"მენატრება ის პერიოდი, როდესაც მამა გაბრიელთან, მცხეთაში ვიყავი. ის სულ ჩემთან არის..." - დედა პარასკევა წმინდა მამას იხსენებს

mama gabrieli

"სადაც დედა პარასკევაა, მამა გაბრიელიც იქ არისო, ამბობენ", - გვითხრა და გაიცინა მონაზონმა, რომელსაც თითქმის მთელი საქართველო იცნობს.

ჩვენი დროის უდიდესი წმინდანის გვერდით სამი წელი გაატარა. უმზადებდა წვნიანს, უსიტყვოდ ესმოდა მისი. მამა გაბრიელის გარდაცვალების შემდეგ კი, მისი უხრწნელი სისხლით ყველას ლოცავს და წმინდა მამასთან შუამდგომლობს.

დედა პარასკევა გვიდასტურებს, რომ ის კავშირია ჩვენსა და მამა გაბრიელს შორის. "პრაიმტაიმთან" იხსენებს ძვირფას მოძღვარს და მის დანაბარებს გადმოგვცემს.

დედა პარასკევა: როდესაც მამა გაბრიელის დახმარება მჭირდება, ის სულ ჩემთან არის. ყოველთვის, სადაც არ უნდა ვიყო, როდესაც მჭირდება და მოვუხმობ, შეგრძნების დონეზე, ყოველთვის ვგრძნობ მის ყოფნას.

მის განსაკუთრებულ სიახლოვეს კი აქ, მის მიერ აგებულ ტაძარსა და კელიაში ვგრძნობ.

ხილვები არა, მაგრამ შინაგანად ვგრძნობ, რომ მამა გაბრიელი იქვე დგას და მეხმარება. ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ეს შინაგანი შეგრძნებაა.

როდესაც დახმარება სჭირდებათ და მამა გაბრიელთან ლოცვა სჭირდებათ, მე მომმართავენ და მამა გაბრიელი უცებ ისმენს ჩემს სიტყვას. ერთგვარი შუამავალი ვარ ადამიანებსა და მამა გაბრიელს შორის. მამა გაბრიელი ჩვენი მეოხია. რაღაცნაირად მე დედამიწაზე დამტოვა, რომ ადვილად გავაგებინო მას, რა გვჭირდება. ეს, მამა გაბრიელის მეოხებით, ღმერთის წყალობაა.

ვისაც განკურნავს, ვის ლოცვასაც შეისმენს, როგორც ჩანს, მათთან ძალიან ახლოს არის მამა გაბრიელი და მათი გულის ტკივილი შეისმინა.

მამა გაბრიელს ბუნებრივად იმპროვიზებული და არტისტული და ლამაზი ხმა ჰქონდა. ვუმზადებდი საჭმელს, რასაც მთხოვდა. ძირითადად, წვნიანების მომზადებას მთხოვდა, ბრინჯით მომზადებულს. უყვარდა ლობიო. მცირედით იკვებებოდა, ამბობდა: ჩემი საქართველოს სიყვარული საჭმელში როგორ გავცვალოო.

მენატრება ის პერიოდი, როდესაც მამა გაბრიელთან ვიყავი მცხეთაში.

მამა გაბრიელმა დაგვიბარა, საქართველოს სიყვარული გადაარჩენსო. გიყვარდეთ ერთმანეთიო. ქრისტეს მტრები როგორ უნდა შეიყვარო, მაგრამ არ უნდა გძულდეს და აქედან გამოდის სიყვარულიო...

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 "სახლების უმრავლესობა არეულობით, შფოთითაა სავსე. სადღაც გაყრაა, სადღაც - გაკოტრება, ავადმყოფობა; ზოგი წამალს ეტანება, ზოგი ნარკოტიკს. საცოდავები!" -  ბერი პაისი თანამედროვე ადამიანზე

"კვირა დღეს მცირე ცოდვაც რომ ჩაიდინო, ათწილ უფრო მეტ დანაშაულში ჩაგეთვლება, რადგან ის დღე ღმრთისაა" - რა უნდა ვაკეთოთ კვირაობით

"წადით მთაში, სოფელში, გქონდეთ პატარა ბოსტანი” – ბერი პაისის წინასწარმეტყველება