სკოლებში არდადეგების თარიღები ცნობილია - სრული სია
1790971447
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავის მემუარებში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ჯიუტად და არასაკმარისად მადლიერად ახასიათებს. ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ წერს.
ზელენსკი კერძო საუბრებში „ზოგჯერ ცვალებადი გუნების და ჯიუტი იყო, იმდენად მადლიერი არ ჩანდა, რამდენსაც ველოდი“, – წერს გამოცემა ბაიდენის მემუარებზე დაყრდნობით, რომელიც სამშაბათს გამოიცემა.
ამასთან, ბაიდენი აღნიშნავს, რომ ზელენსკის სამსახიობო წარსული ძალიან კარგი პრაქტიკა აღმოჩნდა საომარი დროის ლიდერისთვის.
ვლადიმერ პუტინზე საუბრისას ბაიდენი აღნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტს შეხვედრებზე გაღიზიანებული ტონი ჰქონდა, „შეხვედრებზე სკამზე გადაწოლა უყვარდა და თინეიჯერივით ვითომ გულგრილობას ინარჩუნებდა“.
ბაიდენის განმარტებით, დონალდ ტრამპის გუნდის წევრებმა ინაუგურაციამდე სთხოვეს, ხელი მოეწერა წერილზე, რომელიც მათ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკების უფლებას მისცემდა. ბაიდენის თქმით, მან უარი განაცხადა, რადგან არ სურდა, მათთვის „სრული თავისუფლება“ მიეცა იმისთვის, რაც, მისი აზრით, უკრაინის ხარჯზე დანებებას დაემსგავსებოდა.
წიგნში აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტი აცხადებს, რომ არ ნანობს ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გაყვანას და 2024 წელს მეორე ვადით არჩევის მცდელობას.
„იმავე გადაწყვეტილებას კვლავ მივიღებდი. ავღანეთში ომის დასრულება სწორი ნაბიჯი იყო“, – აღნიშნავს ბაიდენი.
მისივე თქმით, ის დაარწმუნეს, რომ ამერიკული ჯარის გასვლის შემდეგ დედაქალაქი ექვს თვეს მაინც ხელისუფლების კონტროლქვეშ დარჩებოდა.
„დაპირებული ექვსთვიანი ვადა რამდენიმე დღეში ამოიწურა“, – წერს ბაიდენი.
2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით ბაიდენი ამბობს, რომ 2023 წლის გაზაფხულზე, როცა მრჩევლებთან ხელახლა კენჭისყრის საკითხი განიხილა, არავინ შეწინააღმდეგებია: „ყველა თანახმა იყო“. მისი თქმით, იცოდა თავისი ასაკის სისუსტეები, მათ შორის დასუსტებული ხმა, სახელებისა და ადგილების არევის გახშირებული შემთხვევები და სიარულის პრობლემები, მაგრამ, ბაიდენის განმარტებით, ხუთი ათწლეულის პოლიტიკური გამოცდილება მნიშვნელოვანი იყო. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი არ თვლის, რომ დემოკრატებს მასზე ძლიერი კანდიდატი ჰყავდათ.
წიგნში ბაიდენი აღნიშნავს, რომ დებატების შემდეგ კანდიდატურის უკან გაწვევას წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი ლიდერი ნენსი პელოსი და სენატში დემოკრატების ლიდერი ჩაკ შუმერი ურჩევდნენ. ბაიდენის თქმით, პელოსი მუშაობდა, რომ არჩეულ თანამდებობის პირებსა და ბაიდენის დელეგატებს მისთვის მხარდაჭერა მოეხსნათ, და აფრთხილებდა, რომ, გამოკითხვების მიხედვით, ბაიდენი ვერ გაიმარჯვებდა.
წიგნში ბაიდენი დონალდ ტრამპსაც აფასებს. 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმაზე ის წერს: „ამერიკის პრეზიდენტი ქვეყანას კი არ ხელმძღვანელობდა, არამედ აჯანყებას უძღვებოდა“. ბაიდენის შეფასებით, ეს ამერიკის ისტორიაში პრეზიდენტის მიერ საკუთარი მოვალეობის ერთ-ერთი უმძიმესი უგულებელყოფა იყო. ამავე დროს ბაიდენი იხსენებს, რომ ინაუგურაციის შემდეგ ოვალურ კაბინეტში ტრამპისგან კეთილგანწყობილი წერილი დახვდა, თუმცა ტრამპი წინა თვეებში, კამპანიის დროს მას მკაცრად აკრიტიკებდა.
„თითქოს ორი დონალდ ტრამპი არსებობდა“.
ისრაელზე საუბრისას ბაიდენი ამბობს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის ისრაელის გრძელვადიან ინტერესებზე უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკურად თავის გადარჩენა იყო.