1771790661
მანქანა გაზზე იყო... ბავშვები ეკლესიიდან ბრუნდებოდნენ - რა არის ამ დროისთვის ცნობილი კახეთში დატრიალებულ ტრაგედიაზე
გურჯაანში ავარიის დროს დაღუპულ არასრულწლოვნებს გლოვობენ. ადგილობრივები ოჯახს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებენ.
სოფელ მელაანში მომხდარი ტრაგედიის შედეგად სამი არასრულწლოვანი გარდაიცვალა, ისინი ერთმანეთის ნათესავები არიან. ადგილობრივების ინფორმაციით, ავტომობილში დამწვარი ბიჭები დეიდაშვილები, ხოლო გოგონა - მათი ბიძაშვილია.
მოზარდები ეკლესიიდან ბრუნდებოდნენ. საჭესთან, სავარაუდოდ, 14 წლის მოზარდი იჯდა. რომელმაც საჭე ვერ დაიმორჩილა, შეჯახების დრო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. გადარჩენილია მხოლოდ ორი მგზავრი.
როგორც სოფელში ამბობენ, არასრულწლოვანმა მანქანა პაპას სთხოვა, რომელიც თავიდან უარს ეუბნებოდა, მაგრამ საბოლოოდ, მაინც დათანხმდა შვილიშვილისთვის მანქანა ეთხოვებინა. როგორც ამბობენ, მოზარდმა მანქანის ტარება იცოდა.
ადგილობრივების ცნობით, მანქანა გაზზე იყო, ამიტომ შეჯახების დროს ცეცხლი სწრაფად გავრცელდა და მოზარდებმაც მანქანიდან გადმოსვლა ვერ მოახერხეს.
შემთხვევა გუშინ, ღამით მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.











