„ნიუ იორკ თაიმსი“ – აბუ დაბიში გამართული სამმხრივი მოლაპარაკებებისას რუსეთმა მოითხოვა, რომ ნატო-მ ჯარები 1997 წლის პოზიციებზე დააბრუნოს

NATO

აბუ დაბიში გამართული სამმხრივი მოლაპარაკებებისას რუსეთმა მოითხოვა, რომ ნატო-მ ჯარები 1997 წლის პოზიციებზე დააბრუნოს. ინფორმაციას ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს მოთხოვნა 10 ნოემბრით დათარიღებულ დოკუმენტშია, რომელიც მოსკოვის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებებზე წარადგინეს.

მედიის ინფორმაციით, მოთხოვნა თითქმის სიტყვასიტყვით იმეორებს მოსკოვის პოზიციას, რომელიც მან უკრაინაში ომის დაწყებამდე  ორი თვით ადრე, 2022 წლის დასაწყისში წამოაყენა. მაშინ რუსეთი ითხოვდა, რომ ნატო-ს ჯარები გაეყვანა აღმოსავლეთ ფლანგიდან, კერძოდ, პოლონეთიდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან.

გამოცემის შეფასებით, დოკუმენტი აჩვენებს, რომ ვლადიმერ პუტინს თავისი ძირითადი მიზნები არ შეუცვლია.  ვლადიმერ პუტინი აღნიშნავდა, რომ საომარი მოქმედებების შეწყვეტამდე ომის „ძირეული მიზეზები“ უნდა აღმოიფხვრას. მედიის ცნობით, აბუ დაბიში რუსეთის წარმომადგენლებმა ომის შემდგომ მოდელად ცივი ომის პერიოდიც დაასახელეს.

„ნიუ იორკ თაიმსის“ წყაროების თქმით, ეს მოთხოვნები ამ ეტაპზე მოსკოვის საწყისი პოზიციაა და რუსეთის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ პუტინი გარკვეულ მოქნილობას გამოიჩენს.

ცნობისთვის, 1997 წელს ნატო-სა და რუსეთს შორის „დამფუძნებელი აქტი“ გაფორმდა. ამავე წლის ივლისში მადრიდის სამიტზე პოლონეთმა, უნგრეთმა და ჩეხეთმა ნატო-ში გაწევრიანების მიწვევა მიიღეს, ალიანსში კი 1999 წელს შევიდნენ. ბალტიისპირეთის ქვეყნები ნატო-ს 2004 წელს შეუერთდნენ. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს 1997 წელს აღნიშნული ქვეყნები ორგანიზაციაში გაწევრიანებული არ ჰყავდა.

✕