1789675932
ვისთვის არის საჭირო კვეთებულის ლოცვაზე დასწრება - მოძღვრის განმარტება
სოციალურ ქსელში, ხშირად შეგხვდებათ კითხვა „სად შეიძლება დაესწრონ კვეთებულის ლოცვას“. კითხვის ავტორები ფიქრობენ, რომ ამა თუ იმ მიზეზის გამო მათი ცხოვრება ისე არ მიდის, როგორც სურთ. უჩივიან უენერგიობას, ხშირად მიზეზი პირადულია.
სწორედ ამ საკმაოდ დელიკატურ საკითხზე, არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე საუბრობს და ამბობს, რომ კვეთებულის ლოცვებზე დასწრება სჭირდება მხოლოდ მას, ვისაც ეშმაკისგან წართმული აქვს თავისუფალი ნება, ანუ არის შეპყრობილი.
შეიძლება თუ არა, ადამიანმა თავად გადაწყვიტოს, კვეთებულის ლოცვაზე დასწრება, მოძღვრის კურთხევის გარეშე?
- ბოლო დროს მართლაც ერთგვარ მოდად იქცა კვეთებულის ლოცვაზე დასწრება, კვეთებულის ლოცვების კითხვა. თუ ადამიანი თვითონ მიდის კვეთებულის ლოცვაზე, ეს ნიშნავს, რომ შეპყრობილი არ არის. შეპყრობილობა ნიშნავს, რომ მას არ გააჩნია თავისუფალი ნება, არ შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები ანუ მისი გონება მთლიანად შეპყრობილია ბოროტისგან. მხოლოდ ასეთი ადამიანებისთვისაა განკუთვნილი კვეთებულის ლოცვა. ზოგიერთი ამბობს, რომ ცუდი აზრები მოსდის, ბედი არ ეხსნება, მატერიალურად უჭირის ან სულიერი პრობლემები აქვს და მიაჩნიათ, რომ ამ მდგომარეობიდან კვეთებულის ლოცვებზე დასწრება გამოიყვანს. ეს არასწორი მიდგომაა. კიდევ ვიმეორებ, კვეთებულის ლოცვა ეკითხება ადამიანს, რომელიც არის შეპყრობილი, თავის თავისუფალ ნებას ვეღარ აკონტროლებს. მოძღვარმა უნდა გადაწყვიტოს, სჭირდება თუ არა ადამიანს კვეთებულის ლოცვების წაკითხვა. ამისათვის მან უნდა გამოიკვლიოს, არის თუ არა ეს ადამიანი შეპყრობილი.
- არის ტაძრები, სადაც კონკრეტულ დღეებში საგანგებოდ აღევლინება კვეთებულის ლოცვები?
- იკითხება, მაგრამ ეს განკუთვნილია მათთვის, ვისაც სჭირდება. როდესაც პარაკლისები ან წირვა ტარდება ტაძარში, ყველასთვისაა განკუთვილი, ვისაც სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს ამ მსახურებებში, მაგრამ კვეთებულის ლოცვა არის მათთვის, ვისაც ეს სჭირდება.
- თვლიან, რომ კვეთებულზე დასწრებას ჯადოს საწინააღმდეგო მოქმედება აქვს...
- კვეთებულს არავითარი ჯადოს საწინააღმდეგო მოქმედება არა აქვს. საერთოდ, ქრისტიანი ჯადოს, ავ თვალსა და მსგავს მოვლენებს არ უნდა აქცევდეს ყურადღებას. ვისაც სწამს, რომ ჯადო გაუკეთეს და ამის გამოა ცუდად, ეს მიანიშნებს, რომ ეს ადამიანი შორსაა ქრისტიანობისგან. ამგვარი დამოკიდებულებით უფალს ვეწინააღმდეგებით. როგორ შეიძლება ადამიანს, რომელიც ჭეშმარიტი ქრისტიანია, უფლის სწამს, მასზე ამყარებს სასოებას და ცხოვრობს ჭეშმარიტად ქრისტიანული ცხოვრებით, ზიანი მიაყენოს ვიღაცის მიერ ჩატარებულმა აბსურდულმა რიტუალებმა, რასაც ჯადოს ეძახიან. მისი მფარველი ხომ უფალია. ე.წ. ჯადო, არაკეთილისმყოფელთა მიერ აღსრულებული რიტუალები, სწორედ მასზე მოქმედებს, ვისაც სარწმუნოება არა აქვს. მორწმუნე ადამიანი ასეთ რაღაცებს ყურადღებას არ აქცევს.
არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე












