მარკ რუტე

პოლიტიკა • 1790830925

,,ნატოს ტერიტორიას ამჟამად უშუალო საფრთხე არ ემუქრება" - მარკ რუტე

 ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ Euronews-ს განუცხადა, რომ ალიანსის ტერიტორიას ამჟამად უშუალო საფრთხე არ ემუქრება. მან ასევე დასძინა, რომ რუსეთის ბირთვულ მუქარებს სერიოზულად არ აღიქვამს, რადგან მოსკოვი ნატოსთან დაპირისპირების შემთხვევაში გამარჯვებას ვერ შეძლებს."ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით, ყველაფერი დავგეგმეთ და ეს მთელ ნატოს ეხება. ჩვენ დავიცავთ ნატოს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს. ამჟამად ასეთი საფრთხე არ არსებობს, მაგრამ თუ რამე მოხდება, ჩვენ მზად ვართ, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ", - განაცხადა რუტემ ბრიუსელში, თავდაცვისა და კოსმოსისადმი მიძღვნილ Euronews-ის სამიტზე.როგორც Euronews-ი წერს, ეს განცხადება მოჰყვა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსეთმა ნატოს წერილი გაუგზავნა, რომელშიც აფრთხილებდა კალინინგრადის ანკლავის რუსეთის ტერიტორიისგან მოწყვეტის ნებისმიერი მცდელობისგან თავის შეკავების შესახებ. მოსკოვმა განაცხადა, რომ მზადაა გამოიყენოს თავისი მთელი არსენალი, მათ შორის ბირთვული იარაღი."ჩვენ თავდაცვითი ალიანსი ვართ. შეწყვიტეთ ბირთვული მუქარა. ის სრულიად შეუფერებელია და არანაირი სიკეთე არ მოაქვს. კერძოდ, შეწყვიტეთ ომი უკრაინაში - არაპროვოცირებული, აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ", - განაცხადა რუტემ.რუტემ უარი თქვა წერილის შინაარსის გამჟღავნებაზე და აღნიშნა, რომ ეს რუსული მხარის პასუხისმგებლობაა. მან უარყო ნებისმიერი მინიშნება კონკრეტული ბირთვული საფრთხის ან ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ ესკალაციის რისკის შესახებ."ყველამ იცის, რომ ის [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი] ვერასდროს შეძლებს ნატოს დამარცხებას. მე ამას სერიოზულად არ აღვიქვამ. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ და ნათლად განვაცხადოთ, როგორც უკვე ვთქვი, რომ ნატო თავდაცვითი ალიანსია და ჩვენ ასევე უნდა ვიმუშაოთ უკრაინაში ომის დასასრულებლად და ბირთვული მუქარების შესაჩერებლად", - თქვა მან.ნატოს გენერალურმა მდივანმა განმარტა, რომ რუსეთი ყოველთვიურად ფრონტის ხაზზე 43 000 ჯარისკაცს კარგავს, რომლებიც მოკლეს ან მძიმედ დაიჭრნენ. მან დასძინა, რომ კიევის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო და მოკავშირეები კვლავ აგრძელებენ სამხედრო მხარდაჭერის გაწევას.რუტეს თქმით, ნატომ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს, უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელოს და თავდაცვის სფეროში ინვესტიციები გაზარდოს."რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ თავს დავიცავთ. მაგრამ რაც მთავარია, ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ უკრაინაში ომი მისთვის [პუტინისთვის] ცუდად მიმდინარეობს. მას ჩვენი გახლეჩა სურს. მას სურს, რომ უკრაინას ყურადღება აღარ მივაქციოთ", - განაცხადა რუტემ.

თავდაცვა

საზოგადოება • 1790797200

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაქოში თავდაცვის მე-6 საერთაშორისო გამოფენას ADEX 2026 დაესწრო

საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ბაქოში ჩავიდა, სადაც აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას.ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი ბაქოს ექსპო ცენტრში აზერბაიჯანის თავდაცვის მე-6 საერთაშორისო გამოფენას ADEX 2026 დაესწრო.ირაკლი ჩიქოვანის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაციას წარმოადგენდნენ მინისტრის მოადგილე დავით კუპატაძე და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე.თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბაქოს ექსპო ცენტრში საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, ადგილზე გაცნობოდნენ უახლეს სამხედრო ტექნოლოგიებს, თავდაცვით აღჭურვილობებს, მართვის, კონტროლის, კომუნიკაციების, კომპიუტერულ, რეკოგნოსცირებისა და კიბერუსაფრთხოების სისტემებს, ხელოვნურ ინტელექტს, უპილოტო საფრენ და სახმელეთო აპარატებს.ADEX 2026 აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მრეწველობის სამინისტროს ინიციატივითა და თავდაცვის სამინისტროსთან ერთობლივი მხარდაჭერით იმართება. სამხედრო ინდუსტრიულ გამოფენას აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დაესწრო. საერთაშორისო გამოფენა რეგიონში თავდაცვის ინდუსტრიის სფეროში ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა.

ენდი ბერნემი

მსოფლიო • 1790784240

ბრიტანეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ქვეყანამ ევროკავშირთან მომავალი ურთიერთობების სხვადასხვა ვარიანტი უნდა განიხილოს, მათ შორის ბლოკში ხელახლა გაწევრიანება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა განაცხადა, რომ ქვეყანამ ევროკავშირთან მომავალი ურთიერთობების სხვადასხვა ვარიანტი უნდა განიხილოს, მათ შორის ბლოკში ხელახლა გაწევრიანება. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თავის პოზიციას, რომ „ბრექსიტმა“ გაერთიანებულ სამეფოს „სარგებელზე მეტი ზიანი მოუტანა“.ბერნემის განცხადებებს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. მაკრონის თქმით, ბრიტანეთის ევროკავშირში დაბრუნება „ძალიან კარგი სიახლე“ იქნება, თუმცა მან მკვეთრად უარყო იდეა, რომ ურთიერთობების გადატვირთვისას ლონდონს მიეცეს შესაძლებლობა, წევრობის პირობებიდან მხოლოდ მისთვის სასურველი პუნქტები ამოარჩიოს.სამშაბათს, „ლეიბორისტული პარტიის“ ყოველწლიურ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას, ბერნემმა, რომელიც 2016 წლის რეფერენდუმზე ევროკავშირში დარჩენის კამპანიას უჭერდა მხარს, აღნიშნა, რომ ქვეყანამ კვლავ უნდა განიხილოს „ევროპელ პარტნიორებთან ბრიტანეთის გრძელვადიანი ურთიერთობის“ შესაძლებლობები.მისი თქმით, ევროკავშირიდან გამოსვლამ ვერ შეასრულა მომხრეთა დაპირება „კონტროლის დაბრუნების“ შესახებ და, სანაცვლოდ, ქვეყანა დაასუსტა, განსაკუთრებით ეკონომიკისა და მიგრაციის მაღალი მაჩვენებლების მართვის კუთხით.

მარკ რუტე

მსოფლიო • 1790782920

მარკ რუტე: ყველამ იცის, რომ პუტინი ნატოსთან ომში ვერასდროს გაიმარჯვებს

ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ Euronews-ს განუცხადა, რომ ალიანსის ტერიტორიას დაუყოვნებლივი საფრთხე არ ემუქრება. მან ასევე დასძინა, რომ რუსეთის ბირთვულ მუქარას სერიოზულად არ აღიქვამს, რადგან მოსკოვი ნატოსთან დაპირისპირებაში ვერასდროს გაიმარჯვებს.„ჩვენ ამისთვის მოვემზადეთ, ეს დავგეგმეთ და ეს მთელ ნატოს ეხება“, - განაცხადა რუტემ ოთხშაბათს, ბრიუსელში გამართულ Euronews-ის თავდაცვისა და კოსმოსის სამიტზე.„ჩვენ ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს დავიცავთ. ეს საფრთხე არ არსებობს, ხოლო თუ რამე მოხდება, ჩვენ მზად ვართ საპასუხო დარტყმისთვის“, - განაცხადა მან.„ჩვენ თავდაცვითი ალიანსი ვართ. შეაჩერეთ ბირთვული მუქარა. ეს სრულიად უადგილო და უსარგებლოა. და რაც მთავარია, შეაჩერეთ ომი უკრაინაში, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ მიმართული გაუმართლებელი აგრესიული ომია“, - განაცხადა რუტემ.„ყველამ იცის, რომ ის [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი] ნატოსთან ომში ვერასდროს გაიმარჯვებს. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ და მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ნატო თავდაცვითი ალიანსია, როგორც უკვე აღვნიშნე - შეაჩერეთ ომი უკრაინაში და შეაჩერეთ ბირთვული მუქარა“, - დასძინა მან.

ეკატერინე გუნცაძე

პოლიტიკა • 1790775920

ეკატერინე გუნცაძემ აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მე-11 წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მე-11 წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე: „საზღვრებს მიღმა — რეგიონების დაკავშირება და მდგრადობის გაძლიერება“. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, სესიის მონაწილეებმა ისაუბრეს რეგიონული ინტეგრაციის გაღრმავებასთან ერთად, როგორ უნდა შეეწყოს ხელი ვაჭრობას, ინვესტიციებს და უფრო მტკიცე რეგიონულ თანამშრომლობას.ყურადღება გამახვილდა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს სატრანსპორტო დერეფნები ცალკეული ეროვნული ინვესტიციებიდან კოორდინირებულ რეგიონულ სისტემებად, რომლებიც დააკავშირებს ცენტრალურ აზიას, კავკასიას, ევროპასა და გლობალურ ბაზრებს.დისკუსიის მიმდინარეობისას, განხილულ იქნა, თუ როგორ შეუძლია რკინიგზას, პორტებს, ლოგისტიკურ ჰაბებსა და ციფრულ ტექნოლოგიებს, ერთობლივი მუშაობა დაკავშირებადობის ფუნქციის გასაძლიერებლად, ვაჭრობის ხელშესაწყობად და ეკონომიკური მდგრადობის ასამაღლებლად.ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ საქართველოს გამოცდილებაზე დაყრდნობით ისაუბრა შუა დერეფნის საიმედოობისა და კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად გატარებულ ღონისძიებებზე, ასევე, იმ მექანიზმებზე, რომელსაც ქვეყანა იყენებს დერეფნის ქვეყნებს შორის ეფექტიანი სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის განხორციელებისთვის.გამოსვლისას, მან ყურადღება გაამახვილა შუა დერეფნის ისტორიულ როლსა და მის დღევანდელ პერსპექტივაზე.აღინიშნა, რომ საქართველომ ამ სტრატეგიული მარშრუტის განვითარებაზე ზრუნვა წლების წინ დაიწყო და დღეს, მისი პოტენციალის გაზრდაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს მეზობელ ქვეყნებთან. საუბარია, როგორც საგზაო, ისე სარკინიგზო და საპორტო ინფასტრუქტურის ფუნქციონირებაზე.ამავე კონტექსტში, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ენერგო დერეფნის მუშაობის მნიშვნელობას, რომლითაც ხდება ბუნებრივი აირისა და ნავთობის, ასევე, ელექტროენერგიის ტრანზიტი საქართველოს გავლით.“დღეს ვხედავთ, რომ შუა დერეფნის განვითარებით დაინტერესებულია ცენტრალური აზია. სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას აქვს შანსი, ერთხმად იმოქმედოს აღნიშნული დერეფნის პოტენციალის გაზრდისთვის. ეს კოორდინაცია გვაძლევს იმედს, რომ შუა დერეფნის სატრანზიტო მარშრუტი მომავალში მიმზიდველი იქნება თავისი ეფექტიანობისა და უსაფრთხოების დამსახურებით”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.“დისკუსია გახსნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა, მიქაილ ჯაბაროვმა.პანელში მონაწილეობდნენ AIIB-ის უფროსი საინვესტიციო ოფიცერი (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკი, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი სერჰატ კოქსალი, თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში შემავალი პროფილური უწყების გენერალური დირექტორი იალჩინ ეიიგუნი, კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის აზიის პროგრამის უფროსი მკვლევარი, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი იუკონ ჰუანგი და პანელის მოდერატორი, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის საჯარო სექტორში მოქმედ კლიენტთა დეპარტამენტის გენერალური დირექტორი სიაოჰონგ იანგი”, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ქართველიშვილი

პოლიტიკა • 1790767901

დავით ქართველიშვილი: მუდმივი „გადამწყვეტი მარშებისა“ და დაპირებული წარუმატებელი რევოლუციების ნაკადში, რადიკალებმა თვით პროტესტის იდეა სრულ მარაზმამდე და გამოფიტვამდე მიიყვანეს

თანამედროვე საქართველოს ისტორიაში პირველი ოქტომბრის მნიშვნელობაზე და ოპოზიციის მხრიდან ამ თარიღის საკრალურად გადაქცევის მცდელობაზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.როგორც ის აღნიშნავს, რადიკალების კრახი სწორედ 1 ოქტომბერს დაიწყო, თუმცა დასკვნები საკუთარ შეცდომებსა და ჩადენილ დანაშაულებზე მათ დღემდე არ გაუკეთებიათ.დავით ქართველიშვილი მკაფიოდ უსვამს ხაზს იმას, რომ არც მოქმედი და არც მომავალი ხელისუფლებისათვის ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები და რა თქმა უნდა, თავად პარტია, საფრთხეს, თავისი დესტრუქციული შინაარსიდან გამომდინარე, აღარ წარმოადგენენ.„ხვალინდელი დღის ქართული პოლიტიკის საკრალურ წყალგამყოფად არჩევა რადიკალური ოპოზიციისთვის დიდი ხანია ირონიულ ფსიქოლოგიურ დრამად იქცა. მანიაკალური და სუიციდური სიჯიუტით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ყოველჯერზე სწორედ ამ კალენდარულ თარიღს ირჩევენ, 1 ოქტომბერს - წმინდა ბიძინას ხსენების დღეს, მათთვის საძულველი ივანიშვილის ზეციური მფარველის დღეს. ყველაფერი 2012 წლის 1 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც „ნაცმოძრაობამ“ არჩევნები ხმაურიანად წააგო „ქართულ ოცნებასთან“, თუმცა დასკვნები არ გაუკეთებია.2021 წელს მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა ტრიუმფალურად (როგორც თვითონ ეგონა) დაბრუნებულიყო ქვეყანაში რძის პროდუქტების დატვირთული ტრაილერით სწორედ თავისი მთავარი ოპონენტის ანგელოზის დღეს, რითაც საკუთარი გაკოტრებული პოლიტიკური გავლენის ნარჩენები - ციხის საკანზე გაცვალა და ისევ იმავე საკრალურ ფოცხს დააბიჯა.მორიგი საიუბილეო (5 წელი) თარიღის მოახლოებასთან დაკავშირებით, ექს-პრეზიდენტის მხარდამჭერებმა თბილისის მერიას მიმართეს, პარლამენტის შენობასთან „მასშტაბური" მხარდამჭერი აქციის გამართვის თხოვნით, თუმცა, დედაქალაქის მერიამ მათ ოფიციალური უარით უპასუხა.ეს აკრძალვა არა ადმინისტრაციულ რესურსად, არამედ ოპოზიციის დეგრადაციის 14-წლიანი ისტორიის ლოგიკურ ეპილოგად გამოიყურება. მუდმივი „გადამწყვეტი მარშებისა“ და დაპირებული წარუმატებელი რევოლუციების ნაკადში, რადიკალებმა თვით პროტესტის იდეა სრულ მარაზმამდე და გამოფიტვამდე მიიყვანეს. რიგითი მოქალაქეც კი, 1 ოქტომბერს აღიქვამს არა „დემოკრატიისთვის ბრძოლად“, არამედ უაზროდ გაწელილ იაფფასიან სერიალად ცნობილი ფინალით, სადაც მთავარი გმირები თანაგრძნობას კი არა, ირონიულ ღიმილს იწვევენ.თუმცა, ხელისუფლების მხრიდან მსგავსი მიტინგების მიმართ სიხისტის გამოჩენა და აკრძალვა, ალბათ, ზედმეტი დაზღვევაა. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის დაკავების 15 წლისთავზე იმდროინდელ ხელისუფლებას სრულიად მშვიდად შეეძლება ამ აქციის ნებართვის გაცემა, ვინაიდან რადიკალების შიში მათ არც დღეს აქვთ და არც პერსპექტივაში ექნებათ თუ, რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები იმ დროისთვის საერთოდ იარსებებენ, როგორც პოლიტიკური სახეობა. მეტიც, მათი გაქრობის პირობებშიც კი, ხელისუფლებას შეუძლია თვითონვე აღნიშნოს სააკაშვილის დაკავების 15 წლისთავი, გამოჰყოს ამისთვის სცენაც და მიკროფონები...“ - წერს დავით ქართველიშვილი.

ტრამპი

მსოფლიო • 1790695740

The Atlantic: ტრამპმა შესაძლოა რუსეთს სანქციების ნაწილი უკრაინაში ომის დასრულებამდე მოუხსნას

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა აღმოსავლეთ ევროპაში, ჯონ კოულმა თეთრი სახლის ლიდერს ახალი დიპლომატიური ინიციატივით მიმართა. გეგმა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის არსებული ჩიხური სიტუაციიდან გამოსვლას ითვალისწინებს - კერძოდ, რუსეთისთვის სანქციების ნაწილობრივ მოხსნას კრემლის პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ. ამის შესახებ გამოცემა The Atlantic-ის ჟურნალისტი, საიმონ შუსტერი იტყობინება.ავტორის ინფორმაციით, ინიციატივა ჯერ ადრეულ ეტაპზეა, თუმცა მან შესაძლოა ტრამპს კრემლთან კომუნიკაციის დამყარების ახალი არხი გაუხსნას. ეს მიმართულება უკრაინის ომის მიღმა არსებულ საკითხებს ეხება, რომლის შეჩერებასაც ვაშინგტონი ამ ეტაპზე ვერ ახერხებს. გარდა ამისა, სტრატეგიამ შესაძლოა ხელი შეუწყოს აშშ-ისთვის ხელსაყრელი კონტრაქტების დადებას რუსული ნავთობპროდუქტების მიწოდებაზე, ხოლო პოლიტპატიმრების გათავისუფლებამ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემიის მიღების არგუმენტები გაუძლიეროს.შუსტერი აღნიშნავს, რომ ამ მიდგომამ შესაძლოა უკრაინელების გარდა ევროპელებისა და ამერიკელების ნაწილის უკმაყოფილებაც გამოიწვიოს, რადგან მსგავსი გარიგება რუსეთს საშუალებას მისცემს, მეტი ფინანსური რესურსი მიმართოს უკრაინაში ტერორისკენ.აღნიშნული სტრატეგია კოულმა მანამდე ბელარუსში გამოსცადა, სადაც ასობით პოლიტპატიმრის გათავისუფლებას მიაღწია, სანაცვლოდ კი აშშ-მა ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმს სანქციები შეუმსუბუქა. ახლა კოულმა, ტრამპის თანხმობით, იგივე მიდგომის გამოყენება ვლადიმირ პუტინთანაც გადაწყვიტა. კოულის აზრით, ეს ვარიანტი სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესსაც წაადგება.„ეს ყველაფერი მშვიდობის დამყარებას უწყობს ხელს. რაც მეტია ურთიერთქმედება და კომპრომისი - იქნება ეს ეკონომიკურ სფეროში, პატიმრების საკითხში თუ სხვაგან - ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ მშვიდობამდე. ეს თავისებური მისიაა“, - განუცხადა კოულმა შუსტერს.უკრაინული მხარე შექმნილ სიტუაციას სრულიად განსხვავებულად აფასებს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შუსტერთან საუბარში აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ომის დასრულებამდე რუსეთისთვის სანქციების მოხსნის ნებისმიერი მცდელობა დაბლოკოს, თუმცა იქვე აღიარა, რომ ეს მარტივი არ იქნება.უკრაინელი მომლაპარაკებლებისთვის ცნობილია ტრამპის გეგმების შესახებ, გამოიყენოს სამშვიდობო პროცესი ბიზნესგარიგებების წასახალისებლად. თუმცა, წყაროების ცნობით, ტრამპის წარმომადგენლები ამ ეტაპზე ვერ ხედავენ რუსეთთან ბიზნესის კეთების შესაძლებლობას უკრაინაში ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტამდე მაინც. კოულის გეგმა კი სწორედ ამ დაბრკოლების გვერდის ავლის გზად მოიაზრება.ავტორის ცნობით, კოულს ეს იდეა რუს დისიდენტ დმიტრი მურატოვთან შეხვედრისას გაუჩნდა, რომელმაც მიხეილ გორბაჩოვისა და რონალდ რეიგანის თანამშრომლობის პრეცედენტი გაიხსენა. იმ პერიოდში ვაშინგტონი მოსკოვს პატიმართა სიებს გადასცემდა, რასაც საბჭოთა მხარე ეთანხმებოდა, ამან კი ქვეყნებს შორის დაძაბულობა შეამცირა.ამჟამად აშშ კვლავ კონცენტრირებულია ომის დასრულების მცდელობაზე. ამ თვეში აბუ-დაბიში დაგეგმილია სამმხრივი შეხვედრა ენერგეტიკულ სექტორში ცეცხლის შეწყვეტის განსახილველად, ასევე არსებობს ეგვიპტის ინიციატივა შავ ზღვაში სატვირთო გემებზე თავდასხმების შეჩერებაზე. თუმცა, კიევში ამ შეხვედრების ეფექტიანობის გაზაფხულამდე არავის სჯერა.ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ შუსტერთან საუბარში აღნიშნა, რომ სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ პატიმრების ვაჭრობა რეჟიმებს მხოლოდ წაახალისებს, რომ უფრო მეტი ადამიანი დააკავონ.„ადამიანებით ვაჭრობა მათ არაფერი უჯდებათ. მათ ყოველთვის შეუძლიათ მეტი ადამიანის დაპატიმრება, მაშინ როდესაც დასავლეთი სანქციების გაუქმებითა და გარიგებებით ამ რეჟიმებზე გავლენას კარგავს“, - ხაზგასმით აღნიშნა ტიხანოვსკაიამ.

ნიკოლოზ სამხარაძემ ვენაში შეხვედრაზე ეუთოში 9 ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებთან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა

პოლიტიკა • 1790687516

ნიკოლოზ სამხარაძე: ევროკავშირი თუ გაემიჯნება ძალადობას, გინებას, პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას, მაშინ ვირწმუნებთ, რომ მიუკერძოებელია, თუმცა, სამწუხაროდ, ამას ვერ ვხედავთ

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ევროკავშირი არ ემიჯნება ძალადობას, რაც ქართულ საზოგადოებაში მის იმიჯზე უარყოფითად აისახება.სამხარაძის თქმით, ევროკავშირის წევრობა საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად რჩება და შესაბამისად, საზოგადოების თვალში ევროკავშირის იმიჯის შელახვა არ სურთ.„ერთი მხრივ, თავდასხმასა და სიძულვილის ენის გამოყენებაზე როცა არის დუმილი და წაყრუება, ხოლო მეორე მხრივ, ყველაფრის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, მუდმივი კრიტიკა, ეს მიკერძოებული მიდგომაა. მსგავსი სახის ქმედებებს როცა არ გმობ, შეიძლება, ეს წახალისებად იყოს აღქმული. ევროკავშირი თუ გაემიჯნება ძალადობას, გინებას, პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას, მაშინ ვირწმუნებთ, რომ ამ შემთხვევაში, ევროკავშირი მიუკერძოებელია, თუმცა, სამწუხაროდ, ამის დადასტურებას ვერ ვხედავთ. ამ ყველაფრით ევროკავშირის საქმე არ კეთდება, რადგან ქართულ საზოგადოებაში ევროკავშირს იმიჯი ელახება. ეს კვლევებითაც დასტურდება. ეს ყველაფერი მათ წისქვილზე არ ასხამს წყალს. ეს ფაქტი ჩვენც არ გვიხარია, რადგან ევროკავშირის წევრობა ისევ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად რჩება. ამიტომ, არ გვინდა, ევროკავშირის იმიჯი ასე დაზარალდეს. მოვუწოდებთ და ვეუბნებით, არასწორად იქცევიან, მაგრამ, სამწუხაროდ, მათი პოლიტიკა გრძელდება. კაია კალასი დაუფარავად ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ მოსწონს. მათი ქცევის ამოსავალი წერტილი სწორედ ეს არის“, – განუცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს.

CRRC ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი

პოლიტიკა • 1790684549

თბილისის მეტროს პროექტი ჩინეთ-საქართველოს ორმხრივად ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია - CRRC ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი

111 ახალი ვაგონი თბილისისათვის. წარდგენის ცერემონია ჩინეთში გაიმართა. ღონისძიებას კახა კალაძე პირადად დაესწრო.თბილისის მეტროს 25 ახალი შემადგენლობა გადაეცა. 14 ოთხ ვაგონიანი და 11 ხუთ-ვაგონიანი მატარებელი. უმსხვილესი ჩინური სარკინიგზო გიგანტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბოლო პროექტი პორტუგალიის მეტროპოლიტენია.კომპანიასთან თბილისის მერიამ თითქმის 150 მილიონ ევროიანი კონტრაქტი გააფორმა.CRRC ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტის, ლი დინგ ნანის განცხადებით, პროექტს დიდი მნიშვნელობა ექნება ჩინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისთვის."თბილისის მეტროს პროექტი სარტყლისა და გზის: მაღალხარისხოვანი განვითარებისთვის განხორციელებული ერთ-ერთი სიმბოლური პროექტია და ჩინეთ-საქართველოს ორმხრივად ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია.ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ის კიდევ უფრო სრულყოფს ქალაქის სატრანსპორტო ქსელს, აამაღლებს საზოგადოებრივი მომსახურების დონეს და მოქალაქეებს გადაადგილებას გაუადვილებს.პროექტს დიდი მნიშვნელობა ექნება ჩინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისთვის, ისტორიული მეგობრობის განმტკიცებისა და აზიისა და ევროპის დაკავშირებისთვის", - განაცხადა ლი დინგ ნანმა.

ევროკომისია

მსოფლიო • 1790679435

მედია: ევროკავშირი გადაწყვეტილებების მიღებისას ცალკეული ქვეყნების ვეტოს გვერდის ავლის შესაძლებლობას განიხილავს

ევროკომისია ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის რეფორმას გეგმავს, რომლის მიზანიც წევრი ქვეყნების მიერ ვეტოს გამოყენების თავიდან აცილებაა, – ამის შესახებ მედია ევროკავშირის შიდა დოკუმენტების პროექტებზე დაყრდნობით წერს.გავრცელებული ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უახლოეს დღეებში წარადგენს გეგმას, რომელიც ევროკავშირის 30-ზე მეტ წევრამდე გაფართოებისთვის მომზადებას ითვალისწინებს. ამასთან, ევროკავშირის ლისაბონის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა საჭირო არ იქნება.მედია წერს, რომ დამტკიცების შემთხვევაში, ეს ევროკავშირის შიდა ფუნქციონირების ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება ბოლო ათწლეულის განმავლობაში.როგორც მედია იუწყება, ევროკომისიის პროექტი გარდამავალი სამართლებრივი დებულებების გამოყენებას ითვალისწინებს. მათი მიზანია, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ბევრ შუალედურ ეტაპზე 27 წევრი ქვეყნის ერთსულოვანი თანხმობის მოთხოვნის გაუქმებაა.ევროკომისია ასევე გამოდის ინიციატივით, რომ ევროკავშირის პოლიტიკასთან დაკავშირებულ უფრო მეტ საკითხზე დაინერგოს გადაწყვეტილებების კვალიფიციური უმრავლესობით მიღების წესი, რაც ევროკავშირის 15 ქვეყნის თანხმობას გულისხმობს.პროექტის თანახმად, კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღების წესი უნდა შეეხოს მათ შორის სანქციებს, ადამიანის უფლებებს, თავდაცვას და უსაფრთხოებას, ასევე გადასახადებისგან თავის არიდებას.ცნობისთვის, გადაწყვეტილებების მიღების ახალი მექანიზმის დანერგვას ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა დასჭირდება. თუმცა, როგორც გამოცემა ვარაუდობს, გეგმას შესაძლოა, ევროკავშირის წევრი რიგი ქვეყნები არ დაეთანხმონ.

ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა • 1790679350

ლევან მაჭავარიანი - გიორგი გახარია გარე ძალების დავალების მიხედვით გადადგა

„დღემდე არ მიგვიღია კონკრეტული პასუხი, თუ რატომ გადადგა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან. ძალიან ბევრი სხვადასხვა ვერსია მოვისმინეთ დროის სხვადასხვა მონაკვეთში. საგამოძიებო კომისიაზე ახალი ვერსიები გააჟღერა გიორგი გახარიამ. ჯერ თქვა, რომ  ბიძინა ივანიშვილი ერეოდა მის საქმეებში და ეს იყო მისი გადადგომის მიზეზი, ბოლოს მას წამოსცდა, რომ ელჩებს შეხვდა და მათთან კონსულტაცია გაიარა. რა თქმა უნდა, გიორგი გახარია გადადგა გარე ძალების დავალების მიხედვით“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.ლევან მაჭავარიანმა პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს მიმართა.„იმდენად აშკარა იყო თქვენი კოლექტიური „ნაცობა“, რომ გარე პატრონებმა გადაწყვიტეს კონფიგურაციის გადალაგება და ვითომ კონსტრუქციულად თქვენი პოზიციონირება. თუმცა, რამდენიმე საკითხი იყო უცხოელი პატრონებისთვის იმდენად ეგზისტენციალური და მნიშვნელოვანი, რომ მთელი აგენტურული რესურსის მობილიზება დასჭირდათ. პირველი - ეს იყო გამჭვირვალობის ქართული კანონი. დღესაც არ გრცხვენიათ და დღესაც ამბობთ, რომ  რუსულია ის კანონი? თქვენ ამბობდით, რომ ემიგრანტები ფულს ვერ ჩაურიცხავენ თავიანთ ოჯახებს, 2 წელი გავიდა, ხომ ურიცხავენ? ამბობდით, რომ ოპოზიციურ პარტიებს აეკრძალებოდა ამ კანონით მუშაობა, 2 წელი გავიდა, ხომ არ აკრძალულა? ამბობდით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები გაუქმდებოდნენ. ასევე ამბობდით, რომ როგორ შეიძლებოდა ეჭვქვეშ დაგვეყენებინა USAID-დან გადმორიცხული ფული. დონალდ ტრამპი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და პირდაპირ ამხილა, რომ USAID კრიმინალური ორგანიზაცია იყო და აფინანსებდა რევოლუციებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. თქვენ ლგბტ პროპაგანდის გვერდში მოგიწიათ დგომა. შესაძლოა, თქვენ არ ეთანხმებოდით ამ პროპაგანდას, თუმცა თქვენმა პატრონებმა ასე დაგავალეს და სხვა გზა ფიზიკურად არ გქონდათ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.მან აგრეთვე ისაუბრა გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ დაახლოებაზე. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი გახარია წარსულში მამუკა ხაზარაძეს თაღლითს უწოდებდა, მოგვიანებით მათ შორის პოლიტიკური თანამშრომლობა ჩამოყალიბდა. ლევან მაჭავარიანის შეფასებით, ეს ცვლილება გარე ძალების მიერ განსაზღვრული პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილი იყო.მისი შეფასებით, 2025 წლის 4 ოქტომბრის შემდეგ გიორგი გახარიას პარტიის წევრების მიერ პარლამენტში პოლიტიკური პროცესის გაგრძელება ქუჩის პროტესტის გზით ხელისუფლების ცვლილების მცდელობის წარუმატებლობას მოჰყვა.„თქვენს გარე პატრონებს სურდათ, რომ საბოტაჟირების პროცესი უკვე პარლამენტის შიგნიდან გაგრძელებულიყო, ვინაიდან ქუჩაში ვერაფერი მოახერხეს. ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, იცით? ის, რომ საზოგადოებამ ძალიან კარგად გაშიფრა ეს ყველაფერი. ამის დასტური რა არის? 2025 წლის არჩევნები. თვითმმართველობის არჩევნებზე თქვენ თბილისის საკრებულოში 1 წევრიც ვერ შეიყვანეთ. თქვენი ამომრჩევლის ძალიან მცირე ნაწილიც  კი კარგად აანალიზებს, რომ საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობის და სუვერენიტეტის ერთადერთი გარანტორი არის „ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

რატი იონათამიშვილი

პოლიტიკა • 1790676162

რატი იონათამიშვილი: პარალიმპიური მოძრაობის მხარდაჭერა საუკეთესო ინვესტიციაა უკეთესი და ინკლუზიური საზოგადოების ასაშენებლად

„კარგად მახსოვს ის დრო, როდესაც ხელისუფლება რეპრესიების გზით ცდილობდა ჩაეხრჩო საქართველოში პარალიმპიური სპორტი და წაერთმია პარალიმპიური კომიტეტი. მაშინ სასამართლოებზე უფრო მეტი დროის გატარება გვიწევდა, ვიდრე საერთაშორისო ტურნირებზე. დღეს ჩვენი პარასპორტსმენების წარმატება ცხადჰყოფს, რომ ეს არ არის კომერციული სპორტი. მისი განვითარება სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია. დღეს საქართველოში სახელმწიფოს გაცხადებული პოლიტიკა და მიდგომა ასეთია: ჩვენ არ ვუყურებთ პარალიმპიურ სპორტს როგორც ქველმოქმედებას. ეს არის უმაღლესი მიღწევების სპორტი, რომელიც ასევე ცვლის საზოგადოებას უკეთესობისკენ. პარალიმპიური მოძრაობის მხარდაჭერა საუკეთესო ინვესტიციაა უკეთესი და ინკლუზიური საზოგადოების ასაშენებლად“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.რატი იონათამიშვილის თქმით, საქართველომ 25-27 სექტემბერს პარაძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა, რომელიც პარალიმპიური სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირია.„საქართველოში ვმასპინძლობდით 44 ქვეყნიდან ჩამოსულ 312 პარასპორტსმენს. საქართველოში ჩამოსული იყო 600 დელეგატი. შემთხვევითი არ არის, რომ საქართველო შეირჩა მასპინძელ ქვეყნად - ჩვენ 2018 წლიდან დღემდე უკვე უმაღლესი დონის 17 საერთაშორისო ტურნირს ვუმასპინძლეთ პარალიმპიური სპორტის 4 სახეობაში. ეს იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო პარალიმპიური საზოგადოება ენდობა საქართველოს და ხედავს იმ პროგრესს, რაც ჩვენს ქვეყანაშია“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.მისი თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს სტუმრობდა საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ენდრიუ პარსონსი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირია როგორც პარალიმპიური მოძრაობის, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ადვოკატირების თვალსაზრისით.„ენდრიუ პარსონსს უმაღლესი დონის შეხვედრები ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, სპორტის მინისტრსა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან. ეს უმაღლესი დონის შეხვედრები, ერთი მხრივ, საუკეთესო გზავნილია იმისა, რომ საქართველოსთვის არა მხოლოდ პარალიმპიური მოძრაობა და სპორტი, არამედ შშმ პირთა უფლებები არის პრიორიტეტი, ხოლო მეორე მხრივ, პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის მხრიდან აღიარება და დაფასებაა იმ წარმატებებისა და პროგრესისა, რაც ჩვენს ქვეყანას ამ მხრივ აქვს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.რატი იონათამიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და სპორტის მინისტრს მადლობა გადაუხადა პარალიმპიური მოძრაობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.„ჩვენ პარასპორტსმენებს თანაბარი პირობები აქვთ განვითარებისთვის. გათანაბრებულია მათი სტატუსი და სოციალური გარანტიები. სწორედ ამიტომ, შედეგებიც არ აგვიანებს. მხოლოდ წელს, უკვე 80 მედალი მოვიპოვეთ საერთაშორისო ტურნირებზე. გვყავს მოქმედი - მსოფლიოს 4 და ევროპის 5 ჩემპიონი. გპირდებით ჩვენი პარასპორტსმენების სახელით, რომ კიდევ არაერთხელ გავახარებთ ჩვენს ქვეყანას, გულშემატკივრებს და მომდევნო პარალიმპიურ თამაშებზე ახალ რეკორდებს დავამყარებთ“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

✕