მარკ რუტე

პოლიტიკა • 1790830925

,,ნატოს ტერიტორიას ამჟამად უშუალო საფრთხე არ ემუქრება" - მარკ რუტე

 ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ Euronews-ს განუცხადა, რომ ალიანსის ტერიტორიას ამჟამად უშუალო საფრთხე არ ემუქრება. მან ასევე დასძინა, რომ რუსეთის ბირთვულ მუქარებს სერიოზულად არ აღიქვამს, რადგან მოსკოვი ნატოსთან დაპირისპირების შემთხვევაში გამარჯვებას ვერ შეძლებს."ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით, ყველაფერი დავგეგმეთ და ეს მთელ ნატოს ეხება. ჩვენ დავიცავთ ნატოს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს. ამჟამად ასეთი საფრთხე არ არსებობს, მაგრამ თუ რამე მოხდება, ჩვენ მზად ვართ, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ", - განაცხადა რუტემ ბრიუსელში, თავდაცვისა და კოსმოსისადმი მიძღვნილ Euronews-ის სამიტზე.როგორც Euronews-ი წერს, ეს განცხადება მოჰყვა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსეთმა ნატოს წერილი გაუგზავნა, რომელშიც აფრთხილებდა კალინინგრადის ანკლავის რუსეთის ტერიტორიისგან მოწყვეტის ნებისმიერი მცდელობისგან თავის შეკავების შესახებ. მოსკოვმა განაცხადა, რომ მზადაა გამოიყენოს თავისი მთელი არსენალი, მათ შორის ბირთვული იარაღი."ჩვენ თავდაცვითი ალიანსი ვართ. შეწყვიტეთ ბირთვული მუქარა. ის სრულიად შეუფერებელია და არანაირი სიკეთე არ მოაქვს. კერძოდ, შეწყვიტეთ ომი უკრაინაში - არაპროვოცირებული, აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ", - განაცხადა რუტემ.რუტემ უარი თქვა წერილის შინაარსის გამჟღავნებაზე და აღნიშნა, რომ ეს რუსული მხარის პასუხისმგებლობაა. მან უარყო ნებისმიერი მინიშნება კონკრეტული ბირთვული საფრთხის ან ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ ესკალაციის რისკის შესახებ."ყველამ იცის, რომ ის [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი] ვერასდროს შეძლებს ნატოს დამარცხებას. მე ამას სერიოზულად არ აღვიქვამ. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ და ნათლად განვაცხადოთ, როგორც უკვე ვთქვი, რომ ნატო თავდაცვითი ალიანსია და ჩვენ ასევე უნდა ვიმუშაოთ უკრაინაში ომის დასასრულებლად და ბირთვული მუქარების შესაჩერებლად", - თქვა მან.ნატოს გენერალურმა მდივანმა განმარტა, რომ რუსეთი ყოველთვიურად ფრონტის ხაზზე 43 000 ჯარისკაცს კარგავს, რომლებიც მოკლეს ან მძიმედ დაიჭრნენ. მან დასძინა, რომ კიევის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო და მოკავშირეები კვლავ აგრძელებენ სამხედრო მხარდაჭერის გაწევას.რუტეს თქმით, ნატომ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს, უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელოს და თავდაცვის სფეროში ინვესტიციები გაზარდოს."რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ თავს დავიცავთ. მაგრამ რაც მთავარია, ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ უკრაინაში ომი მისთვის [პუტინისთვის] ცუდად მიმდინარეობს. მას ჩვენი გახლეჩა სურს. მას სურს, რომ უკრაინას ყურადღება აღარ მივაქციოთ", - განაცხადა რუტემ.

რუსული გაზი

მსოფლიო • 1790793895

რუსეთიდან სერბეთში გაზის მიღების შესახებ კონტრაქტი წლის ბოლომდე გახანგრძლივდა

სერბეთმა და რუსეთმა ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ შეთანხმების მოქმედების ვადა სამი თვით, წლის ბოლომდე გაახანგრძლივეს.სერბეთის სახელმწიფო გაზის კომპანიის ხელმძღვანელმა, დუშან ბაიატოვიჩმა განაცხადა, რომ შეთანხმება იმავე „ხელსაყრელი პირობებით“ გაგრძელდება.გასულ კვირას სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა და შეთანხმების გაგრძელების იმედი გამოთქვა.ვუჩიჩის თქმით, ამ შემთხვევაში სერბეთი შეძლებს, კვლავ ისარგებლოს „ხელსაყრელი, დაბალი ფასით“.ბელგრადი დიდწილად რუსული აირის მიწოდებაზეა დამოკიდებული, თუმცა 2025 წელს სამწლიანი კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ ქვეყანამ რუსეთთან გრძელვადიანი შეთანხმება ვერ დადო. მას შემდეგ მოქმედ შეთანხმებას მოკლევადიანად ახანგრძლივებენ.

კიევი

მსოფლიო • 1790744821

რუსეთმა კიევი ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა. დაიღუპა ორი ადამიანი

 რუსეთმა გვიან ღამით კიევზე რაკეტებითა და დრონებით იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა, იუწყება უკრაინული მედია.მედიის ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად უკრაინის დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხდა.რუსეთი უკრაინის დედაქალაქ რამდენიმე დღეა განუწყვეტლივ ბომბავს. ადგილობრივი დროით, დაახლოებით, ღამის 3 საათზე კიევში ათზე მეტი აფეთქების ხმა გაისმა. მანამდე უკრაინის საჰაერო ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დედაქალაქისკენ ბალისტიკური რაკეტები მიემართებოდა. ქალაქში საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის ხმაც ისმოდა, წერს მედია.უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად კიევის სვიატოშინის რაიონში ორი ადამიანი დაიღუპა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, რომელთა რაოდენობა, სულ მცირე, ათს შეადგენს.პოდოლსკის რაიონში არასაცხოვრებელ შენობასა და საწყობს ცეცხლი გაუჩნდა. ამასთან, ქალაქის პეჩერსკის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია.რუსეთის თავდასხმის შედეგად მსხვერპლია კიევის ოლქშიც. ვიშგოროდში, დანგრეული საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში, სულ მცირე, ერთი დაღუპული ბავშვი იპოვეს. დაშავდნენ ქალი და მამაკაცი.კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ტიმურ ტკაჩენკოს ცნობით, ქალაქ ბუჩაში თავდასხმის შედეგად 11 ავტომობილი, ორი საწყობი და სამი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. 

რუსეთმა უკრაინაზე ხომალდსაწინააღმდეგო და ბალისტიკურ რაკეტებით იერიში მიიტანა

ომი უკრაინაში • 1790662080

რუსეთმა უკრაინაზე ხომალდსაწინააღმდეგო და ბალისტიკურ რაკეტებით იერიში მიიტანა

29 სექტემბრის ღამეს, რუსეთმა უკრაინაზე იერიშები ხომალდსაწინააღმდეგო და ბალისტიკურ რაკეტებით, ასევე დრონებით მიიტანა.უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა თავდასხმისას „ცირკონი“, „ონიქსი“,  „ისკანდერ-M“ და „S-400“ გამოიყენეს. ამასთან, უწყების ცნობით, უკრაინულმა ძალებმა 152 დრონიდან 109 საჰაერო საშუალება ჩამოაგდო.მედია უკრაინის საჰაერო თავდაცვაზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმები 28 სექტემბრის საღამოს 18:00 საათიდან დაიწყო. უკრაინის მიმართ იერიშები რუსეთის ქალაქებიდან, ორიოლიდან, მილეროვოდან და კურსკიდან მიიტანეს. ამასთან, თავდასხმები მიიტანეს დროებით ოკუპირებული დონეცკიდან და დროებით ოკუპირებული ყირიმიდან.როგორც ცნობილია, რუსულმა ძალებმა სამიზნედ 24 ადგილი ამოიღეს, 16 ლოკაციაზე კი ნამსხვრევები ჩამოვარდა. ბალისტიკური რაკეტების საფრთხის გამო კიევსა და უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო თავდასხმის შესახებ გაფრთხილებები გამოცხადდა. იერიშების შედეგად კიევში საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ შენობებში ხანძარი გაჩნდა.

ლავროვი

მსოფლიო • 1790444070

მედია: გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი 2022 წლის შემდეგ ლავროვს პირველად შეხვდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს 2022 წლის შემდეგ პირველად შეხვდა, - წერს გერმანული გამოცემა Die Zeit.გამოცემის ინფორმაციით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰან ვადეფულმი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდნენ.აქვე აღნიშნულია, რომ შეხვედრა, სავარაუდოდ, გერმანული მხარის ინიციატივით შედგა და ის 15 წუთს გაგრძელდა.შეხვედრა გაეროს შენობის რუსეთის მხარეს მდებარე საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.შეხვედრის შემდეგ გამოცემისთვის ცნობილი გახდა, რომ ვადეფულმა რუს კოლეგას მოუწოდა, რუსეთმა შეწყვიტოს ესკალაცია გერმანიის, ევროპისა და ნატოს მიმართ.

რუსეთის ცესკო

მსოფლიო • 1790342460

რუსეთის ცესკო-მ სახელმწიფო დუმის არჩევნები შეაჯამა – პარტიამ „ედინაია რასია“ პარლამენტში 349 ადგილი მოიპოვა

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სახელმწიფო დუმის არჩევნების  შედეგები შეაჯამა.საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ელა პამფილოვას განცხადებით, პარტია „ედინაია რასია“ სახელმწიფო დუმაში 349 ადგილი მოიპოვა. მათგან 140 ფედერალური სიიდან და 209 – ერთმანდატიანი ოლქებიდან.რაც შეეხება სხვა პარტიებს, „კომუნისტურმა პარტიამ“ – 37, ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ – 23, „ახალმა ხალხმა“ – 19, „სამართლიანმა რუსეთმა“ – 17, ხოლო პარტია „როდინამ“ ერთი ადგილი მოიპოვა. სახელმწიფო დუმაში ადგილი ასევე მოიპოვა ოთხმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა.ამასთან, პამფილოვას განცხადებით, მეცხრე მოწვევის სახელმწიფო დუმის არჩევნებში ამომრჩეველთა 59.8%-ზე მეტმა მიიღო მონაწილეობა, რაც, მისი თქმით, ბოლო სამი საპარლამენტო კამპანიის რეკორდული მაჩვენებელია.ცნობისთვის, რუსეთში საპარლამენტო არჩევნები 18-20 სექტემბერს გაიმართა. საპარლამენტო არჩევნებში სულ ათი პარტია მონაწილეობდა. რუსეთის პარლამენტში 450 ადგილია. მათი ნახევარი პროპორციული წესით, დანარჩენი კი ერთმანდატიანი ოლქებიდან აირჩიეს. პარლამენტში მოსახვედრად ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვა იყო საჭირო.

დენის შმიგალი

მსოფლიო • 1790318217

შმიგალი: უკრაინამ მიიღო ორი დოკუმენტი, რომლებშიც დეტალურადაა აღწერილი რუსეთის გეგმები მიმდინარე ზამთარში ენერგოსისტემაზე თავდასხმის შესახებ

უკრაინამ მიიღო ორი დოკუმენტი, რომლებშიც დეტალურადაა აღწერილი რუსეთის გეგმები მიმდინარე ზამთარში ენერგოსისტემაზე თავდასხმის შესახებ, – ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.მისი თქმით, დოკუმენტებში დეტალურად არის აღწერილი, რომელი ობიექტების, რა რაოდენობითა და რა ტიპის იარაღით დაბომბვას გეგმავს რუსეთი.„გასულ კვირას ჩვენმა სპეცსამსახურებმა რუსული მხარისგან მიღებული მასალები გადმოგვცეს. ეს არის რუსი ტერორისტების ამ ზამთრის სამოქმედო სტრატეგია“, – განაცხადა შმიგალმა.უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, რუსეთი კომპლექსური დარტყმებისთვის ემზადება, მათ შორის, გათბობისა და წყალმომარაგების სისტემებზე, ინფრასტრუქტურასა და ელექტროენერგიის გამომუშავების ობიექტებზე.„იქ ორი ვრცელი დოკუმენტია, ყველაფერი ძალიან მკაფიოდ და დეტალურად არის გაწერილი. ცხრილებში მითითებულია თითოეული ობიექტის გასანადგურებლად საჭირო იარაღის რაოდენობა და სახეობები. ჩვენ გვესმის, როგორ იმოქმედებენ ისინი“, – აღნიშნა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა.შმიგალის თქმით, რუსეთის გეგმებში ცალკე არის გათვალისწინებული მსხვილ ქალაქებთან დაკავშირებული გეგმებიც, მათ შორის კიევზე, ხარკოვზე და ოდესაზე, ასევე ქალაქებზე, რომელთა მოსახლეობაც ნახევარ მილიონს აღემატება.მინისტრის განცხადებით, უკრაინა ზამთრისთვის და რუსეთის შესაძლო თავდასხმებისთვის ემზადება. მისივე თქმით, უკვე აშენებულია 200-ზე მეტი კაპიტალური, ბეტონის დამცავი ნაგებობა იმ ობიექტებზე, რომლებიც რუსეთმა პრიორიტეტულ სამიზნეებად განსაზღვრა.შმიგალის განცხადებით, უკრაინა პარტნიორებთან ერთად ასევე მუშაობს საჭირო აღჭურვილობის შესყიდვასა და მარაგების შექმნაზე, რათა შესაძლო თავდასხმების შემდეგ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა ოპერატიულად შეძლოს.შმიგალმა აღნიშნა, რომ ენერგეტიკის მთელი სისტემის ბეტონის კონსტრუქციებით დაცვა შეუძლებელია.„რა თქმა უნდა, დღეს საჰაერო თავდაცვა 90-პროცენტიან დაცვას უზრუნველყოფს, მაგრამ ათასობით რაკეტისა და დრონის შემთხვევაში, დარჩენილი 10 პროცენტიც კი ძალიან მტკივნეულია“, – განაცხადა შმიგალმა.

დონალდ ტუსკი

მსოფლიო • 1790271835

დონალდ ტუსკი: პუტინის მიწვევა G20-ის სამიტზე რუსეთისთვის აგრესიის გაგრძელების წახალისებაა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ლიდერი, ვლადიმირ პუტინი მაიამიში G20-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია.ტუსკმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო ფორმატებში რუსეთისა და, კერძოდ, პუტინის მონაწილეობა მრავალწლიანი დისკუსიების თემაა. მან გაიხსენა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯერ კიდევ თავისი პირველი ვადის დროს იყო უკმაყოფილო იმით, რომ რუსეთის ფედერაცია G7-ის შეხვედრებში აღარ მონაწილეობდა.„თითქოს დღეს იყოს, ისე მახსოვს ხანგრძლივი დისკუსია პრეზიდენტ ტრამპთან მისი პირველი ვადის დროს... უკვე მაშინ პრეზიდენტი ტრამპი ამტკიცებდა, რომ კარგი იქნებოდა, პრეზიდენტი პუტინი მაგიდასთან მჯდარიყო, მაგრამ სხვა პარტნიორები, მათ შორის მეც - როგორც ევროპული საბჭოს მაშინდელი თავმჯდომარე - ვუხსნიდით, რომ ეს რუსული აგრესიის გამართლება გახდებოდა. დღეს სიტუაცია კიდევ უფრო უარესია“, - განაცხადა ტუსკმა.პოლონეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ მხარს დაუჭერდა ამას, კრემლის ხელმძღვანელის ამ შეხვედრაში მონაწილეობას უკრაინაში მშვიდობა რომ დაეახლოებინა.თუმცა, ტუსკის თქმით, რუსეთმა ეს ნაბიჯი შესაძლოა აღიქვას როგორც წახალისება თავისი აგრესიის გასაგრძელებლად.

ნუკრი შოშიაშვილი

პოლიტიკა • 1790259377

ნუკრი შოშიაშვილი სანქცირებულთა სიიდან ორი რუსი ოლიგარქის ამოღებასთან დაკავშირებით: ეს შეიძლება იქნას გაგებული, როგორც მესიჯი რუსეთისთვის, რომ ევროპა მზად არის გარკვეულწილად სანქციები მოხსნას და დაარბილოს ურთიერთობები რუსეთთან მაგრამ რუსეთმაც უნდა დათმოს

ეს შეიძლება იქნას გაგებული, როგორც მესიჯი რუსეთისთვის, რომ ევროპა მზად არის გარკვეულწილად სანქციები მოხსნას და დაარბილოს ურთიერთობები რუსეთთან მაგრამ რუსეთმაც უნდა დათმოს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ისტორიკოსმა ნუკრი შოშიაშვილმა სანქცირებულთა სიიდან ორი რუსი ოლიგარქის ამოღებასთან დაკავშირებით.მისი თქმით, სანქცირებულთა სიიდან რუსი ოლიგარქების ამოღება შესაძლოა ატარებდეს ფარულ მესიჯს რუსეთისთვის.„ეს შეიძლება ორნაირად იქნას გაგებული. ერთი ის, რომ თვითონ რუსეთისთვის მესიჯი, რომ ევროპა მზად არის გარკვეულწილად, რომ სანქციები მოხსნას, რაღაც შემთხვევაში და დაარბილოს ურთიერთობები რუსეთთან და აღადგინოს ეს ურთიერთობები მაგრამ რუსეთმაც უნდა დათმოს.ჩვენ ვნახეთ, ლავროვის გამოსვლა. ლავროვი ხისტი არის ამ განცხადებებში და ძველ ნარატივებს აგრძელებს. ამ შემთხვევაში ეს არის ერთი მხრივ მცდელობები და მეორე მხრივ, მინიშნება, რომ რუსულ ოლიგარქიას შეიძლება ჰქონდეს იმედი დასავლეთის თუ კი ის რაღაც სხვა გზას დაადგება. ასეთი ფარული მესიჯი შეიძლება ამაში დავინახოთ მაგრამ მთავარი არის აქ ის, რომ ეს არის მნიშვნელოვანი მცდელობა, რომელიც მშვიდობისკენ არის ორიენტირებული. არ არის იმისკენ ორიენტირებული, რომ რაღაც გაამძაფროს. ჩვენ ვნახეთ წინა წლების შეხვედრები გაეროში და იქ სულ სხვა რიტორიკა იყო. დაღლა ომისგან არის გაზრდილი, ეს ფაქტია ხომ?! მოელიან რუსეთისგან გარკვეულწილად დათმობებს“, - განაცხადა ნუკრი შოშიაშვილმა.ცნობისათვის, ევროკავშირი დათანხმდა ორი რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის სასანქციო სიიდან ამოღებას. ეს გადაწყვეტილება მიიღეს 2026 წლის სექტემბერში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრაზე, როდესაც ბლოკმა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი ინდივიდუალური სანქციები უპრეცედენტო ვადით, 2029 წლის სექტემბრამდე გაახანგრძლივა.

იოჰან ვადეპული

მსოფლიო • 1790246759

იოჰან ვადეპული: რუსეთის აგრესიამ ევროპაში ახალ დონეს მიაღწია

რუსეთის აგრესიამ ევროპაში ახალ დონეს მიაღწია, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა განაცხადა.გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ვადეპულმა აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინისა და მისი მხარდამჭერების მიმართ ჰიბრიდულ თავდასხმებს ახორციელებს.„რუსეთის ჰიბრიდულმა თავდასხმებმა მათ წინააღმდეგ, ვინც მხარს უჭერს უკრაინას, მხარს უჭერს საერთაშორისო სამართალს, ახალ დონეს მიაღწია“, – განაცხადა ვადეპულმა.ამასთან, მინისტრმა აგვისტოს დასაწყისში გერმანიის ლაიფციგის აეროპორტში თავდასხმის მცდელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთმა სცადა ორი უკრაინული სატვირთო თვითმფრინავის აფეთქება დრონის გამოყენებით.„ეს არ არის რუსეთის მიერ ევროპაში უგუნური და საშიში ესკალაციის იზოლირებული მაგალითი და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ომის შედეგები მთელ მსოფლიოში იგრძნობა“, – განაცხადა იოჰან ვადეპულმა.ვადეპულმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი „მსოფლიოში შიმშილს ამწვავებს“, რადგან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი პორტებზე თავდასხმების გამო ვერ ხერხდებოდა.„ჩვენ გვჭირდება მოლაპარაკებების კეთილსინდისიერად დაბრუნება, საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც გზას გაუხსნის ყოვლისმომცველ, სამართლიან და მდგრად მშვიდობას. უკრაინა მზადაა მოლაპარაკებისთვის. ჩვენ, ევროპელები, მზად ვართ და გერმანია მზადაა, წვლილი შეიტანოს მშვიდობის მიღწევაში, რომელიც სასწრაფოდ გვჭირდება“, – განაცხადა იოჰან ვადეპულმა.

გია ვოლსკი

პოლიტიკა • 1790193060

გიორგი ვოლსკი: ვიღაცას აწყობს, რომ იყოს არეულობა, რაც გამოიწვევს გრძელვადიან ანტაგონიზმს, არეულობის იმ ხარისხს, რომელიც განვითარების საშუალებას არ მოგცემს. ეს მიზანი გაცილებით აშკარა გახდა 2022 წლის შემდეგ

ვიღაცას აწყობს, რომ იყოს არეულობა, რაც გამოიწვევს გრძელვადიან ანტაგონიზმს, არეულობის იმ ხარისხს, რომელიც განვითარების საშუალებას არ მოგცემს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.მისი თქმით, ეს მიზანი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა 2022 წლის შემდეგ.„ბლოგერები გამოვიდნენ, არც ვიცოდი, ასეთი გამწარებული ანტიქართული განწყობა თუ კიდევ არსებობდა. აქედან გამომდინარე, პროვოცირება იმისა, რომ აქ სერიოზული პროცესები დაიწყოს, საოკუპაციო რეჟიმი აგრესიული გახდეს... თავს ვერ ვაძლევ უფლებას, რომ ყველაფერზე ვილაპარაკო. ყველა ასეთი შემოგდებული ინფორმაცია მიმართულია იმისკენ, რომ დავბრუნდეთ ისეთ რეჟიმში, როცა ისვრიან. უნდათ, რომ შეაჩერონ [განვითარება].ასე ხომ არ არის პრიმიტიულად, ვინ დაიწყო ომი - რუსეთმა თუ საქართველომ. პროცესი მიმდინარეობდა. დოკუმენტები მაქვს, სადაც აშშ-ის საერთაშორისო პოზიციაც არის, რომელიც უცებ შეიცვალა. უცებ ვიღაცას აწყობს, როგორც თავად ამბობენ, „რუსეთის უკანა ეზოში“ იყოს არეულობა, რაც გამოიწვევს გრძელვადიან ანტაგონიზმს, არეულობის იმ ხარისხს, რომელიც განვითარების საშუალებას არ მოგცემს. ეს მიზანი გაცილებით აშკარაა და დაიწმინდა სურათი 2022 წლის შემდეგ“, - აღნიშნა ვოლსკიმ

ზელენსკი

მსოფლიო • 1790189520

ზელენსკი: წელს რუსულმა არმიამ უკრაინაში ბრძოლის ველზე თითქმის 250 ათასი ადამიანი დაკარგა

მხოლოდ მიმდინარე წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, რუსულმა არმიამ უკრაინაში ბრძოლის ველზე 248 964 ჯარისკაცი დაკარგა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისი თქმით, მსოფლიოს 21 ქვეყნის მოსახლეობა იმაზე ნაკლებია, ვიდრე ბოლო რვა თვის განმავლობაში რუსეთის მიერ დაკარგული სამხედროების რაოდენობა.„ამხელა დანაკარგის ფასად, რუსეთმა წელს ჩვენი მიწის ათას კვადრატულ კილომეტრზე ოდნავ მეტის მიტაცება მოახერხა, საიდანაც მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენ უკვე გავათავისუფლეთ. რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც უკრაინული მიწების გარეშეც 17 მილიონი კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას ფლობს. მათთვის კიდევ ათასი კვადრატული კილომეტრის დასამატებლად, პუტინმა თითო კილომეტრზე 248 ადამიანი „გახარჯა“. ვინმეს კვლავ სჯერა, რომ იგი საღად მოაზროვნე და ზომიერია?“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.ზელენსკის განმარტებით, უკრაინას რუსული მხარის თითოეული დანაკარგის ვიდეოდასტური გააჩნია.„ეს არ არის უბრალოდ სტატისტიკა - საუბარია ადამიანებზე. ჩვენ გვაქვს უპილოტო საფრენი აპარატების ვიდეოჩანაწერების არქივი, სადაც ასახულია, თუ როგორ იღუპება ათასობით რუსი განადგურების ზონებში. ეს სიგიჟეა. თუმცა ისინი მაინც მიდიან სიკვდილზე, რადგან სწორედ ეს სურს პუტინს“, - დასძინა ზელენსკიმ.

✕