პარიზში გადასული „ნეაპოლის პრინცი“ მზადაა, მეფის ტახტი დაიკავოს - Ballon d’Or ხვიჩა კვარაცხელიაზე

კვარაცხელია

Ballon d’Or-ის ოფიციალური ვებ-გვერდი „ოქროს ბურთის“ ნომინანტებზე წერილს აქვეყნებს. ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს:

„ქართველი ფეხბურთელი ნომინანტებში „პარი სენ-ჟერმენში“ ჩატარებული შესანიშნავი სეზონის შედეგად მოხვდა. ეს ხვიჩა კვარაცხელიას კარიერაში მესამედ ხდება. წარმოგიდგენთ 2025/26 წლების სეზონში მის განვლილ გზას.

2026 წლის აპრილში, მიუნხენის „ბაიერნთან“ გიჟურ მატჩში, კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა. საპასუხო შეხვედრაში კი საგოლე პასი გაუკეთა უსმან დემბელეს და გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 7 შეხვედრაში საგოლე მოქმედება შეასრულა (გოლი ან საგოლე გადაცემა).

ერთი კვირის შემდეგ კი „პარი სენ-ჟერმენს“ ქვეყნის ჩემპიონატის მოგებაშიც დაეხმარა. ეს თვე განსაკუთრებულად წარმატებული იყო კვარაცხელიასთვის, რომელიც „პარი სენ-ჟერმენს“ 2025 წლის იანვარში 80 მილიონ ევროდ შეუერთდა.

კვარაცხელია დაიბადა და გაიზარდა საქართველოს დედაქალაქ თბილისში. მას ყველაფერი შეუძლია – ფინტები, დრიბლინგები, ორივე ფეხით თამაშობს. შეუძლია ყველაზე სწრაფი მცველიც კი ჩამოიტოვოს. ასეთ ეპიზოდებშიც ლამაზად თამაშობს. ის ერთდროულად ჭკვიანიც არის და მეტოქეებისთვის დამანგრეველიც. ამის გათვალისწინებით, სულაც არაა გასაკვირი, რომ „ნაპოლის“ გულშემატკივრებმა ის თვით დიეგო მარადონას შეადარეს. „კვარადონა“ სერია A-ში ნამდვილად მაგიური იყო.

კვარაცხელიას განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ფეხბურთელად კრეატიულობა ხდის. კვირიდან კვირამდე ახალი მწვერვალების დაპყრობა შეუძლია. სტატისტიკა მის შრომისმოყვარეობასაც უსვამს ხაზს. გოლები, საგოლე პასები, ზუსტი გადაცემები – ეს ყველამ ვიცით. მაგრამ მისი სტატისტიკური მაჩვენებელი უფრო მცველებისთვის არის დამახასიათებელი.