"როცა მოახლოვდება ის საშინელი დღეები, წინასწარ გაგაფრთხილებთ და გზას გიჩვენებთ. აი, მაშინ შეიწყალებს ღვთისმშობელი ჩვენს ქვეყანას და ისეთი სასწაული მოხდება..." - მამა გაბრიელის წინასწარმეტყველებანი

mama gabrieli

22 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია აღმსარებლისა და სალოსის, ღირსი მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების აღმოყვანების დღეს აღნიშნავს. 

2012 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით, არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) წმინდანად შეირაცხა, ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებლისა სალოსის სახელით. მისი ხსენების დღედ დაწესდა 2 ნოემბერი.

ზუსტად ათი წლის წინ, 2014 წლის 22 თებერვალს გაიხსნა ღირსი მამა გაბრიელის საფლავი. წმინდა ნაწილები სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ფერისცვალების ტაძარში გადაასვენეს, სადაც მღვდელმთავრებმა და სხვა სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს. ამის შემდეგ, ღირსი მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სამთავროს ფერისცვალების სახელობის ტაძრიდან სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში გადააბრძანეს. 

2014 წლის 24 თებერვალს, ღირსი მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრიდან თბილისში, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადააბრძანეს, სადაც მას შეეგება უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე. მრევლს საშუალება ჰქონდა მოელოცა წმინდა ნაწილები. ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, ღირსი მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებთან, მომლოცველთა ნაკადი არ წყდებოდა და იმ დღეებში, ასი ათასობით ადამიანი მიეახლა სიწმინდეს.

2014 წლის 1 აპრილიდან, ღირსი მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები დაბრძანებულია მცხეთაში, სამთავროს წმიდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში.

2015 წლის 29 ნოემბერს, სამთავროს წმიდა ნინოს დედა მონასტრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში, წირვა აღასრულა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, წმიდა სინოდის წევრ მღვდელმთავართა თანამსახურებით, რა დროსაც, ღირსი მამა გაბრიელის წმიდა ნაწილები ჩაბრძანებულ იქნა ტაძრის ჩრდილოეთ კედელთან სპეციალურად მოწყობილ ქვის ლუსკუმაში.

მამა გაბრიელი ჩვენი დროის უდიდესი ქართველი წმინდანია და მან, ამ კუთხით, აღიარება მთელს მსოფლიოში პოვა. ის მორწმუნეთა და გულმხურვალედ მლოცველთ სასწაულებს უვლენს, კურნავს, ეწევა, შვილებს ჩუქნის, აბედნიერებს...

უბრალოდ მოუხმეთ, ილოცეთ მის სახელზე და შეგეწევათ... მნიშვნელობა არ აქვს, სად იმყოფებით. ლოცვა ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ. მთავარი წრფელი გულია... 

არსებობს ღირსი მამის დაუჯდომელი, ლოცვა, რომელიც მის ხატთან შეგიძლიათ წაიკითხოთ. ინტერნეტ სივრცეში მისი არაერთი ბრძნული შეგონებისა და დარიგების მოძიება და წაკითხვა შეგიძლიათ.

***

მამა გაბრიელის წინასწარმეტყველებანი

„…ათასი უბედურება მოდის: მიწისძვრები, ინფექციები, დაავადებები. ახლა ახალი ვირუსი შემოდის: ჩირქით და მუწუკებით აისახება და ვილოცოთ, შეგვიწყალოს უფალმა. თუ ვართ ამის ღირსნი…

შვილებო, არ გაცდუნოთ ბოროტმა: გაარჩიეთ შავი და თეთრი. რწმენას მიხედეთ, მოყვასნო, რწმენას, თორემ ძალიან გიგიჭირდებათ მალე.

შვილებო, აღარ არის (ტაძრების) შენების დრო, აღარ, მოყვასნო. რაც არის აშენებული, ისიც მალე ძალას დაკარგავს და აღარ იქნება ლოცვა იმ ადამიანებისთვის, ვინც წყეულის ბეჭედს მიიღებს…

ჩიპი აქაც მალე შემოვა, მოყვასნო. ხალხს ვერაფრით დაიყოლიებენ, მორწმუნე ერზე მაქვს საუბარი, თორემ სხვაზე რა გითხრათ, იმას მოიგონებენ, რომ ვითომცდა ეს ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის, პატარებისთვის იქნება საჭირო, რომ არ დაიხოცონ, რომ არ შეხვდეთ ვირუსი და არ დაავადდნენ სხვადასხვა დაავადებისგან.

ვიცი, ბევრი მორწმუნე ჩაიდგამს და ბევრი სამღვდელო პირი ცდუნდება: ვერ დათმობენ კეთილდღეობას და მერე ვაიმე, შვილებო. დაიჩიპებიან და აი, მერე, უკვე გამოჩნდება სატანა.

ორმა ქვეყანამ თქვა უარი დაჩიპვაზე, მაგრამ ქართველ ხალხს, ცუდი ზნე აქვს: ყველაფერ ცუდს ჩვენი ერი ითვისებს. მაგრამ გონზე მოდით, გონს მოეგეთ, მოყვასნო. მალე შემოვა ეს საქართველოში და ავიცილოთ სატანის ნიშანი, შვილებო, ნუ დავიღუპავთ თავს. კარს არის მომდგარი ეშმაკის ნიშანი და დავიცვათ ერთმანეთი, შვილებო! 

მალე კავკასიონს ტალახი ჩამორეცხავს, შავი მიწა ჩამოიტანს და გაასწორებს. კარგია, თუ შორს, სადმე, სოფლებში მიწები და ადგილები გექნებათ. დაგჭირდებათ მალე მისი დამუშავება და საზრდოს მოყვანა, რათა თავი ირჩინოთ და გამოკვებოთ ერთმანეთი. როცა მოახლოვდება ის საშინელი დღეები, წინასწარ გაგაფრთხილებთ და გზას გიჩვენებთ. 

ნეტარ იქნება ის ადამიანი, რომელიც ამ დღეებს დაითმენს და უფალს სიხარულით შეხვდება. გეტყვით და გირჩევთ, რა უნდა დათესოთ და რა უნდა მოიყვანოთ. ბევრი ადამიანი პურის ნატეხს ყრის და არაფრად აგდებს. შეინახეთ, გაახმეთ, სანატრელი იქნება, შვილებო. ჩვენი პატრიარქი პურის ნაფხვენებს და კარტოფილის ნაფცქვენებს ახმობს და დარიალის ხეობაში ინახავს. საშინელი დღეები იქნება და უნდა დავძლიოთ, შვილებო, ერთმანეთის დახმარებითა და სიყვარულით“.

„მე მესმის, რომ მოციქულთა დროიდან ამბობენ – ახლოს არის ჟამი. მაგრამ მერწმუნეთ, ქრისტეს საშინელი სამსჯავროს წინაშე ვიყო პასუხისმგებელი ამ სიტყვებზე, რომ მართლაც ახლოს არის ჟამი! თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს“…

„მაშინ მთავარი იქნება რწმენა, სასოება და სიყვარული ქრისტესი. ანტიქრისტე საშინელ შიშს მოიტანს ქვეყანაზე და მთავარია, თქვენ ამ შიშს გაუძლოთ. ელიას და ენუქის ბრძოლა ანტიქრისტესთან ტელევიზიით იქნება ნაჩვენები და ამისი ნახვა მრავალ იუდეველს მოაქცევს”…

"საქართველოს ტერიტორიების გაყიდვას და დაკარგვას, ღვთისმშობელი არავის აპატიებს. ყველა დაისჯება.

ბოლოს თბილისის თავს ორი ნაცრისფერი ფრინველი დასტრიალებდა (ბომბდამშენი ხომ არის ნეტავ?).

რუსთაველს არ გაეკაროთ, ისეთი ამბავი იქნება...

ფუნიკულიორზე რესტორანი რომ არის, მაგ შენობას ურევია იმ ეკლესიის ქვები, რომლებიც პარლამენტის შენობის ადგილას იდგა. სანამ ის ქვები თავის ადგილს არ დაუბრუნდება, არასდროს დაწყნარდება იქაურობა, სულ არეულობა იქნება. ის ქვები თავის ადგილს დაუბრუნდება.

ვინც ამ არეულობაში და ომში მოჰყვება, მაგათთვის კარგია სულის ცხონებისათვის.

ნუ შეგეშინდებათ, ღმერთი ყველგანაა, გული განიწმინდეთ და ისე ილოცეთ, დაგიფარავთ მაცხოვარი.

სუსტებს ადრე გაიყვანს უფალი, ძლიერებს დატოვებს, ბოლო ჟამისთვის, რომ შეებრძოლონ ანტიქრისტეს საცდურებს.

რომ იტყვიან უკვე, საქართველო აღარ არისო, აი, მაშინ შეიწყალებს ღვთისმშობელი ჩვენს ქვეყანას და ისეთი სასწაული მოხდება, რომ მალე იქნება საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდის."

წმინდა მამა გაბრიელი (ურგებაძე) 1993 წელი

 

ასევე დაგაინტერესებთ:

"როცა ღვთის სიტყვა თითქმის აღარსად გაისმოდა საქართველოში, ბეთანიელი მამები შუქურასავით იყვნენ და გზააბნეულ ადამიანებს ხსნის გზას უჩვენებდნენ" - დღეს წმინდა ბეთანიელი მამების ხსენების დღეა

 "ტირილი ამივარდა..." - სასწაული ციხისჯვრის მონასტერში - თვითმხილველის თქმით, განათების შუქზე ღვთისმშობლის გამოსახულება აირეკლა

ძლიერი ლოცვა, რომელიც მამა გაბრიელის ხატთან უნდა წარმოთქვათ