ყირიმის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო აეროდრომი იწვის - მედია

ყირიმის ნახევარკუნძული

მედიის ცნობით, ყირიმის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო აეროდრომი იწვის.

როგორც გამოცემა „ასტრა“ და ადგილობრივი ტელეგრამ-არხები იუწყებიან, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ჩრდილოეთით, ჯანკოეში, 17 აპრილს, ღამით აფეთქების ხმა გაისმა, რასაც მოჰყვა მასშტაბური ხანძარი, რომელიც სამხედრო აეროდრომზე გაჩნდა.

უკრაინული მედიის ცნობით, აფეთქებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ყირიმის ნახევარკუნძულზე საჰაერო შეტევის მანიშნებელი სიგნალი ჩაირთო. აფეთქების მიზეზებისა და შედეგების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

„რადიო თავისუფლების“ ცნობით, ჯანკოეში მდებარეობს რუსეთის ფედერაციის მოქმედი აეროდრომი, სადაც დისლოცირებულია რუსეთის 27-ე შერეული საავიაციო დივიზიის ვერტმფრენების 39-ე პოლკი, ასევე, სამხრეთის სამხედრო ოლქის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემები.

ამასთან, უკრაინული მედია იუწყება, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ფართომასშტაბიანი ომის პერიოდში რუსეთმა ეს აეროდრომი ლოგისტიკურ ცენტრად და სამხედრო ბაზად გადააქცია.