ქველმოქმედებაში დახარჯული 95 000 ლარი - რა ქონებით ტოვებს თანამდებობას ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს. ხოლო მის მოვალეობას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია შეასრულებს. 

გამყრელიძემ ქონებრივი დეკლარაცია 2022 წლის მაისში შეავსო. დოკუმენტის მიხედვით, მან აღნიშნულ პოსტზე მუშაობისას ერთ წელში ხელფასის სახით 140 205 ლარი მიიღო.

ამირან გამყრელიძის სახელზეა ერთი ბინა თბილისში. კერძოდ, 1973 წელს მემკვიდრეობით გადაცემული სახლი, რომლის ფართობი 40 კვ.მ-ია.

რაც შეეხება მისი ოჯახის წევრების ქონებას, ამირან გამყრელიძის მეუღლეს 2017 წელს მემკვიდრეობით გადაეცა საცხოვრებელი ფართის 50% - თბილისში მდებარე 20, 350 კვ.მ ბინა. ასევე, მის საკუთრებაშია 1989 წელს შეძენილი, 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში, რომლის ღირებულებაც დეკლარაციაში მითითებული არ არის.

გარდა ამისა, ამირან გამყრელიძის მეუღლე ფლობს 1974 წელს ჩუქების ხელშეკრულებით გადაცემულ 102, 75 კვ.მ ბინას თბილისში და 1990 წელს 15000 მანეთად შეძენილ 200 კვ.მ ფართობის აგარაკს კვესეთში.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში ამირან გამყრელიძე ფლობდა:

„ბაზის ბანკის“ სახელფასოზე - 2 327 ლარს;

„თი-ბი-სი ბანკის“ ანაბარზე - 17 246 აშშ დოლარს, სახელფასოზე - 3 568 ლარს და 2 186 აშშ დოლარს;

„საქართველოს ბანკის“ ანაბარზე - 23 088 აშშ დოლარს, სახელფასოზე - 5 078 ლარს, მიმდინარეზე - 2 702 დოლარს;

„პროკრედიტ ბანკის“ მიმდინარეზე - 1 674 ლარს.

ხოლო დანაზოგი - 15 000 ლარს შეადგენს.

დეკლარაციის მიხედვით, ამირან გამყრელიძეს ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრში სამეცნიერო მრჩევლის პოსტზე, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ხელფასის სახით აღებული აქვს 28 800 ლარი. ამავე პერიოდში, გამყრელიძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან პენსიის სახით 8 849 აშშ დოლარი მიიღო.

აქვე, ამირან გამყრელიძემ ქველმოქმედება/დახმარებაში 95 000 ლარი დახარჯა, მისმა მეუღლემ მარინა კვეზერელმა - 20 000 ლარი. ამასთან, გასულ წელს გამყრელიძემ შვილიშვილების ანაბარზე 3 600 დოლარი გადარიცხა.