„დაჭრილი 2 საათი სახლში მყავდა... ჭრილობა დავამუშავე, სახლში არაყი მქონდა“ - თვითმხილველი

საგარეჯო - თვითმხილველი

საგარეჯოში მძიმე ღამის შემდეგ თვითმხილველები მედიასთან საუბრობენ და დამატებით დეტალებს იხსენებენ.

„სახლიდან ვერ გავდიოდით, მერე არაფერი მოხდეს-მეთქი, დაჭრილი კუთხე-კუთხე გავაძვრინე, პოლიკლინიკაში მივიყვანე, უშველეთ-მეთქი. 2 საათი სახლში მყავდა დაჭრილი, მე-4 ბიჭი, ფეხში ჰქონდა ჭრილობა. ვუშველე, ჩემებურად დავამუშავე, სახლში არაყი მქონდა... გარეთ ვერ გავდიოდი, მეშინოდა.“ -  თქვა „ფორმულასთან“ თვითმხილველმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან, 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 4 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. ბრალდებულმა პირმა ასევე, ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მოხდა პოლიციის დამატებითი ჯგუფების მობილიზება, ასევე ადგილზე გამოძახებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი, რომელთა მისვლისთანავე, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სავარაუდოდ თვითლიკვიდაცია განახორციელა.

საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსში“ აცხადებენ, რომ სროლის შედეგად დაშავებული პირების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

კლინიკის ექიმის, მამუკა ოთიაშვილის ინფორმაციით, ორი პირის ოპერაცია დასრულდა, ორის კი ამ დროისთვის მიმდინარეობს. ერთი დაშავებული, რომელსაც თვალის ტრავმა აღენიშნებოდა, კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.

თავდამსხმელს ვინც თვალში მოხვდა, ყველასთვის იარაღი მიუშვერია. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონია და მკურნალობდა. საკუთარი შვილი მძევლად ჰყოლია აყვანილი, თუმცა სახლიდან გამოპარვა შეძლო. შვილის გარდა სხვა ვინმეც თუ ჰყავდა სახლში, არ ვიცით“, - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

„ეზოში რამდენიმე კაცი მოკლა. ცხედრები მიწაზე ეყარა. დამნაშავე ყოფილი სამხედრო მოსამსახურე იყო, რომელიც ვაზიანის ნაწილში მსახურობდა და საერთაშორისო მისიებშიც მონაწილეობდა. საკუთარ ბინაში იმყოფებოდა და იქიდან ისროდა. ბინაში მარტო ცხოვრობდა", - აცხადებს თვითმხილველი.

შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით დანაშაულის მოტივი უცნობია. მისივე ინფორმაციით, თავდამსხმელი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ ათუაშვილია.

„ძალიან მძიმე შემთხვევაა - 5 ადამიანია გარდაცვლილი, აქედან ერთი ჩვენი თანამშრომელია. მინდა ოჯახებს მივუსამძიმრო. 5 ადამიანია ასევე დაჭრილი, ერთ-ერთს ოპერაცია უტარდება და ექიმები ვერ გვეუბნებიან გადარჩება თუ არა. ვერავინ ვერ ვხსნით რა მოხდა. მოქალაქემ ცეცხლსასროლი იარაღიდან დაიწყო სროლა ჯერ ერთი მხრიდან, მერე აივნის მეორე მხრიდან, სახლში იყო იმ პირის შვილიც, რომელიც სახლიდან გაიქცა.