი საქმე იყო, სერიებს ვერც ვუყურებდი. გადასაღებ მოედანზე გვიღამდებოდა და გვითენდებოდა. ყველა სერია დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ ვნახე.

- შეყვარებული ხარ, ამას არ მალავ. შეყვარებული რუსკა როგორია, შენში ახალი რა აღმოაჩინე?

- როცა ამ მდგომარეობაში ხარ, ბუნებრივია, გარშემო ყველაფერს სხვაგვარად უყურებ, უფრო ბედნიერი ხარ, უფრო მოტივირებული, გაორმაგებული ძალებით - მე ასეთი ვარ.

- შენს რჩეულზე რას გვეტყვი?

- ბევრს ვერაფერს. ძალიან კარგი ადამიანია, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ბევრი საერთო ღირებულება გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ძალიან დაკავებული ვართ, ვახერხებთ იმას, რომ ერთმანეთს დრო დავუთმოთ.

- ის რას საქმიანობს?

- შოუბიზნესთან და ხელოვნებასთან კავშირი არ აქვს. ბიზნესის სფეროში საქმიანობს.