როგორი ურთიერთობა ჰქონდა თავდამსხმელს მეზობლებთან - ცნობილი ხდება ახალი დეტალები

ნოდარ ათუაშვილი

საგარეჯოში მომხდარი საზარელი დანაშაულის შესახებ სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ადგილობრივების ნაწილი ამბობენ, რომ 49 წლის კაცს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, ნაწილი კი ამბობს, რომ მშვიდი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

მათ არ იციან, თუ რა გახდა თავდასხმის მიზეზი. ამბობენ, რომ პირს იცნობდნენ, იყო საკმაოდ ჩაკეტილი, არ კონტაქტობდა მეზობლებთან და ეზოში ან მაღაზიაში თუ შეხვდებოდნენ მას შემთხვევით. ამაზე მეტი კომუნიკაცია მათ თავდამსხმელთან არ ჰქონიათ. ასევე, იციან, რომ ის იყო სამხედრო მოსამსახურე.

რაც შეეხება შემთხვევის ადგილს - საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ექსპერტ-კრიმინალისტები, ასევე სამართალდამცველები ადგილზე რჩებიან.

ადგილზე ერთმანეთის სიახლოვეს 3 კორპუსია განთავსებული და ირკვევა, რომ ერთ კორპუსში ცხოვრობდა როგორც თავდამსხმელი, ასევე დაშავებულები და გარდაცვლილები. ისინი ყველანი იყვნენ მეზობლები, გარდა გარდაცვლილი პოლიციის თანამშრომლისა, რომელიც ადგილზე დაიჭრა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

მომხდართან დაკავშირებით პირველი განცხადება გააკეთა მხარის გუბერნატორმაც.

„პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახს. როგორც იცით, გარდაცვლილია 6 ადამიანი, მათ შორის სავარაუდო დამნაშავე და 1 პოლიციის თანამშრომელი. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და დამატებით დეტალებს დაადგენს გამოძიება," - აცხადებს კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი.

შსს-ს ინფორმაციით, საგარეჯოში საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან, 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 4 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილებიდან ერთ-ერთი პოლიციელია.

შემთხვევის ადგილზე მოხდა პოლიციის დამატებითი ჯგუფების მობილიზება, ასევე ადგილზე გამოძახებულ იქნა შინაგან საქმეა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი, რომელთა მისვლისთანავე, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სავარაუდოდ თვითლიკვიდაცია განახორციელა.