მაკაკა პანჩის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

მაკაკა

იაპონური მაკაკა, რომელმაც ზუსტად ერთ დღე-ღამეში მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანის სიყვარული დაიმსახურა. მაკაკა სახელად პანჩი იაპონიის იჩიკავას ზოოპარკში დაიბადა, თუმცა დედამ მასზე უარი დაბადებისთანავე თქვა. პრიმატებისთვის დედასთან კონტაქტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამიტომ მისმა მომვლელებმა უდედოდ დარჩენილ პატარა მაკაკას რბილი სათამაშოები მისცეს. პანჩიმ თავად აირჩია ნარინჯისფერი ორანგუტანი, რომელსაც "ორან-მამა" შეარქვეს. კადრებმა, სადაც ის სათამაშოს ისე ებღაუჭება, როგორც დედას, მილიონობით ადამიანის თანაგრძნობა გამოიწვია.

პანჩის სხვა მაიმუნებთან შეგუებაც გაუჭირდა. სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ აგრესიულად ექცევიან მას ზრდასრული მაკაკები. რის შემდეგაც შეშინებული პანჩი დასამალად მის ერთადერთ მეგობართან, სათამაშო ორანგუტანთან გარბის.

საქმეში მეცნიერებიც ჩაერთნენ, ფსიქოლოგებმა თქვეს, რომ პანჩის ქცევა მარტივად იხსნება. სპეციალისტები წლების ჩატარებულ ცნობილ ექსპერიმენტსაც იხსენებენ, რომელმაც აჩვენა, რომ პრიმატებისთვის სითბო და ჩახუტება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკვები. პატარა მაკაკას ქცევა კი, რომელიც სათამაშოს ყველგან თან დაათრევს და მასთან ჩახუტებულს სძინავს, ძალიან ჰგავს ადამიანის ბავშვობას, როცა საყვარელი სათამაშო ქვეცნობიერად უსაფრთხოებასთან ასოცირდება.

პანჩი იმდენად პოპულარული გახდა, რომ სათამაშო მაიმუნის მწარმოებელმა კომპანიამ ზოოპარკს ამ ორანგუტანების მთელი მარაგი აჩუქა, იმისთვის, რომ თუ სათამაშო გაცვდება, პატარა მაკაკა მეგობრის გარეშე არცერთი წუთით არ დარჩეს. პანჩის ისტორიის პარალელურად, მსოფლიოს მასშტაბით ამ სათამაშოზე მოთხოვნა რეკორდულად გაიზარდა.

იაპონური მაკაკების საზოგადოება ერთ-ერთი ყველაზე რთულია ცხოველთა სამყაროში. აქ გადარჩენისთვის მხოლოდ ძალისხმევა საკმარისი არ არის. საჭიროა ნამდვილი დიპლომატიაც. ისინი ერთმანეთს ბეწვის მოვლით, ე.წ. გრუმინგით უმეგობრდებიან. პანჩიმ ეს ნელ-ნელა აითვისა.

მიუხედავად იმისა, რომ რეალური სამყარო პანჩისთვის თავიდან მკაცრი აღმოჩნდა, პატარა პრიმატმა გამოცდას გაუძლო. ის უკვე სტაბილურად ერწყმის გუნდს და ნამდვილ სოციალურ ვარსკვლავადაც იქცა. თუმცა, მიუხედავად ცოცხალი მეგობრების სიმრავლისა, პანჩი თავის ერთგულ "ორან-მამას" მაინც არ ტოვებს და მასთან განშორებას არც ახლა აპირებს. ინტერნეტსივრცეში პანჩი სიმტკიცის, იმედისა და ერთგულების სიმბოლოდ იქცა. სოციალურ ქსელში მომხმარებლები წერენ, რომ პანჩი მაგალითია, როგორ არ უნდა დაივიწყო ის, ვინც სირთულეების დროს შენს გვერდით იყო. მაშინაც კი, თუ ეს მეგობარი უბრალოდ რბილი, ნარინჯისფერი სათამაშოა.

მიუხედავად იმისა, რომ ველურ ბუნებაში შთამომავლობის უარყოფა იშვიათი არ არის, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ასეთ მომენტებში ადამიანის დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პარკ „ტაიგანის“ და ზოოპარკის დამფუძნებელმა ოლეგ ზუბკოვმა გამოთქვა მზადყოფნა, პანჩი თავის მეურვეობაში მიიღოს და პროფესიული ხედვა წარმოადგინა, თუ როგორ შეიძლება დაეხმარონ პატარას ამ რთული ეტაპის გადალახვაში.

„ჩვენ ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვიღებთ ცხოველებს, იგივე ეხება პანჩსაც. მაკაკა პატარაა, თუმცა დარწმუნებული ვარ, ტოკიოს ზოოპარკი ან იაპონიის სხვა ზოოპარკები ნაკლებად დააყენებენ საკითხს მისი სხვაგან გადაცემის შესახებ, რადგან იაპონელებს ძალიან უყვართ მაკაკები და ზოგადად ყველა მინიატურული ცხოველი.- აღნიშნა მან.

ექსპერტის აზრით, იაპონელები შეცდომას უშვებენ, როდესაც პატარა მაკაკასთვის განკუთვნილ ფუმფულა სათამაშოს ხშირად ცვლიან, რადგან ეს ცხოველები ძალიან სოციალურები არიან. მათ მუდმივად სჭირდებათ დედის სიახლოვე, რომელსაც ეჭიდებიან. მოცემულ შემთხვევაში დედის როლს სათამაშო მაიმუნი ასრულებს. პინჩი მას ეჩვევა და საკუთარ სუნსაც გრძნობს მასზე, ხოლო ზოოპარკის თანამშრომლები ჰიგიენური მოსაზრებებით სათამაშოს ხშირად ართმევენ და ახალს აძლევენ, რაც პანჩისთვის დიდ სტრესს იწვევს, რადგან ახალ სათამაშოს სხვა სუნი აქვს.

დღეს ჩინეთში მაკაკების ღირებულება 20 ათას დოლარს აღწევს. საუბარია ლაბორატორიულ ცხოველებზე, რომლებიც ბიოტექნოლოგიებისა და კვლევითი ინსტიტუტებისთვის გამოიყენება. პრიმატების იშვიათ სახეობებს დიდი მნიშვნელობა აქვთ ბუნებისთვისაც. მნიშვნელოვანია მათი შენარჩუნება იმის მიუხედავად, პატარა ცხოველი დედამ გამოკვება თუ ხელოვნურად გაიზარდა.

„ხელოვნური გამოკვების შემთხვევაშიც კი, მომავალში ასეთ ცხოველებს შეუძლიათ საკუთარი შთამომავლობა ჰყავდეთ და თავადაც გაზარდონ ისინი, მიუხედავად იმისა, რომ თავად ხელოვნურად იყვნენ გაზრდილები. ასეთი მაგალითები ბევრი ვიცი“,  - ამბობს ექსპერტი.

ამასთან, უმსხვილესმა სავაჭრო კომპანიამ IKEA განაცხადა, რომ გაეზარდა ნარინჯისფერი ფუმფულა სათამაშოს  - „ჯუნგლის ორაგუტანგის“ გაყიდვები,  მას შემდეგ, რაც იაპონიის ზოოპარკიდან გავრცელდა ვიდეო, სადაც დედის მიერ მიტოვებულმა პატარა მაკაკამ, უზარმაზარ სათამაშოში იპოვა დედის შემცვლელი. ამის შესახებ წერს The New York Times.