„საქართველოს ხმაში“ რეკორდი მოხსნილია — ვინ არის გოგონა, რომელმაც ჟიური და მაყურებელი ერთად მოხიბლა
1747130314
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში ქმრის მიერ მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვას საქმეს უზენაეს სასამართლოში ასაჩივრებენ.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მსჯავრდებული ასიმ სადიკოვი ორი ინსტანციის მიერ გამოტანილ უვადო პატიმრობის განაჩენს არ ეთანხმება და სასჯელის ზომის შეცვლას ითხოვს.
სადიკოვის ადვოკატი, ლევან მამუკელაშვილი, რომელმაც თელავის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, მედიასთან კომენტარზე უარს ამბობს.
„ვერაფერს გეტყვით, კომენტარს ვერ გავაკეთებ. სააპელაციო საჩივრის ავტორი მე ვარ, მაგრამ უზენაეს სასამართლოში სხვა ადვოკატია, ვერც ვინაობას დაგისახელებთ და ვერც დაგაკავშირებთ. რა არგუმენტით ვითხოვდით სასჯელის შეცვლას, ვერც ამაზე გეტყვით ვერაფერს“, - განაცხადა მამუკელაშვილმა.
აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმე თელავის რაიონულ სასამართლოში, დახურულ სხდომებზე იხილებოდა, თუმცა, ინფორმირებული წყარო პრაიმტაიმს უყვება, რომ ასიმ სადიკოვი სასამართლოზე ფსიქიკურად გაუწონასწორებელ პირად თავის მოჩვენებას და მოსამართლის ამაში დარწმუნებას ცდილობდა.
„სასამართლო პროცესებზე ის თავის მოგიჟიანებას ცდილობდა. უნდოდა, სასამართლო დაერწმუნებინა, რომ ფსიქიკურად ჯანმრთელი არ არის. ხან ვითომ არაფერი ახსოვდა, ხან არ იცოდა, რა ხდება, თუმცა ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა ამბობს, რომ ის სრულად შერაცხადია“, - ჰყვება ინფორმირებული წყარო.
ასიმ სადიკოვი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, ქორწინების იძულების, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური ხასიათის შეღწევის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით გაასამართლეს.
თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მამუკა წიკლაურმა 28 წლის ასიმ სადიკოვს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მსჯავრდებულმა განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.
მიიღებს თუ არა საქმეს წარმოებაში უზენაესი სასამართლო, ცოტა ხანში გახდება ცნობილი.
ბრალდების მხარე, რომელსაც პროკურორი ვლადიმერ ბექიშვილი წარმოადგენს, ამბობს, რომ სასამართლომ სადიკოვს სასჯელი საქმეში არსებული მტკიცებულებების შესაბამისად განუსაზღვრა და მის შეცვლის მოლოდინი არ აქვს.
ცნობისათვის, 14 წლის აითაჯ შახმაროვა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა ასიმ სადიკოვმა, 2023 წლის 6 ოქტომბერს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა და ადგილიდან მიიმალა.
როგორც შემდეგ გაირკვა, მკვლელობის მიზეზი, გოგონას მხრიდან არასასურველი ქორწინებიდან თავის დაღწევის რამდენიმე მცდელობა გახდა.
ასიმ სადიკოვის გარდა, აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის, სასჯელს იხდიან სადიკოვის ბიძა და ბიძაშვილი, ასევე ქორწინების იძულებისთვის 14 წლის გოგონას დედა და ბიძა.