Exclusive: „მე და გიორგის არც გვიჩხუბია, არც დაშორებულები ვართ...“ - ნინო ჩხეიძის გულახდილი ინტერვიუ
1759143219
რა კავშირშია უშაქრო გაზიანი სასმელების მოხმარება ტვინის დაბერებასთან - ხელოვნური დამატკბობლები, როგორც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამომწვევი პროდუქტი, - ამ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო" ისაუბრეს:
საინტერესო კვლევა ჩატარდა ბრაზილიაში, რომლის შედეგებიც სულ ცოტა ხნის წინ გამოცემა CNN- მა გაასაჯაროვა - და რომლის მიხედვითაც ხელოვნური დამატკბობლების ხშირი გამოყენება, შესაძლოა, ტვინის დაბერებასა და მეხსიერების დაქვეითებას აჩქარებდეს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ექსპერიმენტი 8 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მასში 35-დან 75-წლამდე ასაკის 13 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. კვლევის დასაწყისში თითოეულმა მათგანმა შეავსო სპეციალური კითხვარი, რომელიც კვების რაციონს შეეხებოდა - ის შეიცავდა ინფორმაციას ხელოვნური დამატკბობლების შემცველი პროდუქტების გამოყენებაზე. ასევე, მეხსიერების, ენობრივი უნარების და აზროვნების დონის შესაფასებლად, კვლევის დასაწყისში, მიმდინარეობისას და დასასრულს, მონაწილეებს კოგნიტური ტესტები ჩაუტარდათ. შემოწმდა ისეთი ინდიკატორები, როგორებიცაა ვერბალური კომუნიკაციის უნარი, ინფორმაციის დამუშავებისა და სიტყვების დამახსოვრების სიჩქარე.
8 წლიანი კვლევის დროს, მეცნიერებმა შვიდი სახის დამატკბობლის მოქმედება შეისწავლეს - მათ შორის ასპარტამის, საქარინის, ტაგატოზასა და ქსილიტოლის.
კვლევის შედეგები ასეთი იყო: იმ ადამიანებს, რომლებიც ხელოვნურ დამატკბობლებს მაღალი დოზით (დღეში საშუალოდ 191მილიგრამამდე, დაახლოებით 1 ჩაის კოვზს ) მოიხმარდნენ, მეხსიერების და ზოგადი აზროვნების უნარები 62%-ით უფრო სწრაფად უქვეითდებოდათ. დიაბეტის მქონე ადამიანების შემთხვევაში კი ეს რიცხვი კიდევ უფრო იზრდებოდა. მეცნიერების თქმით, გონებრივი უნარების 62%-ით დაქვეითება - ტვინის 1.6 წლით უფრო სწრაფ დაბერებას შეესაბამება.ტვინის დაბერების დროს - ქვეითდება მეხსიერების უნარი, ადამიანებს უჭირთ ინფორმაციის გადამუშავება, კონცენტრაცია, ნელდება გადაწყვეტილების მიღების პროცესიც. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ხელოვნური დამატკბობელი, სახელწოდებით ასპარტამი, რომელიც კვლევის მიმდინარეობისას გამოიყენეს, 2023 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კარცენოგენურ ანუ კიბოს შესაძლო გამომწვევ ნივთიერებათა კატეგორიას მიაკუთვნა.