„ლელამ ჩემი ენერგეტიკა იგრძნო. სცენაზე არ დავრჩი, რადგან...“ - რას გვიყვება მარიამ სადღობელაშვილი ლელასთან ერთად სიმღერაზე

lela

ბლოგერ მარიამ სადღობელაშვილს ინტერნეტსივრცეში კარგად იცნობენ. 22 დეკემბერს მარიამი, "ევროპის უნივერსიტეტში", ლელა წურწუმიას კონცერტს დაესწრო. მომღერალმა ბლოგერი სცენაზე აიყვანა... 

როგორც მარიამი "პრაიმტაიმთან" ამბობს, ეს "სცენა" წინასწარ დადგმული არ ყოფილა. ლელამ ჩემი ენერგეტიკა იგრძნო და სიმღერის დროს შემამჩნიაო, ამბობს...

პოპდივაზე შეყვარებული მარიამი თავის ემოციებს გვიზიარებს. 

მარიამ სადღობელაშვილი: ძალიან მიყვარს ლელა წურწუმია. უბრალო, ნამდვილი და ადამიანურია. ადამიანია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მის კონცერტს არასდროს დავსწრებივარ. რომ ვუსმენ, საოცარი მუხტი მოდის მისგან.

თავიდან კონცერტი "ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტთათვის დაიგეგმა. მათთვის დასწრება თავისუფალი იყო. მერე სხვებმა, ვისაც სტატუსი აქვს შეჩერებული, ან ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან, ეს გააპროტესტეს. მეც "ევროპის უნივერსიტეტში" ვსწავლობდი. მერე მუშაობა დავიწყე და სწავლას ვერ ვახერხებდი. მოკლედ, გული დამწყდა, რომ ამ კონცერტს ვერ დავესწრებოდი. მაგრამ მეგობრებმა მითხრეს, გავარკვევთ, იქნებ, ჩვენც შევძლოთო. მოკლედ, გაპროტესდა და ყველა დაგვიშვეს, კურსდამთავრებულნიც და ისინიც, ვისაც სტატუსი გვქონდა შეჩერებული.

წინასწარ არაფერი დაგეგმილა; ჩემი სცენაზე მოხვედრა, ძალზე სპონტანურად მოხდა. არადა, მანამდე, რამდენიმე დღით ადრე, ვიხუმრე, 22-ში ლელას უნდა შევხვდე და ვემზადები-მეთქი. 

კონცერტზე ბევრი ინდოელი სტუდენტი იყო. მეგობარმა მითხრა, ესენი ისე ცეკვავენ, შენ დაინგრევი, ამიტომ სანამ წინ ჯერ კიდევ არის ცოტა ადგილი, წავიწიოთო. გადავინაცვლეთ სცენის წინ და... რაღაც დროს, ლელამ შემამჩნია და მოვიდა. 

ადამიანები მეუბნებიან, შენ ისეთი ენერგეტიკა გაქვს, რომლითაც ივსება ის გარემო, სადაც შენ ხარო. ეს ენერგეტიკა ლელამაც იგრძნო და ეს გამიხარდა ყველაზე ძალიან.

ლელას რომ უყურებ და უსმენ, გინდა არ გინდა, მღერი. სახეზე ღიმილი გაქვს და სხვა ენერგიით ივსები.

ლელა მღეროდა სიმღერას - "ვიხსენებ ყველაფერს თავიდან".

 

კომფორტულად ხართო? მკითხა. კი-მეთქი, მაგრამ მაინც ამიყვანა სცენაზე. სიმღერის შემდეგ მითხრა, სცენაზე დაჯექი, მინდა კომფორტულად იყოთო. სცენაზე არ დავრჩი, რადგან მე იქ გასართობად, საცეკვაოდ მივედი...

მითხრა, რომ უყურებს ჩემს ვიდეოებს და დადებითად არის განწყობილი. ვიგრძენი მისი ენერგეტიკა, მან კი - ჩემი... ძალიან კარგი იყო. ეს დღე არასოდეს დამავიწყდება. 

მეგობარმა მითხრა, მიკროფონი რომ მოგაწოდა, ჩემი ისტორია გამახსენდაო. ბათუმში კონცერტზე მისთვისაც მიუწოდებია მიკროფონი და იმდენად შოკში ვიყავი, სიმღერის ტექსტი დამავიწყდა და შენ რომ იმღერე, ამოვისუნთქეო. როგორ შეიძლება ლელას სიმღერები არ იცოდე. ეს ქალი ჩვენი ვარსკვლავია, ისევე როგორც ბიონსე - ამერიკაში. 

არაერთხელ წამიკითხავს ლელას მისამართით დაწერილი კრიტიკა; სხვა რამ იმღერე, სულ ძველ სიმღერებს რომ მღერიო. რა დროც არ უნდა გავიდეს, ლელა სულ ემახსოვრებათ ადამიანებს და მისი შემოქმედება არასდროს დაძველდება. მე მის სიმღერებზე გავიზარდე. 

მოკლედ, სურვილები ხდება. ძველ წელს დადებით ტალღაზე ვაცილებ. ის სამი დღე ძალიან კარგი იყო და ასე მიყოლებით, პოზიტიური დღეები, ვფიქრობ, არასდროს მქონია. ლელას კონცერტი, მეორე დღეს ჩემს ზესტაფონში ჩავედი და მესამე დღეს დედასთან, ათენში ჩავფრინდი.

ახალ წელს დედასთან ერთად ვხვდები. 

იმედი მაქვს, მომავალი წელი კიდევ უფრო კარგი იქნება. 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

"რა გჭირს სახეზე? რამე დაგეჯახა?" ამგვარი კომენტარების გამო, მეგონა, სხვა სამყაროდან ვიყავი... არადა, ვგიჟდები სიცოცხლე ისე მიყვარს..." - რამ შეცვალა მარიკო სადღობელაშვილი

"ბევრი მწერს, რომ ჩემთან ერთად სიამოვნებით დალევდა ყავას. გაგიმხელთ გეგმას..." - რატომ ჩავიდა ტიკტოკერი მარიკო საბერძნეთში

"12-13 წლის ვიყავი, ბებია ტიროდა - მა­მაშენი გარდაიცვალაო. ყვავილები მიყიდეს და... უნახავი მამა ვნახე... პანაშვიდიდან მკვდარი წამოვედი...“ - გია ფერაძის გარდაცვალებიდან 28 წელი გავიდა

ვბრუნდებით გამარჯვებულები...“ - ამირან არაბულის ქალიშვილი სასიხარულო ინფორმაციით