რობერტ დე ნირომ კანის კინოფესტივალის საპატიო „ოქროს პალმის რტო“ მიიღო

რობერტ დე ნირო

საფრანგეთში, კანის 78-ე კინოფესტივალი გაიხსნა, რომელზეც მსახიობ რობერტ დე ნირომ საპატიო „ოქროს პალმის რტო“ მიიღო. ჯილდო მას ლეონარდო დიკაპრიომ გადასცა.

ჯილდო დე ნიროს მსოფლიოს კინემატოგრაფის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის მიანიჭეს. სცენაზე 81 წლის მსახიობმა აღნიშნა, რომ კანის კინოფესტივალი აერთიანებს მთხრობელებს, რეჟისორებს, თაყვანისმცემლებსა და მეგობრებს. „ეს სახლში დაბრუნებასავითაა“, - დასძინა მან.

მსახიობმა ასევე გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც ამერიკის საზღვარგარეთ წარმოებულ ყველა ფილმზე ტარიფების დაწესების ინიციატივით გამოვიდა. დე ნიროს თქმით, ეს მიუღებელია.

კანის 78-ე კინოფესტივალი 13-24 მაისს გაიმართება. ჟიურის წელს ფრანგი მსახიობი ჟიულეტ ბინოში ხელმძღვანელობს.