ლეგენდარული ნანი ბრეგვაძე 90 წლის გახდა

ნანი ბრეგვაძე

ქართული ესტრადის ლეგენდარული მომღერალი ნანი ბრეგვაძე 90 წლის გახდა. ათწლეულების განმავლობაში მისი გამორჩეული ხმა, დახვეწილი შესრულების მანერა და არისტოკრატული სტილი ქართული მუსიკალური კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, „შატო მუხრანში“ განსაკუთრებული საღამო გაიმართა, სადაც ნანი ბრეგვაძის შემოქმედება ცნობილმა ქართველმა მუსიკოსებმა და მომღერლებმა შეასრულეს. კონცერტის დასასრულს სცენაზე თავად იუბილარიც გამოჩნდა, მაყურებელს ემოციური სიტყვებით მიმართა და საღამო სიმღერით დაასრულა, რასაც დარბაზში ხანგრძლივი ოვაციები მოჰყვა.

ნანი ბრეგვაძე 1936 წლის 21 ივლისს თბილისში დაიბადა. მისი კარიერა უკვე რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. მან არაერთი თაობის სიყვარული დაიმსახურა და თავისი შემოქმედებით ქართული სიმღერა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გააჟღერა. მისი რეპერტუარი დღემდე რჩება ქართული მუსიკის ოქროს ფონდში.