,,სამწუხაროდ, ხშირად ნათლიად მატერიალური მხრივ, ცნობილ ადამიანებს ირჩევენ..." - რას ამბობს მამა შალვა ნათლიებისა და მშობლების პასუხისმგებლობაზე

მამა შალვა კეკელია

ხვალ, 19 იანვარს ნათლისღებაა. ტრადიციულად, ნათლობის საიდუმლო მსახურება ჩატარდება და უამრავი ჩვილი მოინათლება.

ამასთან დაკავშირებით, ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია მშობლებს რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას აძლევს.

„სამწუხაროდ, ძალიან ბევრი შემთხვევაა იმისი, რომ ნათლიას მატერიალური მხრივ, ცნობილ ადამიანებს ირჩევენ. ეს არასწორად დანათესავებაა. ნათლიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და საერთოდ, ეს წესი, ბევრი ნათლიის, მარტო ჩვენს ეკლესიაშია. 5-6-7 ნათლია სხვაგან არ არსებობს. ეს ფორმა 20-30 წლის წინ დამახინჯდა. 5-6 ნათლია ჩვენს ეკლესიაში მიუღებელია. ჩვენს ეკლესიებში ეს დღემდე დადგენილი არ არის. წესით, 2 ნათლიის მეტი არ შეიძლება. ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, ადამიანი უნდა იცნობდეს საკუთარ ნათლიას. ნათლია-ნათლულობა უდიდესი კავშირი, ეს არის სულიერი მშობლობა და შვილობა. ეს ნათესაურ კავშირზე უდიდესია.

წარმოიდგინეთ, ნათლობის დროს ადამიანს უწევს პირობის დადება ღვთის წინაშე. თუ ჩვილი ინათლება, ნათლია ნათლულის ნაცვლად დებს პირობას, 9-ჯერ ამბობს რომ „ეშმაკს განეშორება“. მერე მობრუნდება მღვდლისკენ და ადასტურებს, რომ „ქრისტეს შეუდგება“. ამბობს სარწმუნოების სიმბოლოს, მრწამსს, რომელიც შედგება 12 მუხლისაგან. თუ ადამიანი ამ თორმეტი მუხლიდან რომელიმეს არ ეთანხმება, შეუძლებელია რომ ნათლიად დადგეს. „ჩემებური“ რწმენა არ არსებობს... თუ შენ მღვდლის მსახურების არ გჯერა, იმ მღვდელმა რომ დაგასახელოს ნათლიად, იქნები?! ადამიანები ისე ვიქცევით, რომ შინაარსს არაფერს ვაყოლებთ.“ - ამბობს მამა შალვა კეკელია „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში.