შსს ინფორმაციას ავრცელებს

შსს

შსს 43 წლის მამაკაცის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და პოლიციელების მიმართ განხორციელებული წინააღმდეგობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული გ.შ დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ კასპის რაიონის სოფელ ოკამში მცხოვრებმა ბრალდებულმა პირმა, ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ფეხის არეში დაზიანება მიაყენა 1983 წელს დაბადებულ მ.შ-ს. დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა მომხდარიდან მალევე დაადგინეს.გ.შ-ს საცხოვრებელ სახლთან, მისი დაკავების მიზნით მისულ სამართალდამცველებს ბრალდებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა, რის გამოც ადგილზე საჭირო გახდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლების მობილიზება.

შიდა ქართლის პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ წარმატებით ჩატარებული ერთობლივი ღონისძიების შედეგად გ.შ. შემთხვევის ადგილზე ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე და 353-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.