1733169705
„დედა მოგვ***ა“ - ფაქტები და შეფასებები ტრამპისა და ბაიდენის დებატებზე
27 ივნისს, ატლანტაში, ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის დებატები გაიმართა. ეს ბაიდენის და ტრამპის პირველი და საკმაოდ ნაადრევი საჯარო დაპირისპირებაა 2024 წლის საარჩევნო სამზადისში.
დემოკრატები პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დებატებზე გამოსვლის გამო სასოწარკვეთილები არიან.
საზოგადოების ნაწილი ისტორიულ დებატებს კატასტროფულს უწოდებს და ამბობს, რომ პრეზიდენტმა პოზიციები დათმო ისეთ საკითხებზეც კი, რომლებშიც დემოკრატებს უპირატესობა ჰქონდათ. აი რას წერს CNN-ი.
„როგორც ჩანს, დემოკრატებს მხოლოდ რამდენიმე წუთი დასჭირდათ იმის გასააზრებლად, თუ რამდენად ცუდად არის ყველაფერი.
„ბაიდენი საშინლად გამოიყურება. აბნეულია“, - განაცხადა ერთ-ერთმა დემოკრატმა, რომელიც გარკვეული პერიოდი ბაიდენის ადმინისტრაციაში მუშაობდა. „საშინელებაა“, - თქვა პარტიის სხვა წარმომადგენელმა.
ერთმა დემოკრატმა კი, რომელიც საარჩევნო კამპანიაზე მუშაობს, თქვა: „დედა მოგვე***ა“, - წერს CNN-ი.
The Guardian-ი და მისი ექსპერტები ამერიკის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების დებატებს აფასებენ. ბრიტანული გამოცემა წერს, რომ თეთრი სახლის მოქმედი ხელმძღვანელის გამოსვლა იმდენად არადამაჯერებელი იყო, რომ დემოკრატები მისი კანდიდატურის მოხსნაზეც კი ფიქრობენ.
„ის ფაქტი, რომ ლიბერალური წრეები საუბრობენ იმის შესახებ, შეიძლება თუ არა მოქმედი პრეზიდენტის [კანდიდატურის] ჩანაცვლება მაშინ, როდესაც მან შიდაპარტიული პრაიმერიზი მოიგო, გვიჩვენებს, რამდენად უჭირთ „დემოკრატებს“ დებატების შემდეგ იმის დადასტურება, რომ ბაიდენს ქვეყნის მართვა შეუძლია. ბევრს აინტერესებს, უნდა აწარმოოს თუ არა „დემოკრატიულმა პარტიამ“ სერიოზული დისკუსიები იმის თაობაზე, თუ რა შეიძლება კიდევ გაკეთდეს ამის [ბაიდენის ჩანაცვლების] ნაცვლად“, - აღნიშნავენ გამოცემაში.
BBC აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატების დებატების პირველ რაუნდს აფასებს. გამოცემა წერს, რომ თეთრი სახლის მოქმედი მმართველის გამოსვლამ მის ასაკთან დაკავშირებული შიშები გაამძაფრა.
„მართლა არ ვიცი რა თქვა ამ წინადადების ბოლოს და, ვფიქრობ, მანაც არ იცის“, - აღნიშნა ტრამპმა ბაიდენის ერთ-ერთი პასუხის შემდეგ. „შესაძლოა, ეს პასუხი იყოს მთელი ღამის შეჯამება“, - წერს BBC და დასძენს, რომ დებატების მსვლელობისას, ბაიდენი უფრო კონცენტრირებული გახდა.
რაც შეეხება ტრამპს, ის უფრო დისციპლინირებული იყო, ვიდრე 2020 წლის დებატებში. ის არ აწყვეტინებდა სიტყვას ოპონენტს. თუმცა ტრამპი სუსტად გამოიყურებოდა, როცა საუბრობდა აბორტების აკრძალვაზე და პირად სკანდალებზე.
მე ჩავკეტე საზღვრები და გვქონდა ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ისტორიაში, ახლა კი ყველაზე საშინელი საზღვარი გვაქვს, - თქვა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
გარდა ამისა, დონალდ ტრამპმა ბაიდენს კრიმინალი უწოდა.
„ეს კაცი კრიმინალია. ის იღბლიანია. მე არაფერი ჩამიდენია არასწორი. ჩვენ გვაქვს სისტემა, რომელიც არის გაყალბებული და ამაზრზენი“, – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კი აღნიშნა, რომ სცენაზე ერთადერთი გასამართლებული დამნაშავე დონალდ ტრამპია. ბაიდენის თქმით, მოსაზრება, რომ მან რამე დანაშაული ჩაიდინა, აღმაშფოთებელია.
დონალდ ტრამპმა მოქმედ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ასევე წუწუნა უწოდა და უთხრა, რომ არც ქვეყანაში და არც მსოფლიოში არ სცემენ პატივს. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ბაიდენს პატივს სამხედროებიც არ სცემენ.
„როგორც ბევრი პოლიტიკოსი, ეს კაცი უბრალოდ წუწუნაა. მან თქვა: „ჩვენ ამას გავაკეთებთ, ჩვენ იმას გავაკეთებთო“, გვინდა მოვიშოროთ ეს გადასახადები, თუმცა არაფერს აკეთებს. რასაც ეს კაცი აკეთებს, არის ის, რომ ჩვენი ქვეყანა აღარ არის უსაფრთხო მილიონობით ადამიანის შემოშვების გამო. ჩვენი სამხედროები მას პატივს არ სცემენ. სულელებივით გამოვიყურებით ავღანეთში. ვერ აღვკვეთეთ ისრაელში მომხდარი, ეს იყო ისეთი საშინელება, რაც არასდროს უნდა მომხდარიყო. ირანი გაკოტრებული იყო. ყველა, ვინც ირანთან საქმიანობდა, მათ შორის ჩინეთი, აშშ-სთან საქმიანობას ვეღარ აწარმოებდნენ. ირანი გაკოტრებული იყო, მათ არ ჰქონდათ ფული „ჰამასისთვის“ ან „ჰეზბოლასთვის“, ტერორისთვის,- მიმართა ტრამპმა ბაიდენს.
ყველაზე დამაჯერებელი ჯო ბაიდენი აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას იყო, როდესაც ნატოს მნიშვნელობაზე, უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთის წინააღმდეგ მოქმედების აუცილებლობაზე საუბრობდა.
„ფაქტი ისაა, რომ პუტინი ომის დამნაშავეა! მას ასიათასობით ხალხი ჰყავს მოკლული. და ერთადერთი, რასაც არ მალავს, არის ის, რომ საბჭოთა იმპერიის აღდგენა სურს. მთელი უკრაინა უნდა. შენ რა გგონია, მანდ გაჩერდება“?! - მიმართა ტრამპს.
კითხვაზე, აღიარებს თუ არა 2024 წლის არჩევნების შედეგებს დონალდ ტრამპი, მან თქვა რომ აღიარებს იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები „სამართლიანი და კანონიერი“ იქნება.
მან არაერთხელ გაიმეორა ცრუ ინფორმაცია 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების „გაყალბების“ შესახებ, - რაზეც მისი საარჩევნო კამპანია ხშირად ფოკუსირდება.
„სიენენის“ ინფორმაციით, რეგისტრირებული ამომრჩევლების უმრავლესობა, რომლებიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის და რესპუბლიკელი კანდიდატის დონალდ ტრამპის დებატებს უყურებდნენ, მიიჩნევენ, რომ დებატებს დონალდ ტრამპმა უკეთ გაართვა თავი.
გამოკითხულთა 67 % ამბობს, რომ ტრამპმა საკუთარი პოზიციები უფრო მკაცრად გამოხატა, 33 % კი თვლის, რომ ეს ბაიდენმა უფრო კარგად გააკეთა.
გამოკითხულთა 57 % თვლის, რომ ისინი არ ენდობიან ბაიდენის შესაძლებლობებს, მართოს ქვეყანა, ხოლო 44 % აცხადებს, რომ ამ მხრივ მათ ტრამპის მიმართ არ აქვთ ნდობა. ამ მიმართულებით მაღალი მაჩვენებელი არცერთ კანდიდატს აქვს, თუმცა დებატების მაყურებელთა 36% ამბობს, რომ ისინი ქვეყნის მართვაში დონალდ ტრამპს ენდობიან, მხოლოდ 14 % კი ამ მხრივ ჯო ბაიდენს ენდობა.
თავად აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავის მეტოქესთან, დონალდ ტრამპთან გამართულ დებატებს გამოეხმაურა და თქვა, რომ მან კარგად გაართვა თავი.
„რთულია დებატები მატყუარასთან. მან 26-ჯერ მოიტყუა, დიდი ტყუილები თქვა“, – განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ პარტიამ საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა შეცვალოს.
დემოკრატმა სტრატეგმა, ტერინ ბონდმა Sky News-სთან საუბარში თქვა, რომ ჯო ბაიდენის ნაცვლად პრეზიდენტობის კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი არ უნდა დასახელდეს, რადგან ქვეყანა შავკანიანი ქალის პრეზიდენტობსთვის მზად არ არის.
მისი თქმით, კარგი კანდიდატები იქნებოდნენ კალიფორნიის გუბერნატორი, გეივინ ნიუსომი და მიჩიგანის გუბერნატოი გრეტჩენ უიტმერი“, – განაცხადა ტერინ ბონდმა.
„კი, ეს იყო ნელი დასაწყისი, მაგრამ იქნება ძლიერი დასასრული“, - თქვა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა CNN-თან ინტერვიუში.
ნანა ჩხაიძე