საქართველოში ამინდი გაუარესდება - მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი
1787851761
ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს, სადაც განმარტავს, რომ ბაზარზე მორიგი საეჭვო ნარკოტიკული ნივთიერებები გამოჩნდა, რაც ხშირად ფატალურ შედეგს იწვევს.
„ვიღაცამ შეიძლება თქვას: „მოგვბეზრდა, ნუ გვაცხოვრებთ ამ ნარკომანების პრობლემებითო“. ერთმა ტროლმა სწორედ ასე მომწერა. მაგრამ, სამწუხაროდ, სხვა გზა არ მაქვს.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში არაერთი ადამიანი მწერს და მეუბნება, რომ darknet-ზე ახალი ტენდენციები გაჩნდა. ადამიანები უცნობი ნივთიერებების მიღების შემდეგ ზედოზირებით საავადმყოფოში ხვდებიან, ზოგჯერ კი სიცოცხლესაც კარგავენ. და რაც ყველაზე საგანგაშოა — ნივთიერების ლაბორატორიული შემოწმებისას ხშირად აღმოჩნდება, რომ ის საერთოდ არ არის ის, რაც მომხმარებელს ეგონა, რომ იყიდა და შეიცავს სხვა ნივთიერებების ნარევს.
ნარკობაზარი სწრაფად იცვლება — და ჩვენ ამას ხშირად ძალიან გვიან ვამჩნევთ.
2025–2026 წლებში განსაკუთრებით საყურადღებო გახდა darknet-ისა და ონლაინ ბაზრების ახალი ტენდენციები.
უკვე აღარ არის საუბარი მხოლოდ ჰეროინზე, კოკაინზე ან ფენტანილზე. ბაზარზე ჩნდება ახალი სინთეზური ოპიოიდები — მათ შორის nitazenes, რომელთა ზოგიერთი წარმომადგენელი ძალიან მაღალი პოტენციალით გამოირჩევა.
ერთ-ერთი ყველაზე საშიში ტენდენციაა ყალბი ფარმაცევტული ტაბლეტები — აბი შეიძლება იყიდებოდეს როგორც oxycodone, alprazolam ან diazepam, მაგრამ სინამდვილეში სრულიად სხვა ნივთიერებას, მათ შორის ძლიერ სინთეზურ ოპიოიდს, შეიცავდეს.
ასევე სწრაფად ვითარდება სინთეზური და ნახევრადსინთეზური კანაბინოიდების ბაზარი. მომხმარებელს შეიძლება ეგონოს, რომ ყიდულობს „მარიხუანას“, მაშინ როცა პროდუქტის რეალური შემადგენლობა სრულიად სხვა იყოს.
იგივე ხდება synthetic cathinone-ების შემთხვევაში — ერთი ნივთიერების კონტროლის შემდეგ ბაზარზე შეიძლება გაჩნდეს ახალი, ქიმიურად მსგავსი ნაერთი.
ყველაზე დიდი პრობლემა კი ის არის, რომ მომხმარებელმა ხშირად საერთოდ არ იცის, რას იღებს.
ეს უკვე მხოლოდ ნარკოტიკების მოხმარების პრობლემა აღარ არის. ეს არის ტოქსიკოლოგიური და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერიოზული გამოწვევა.
მსოფლიოში 2024 წელს ნარკოტიკულ ნიმუშებში 688 სხვადასხვა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება დაფიქსირდა, მათგან 101 პირველად გამოვლინდა.
ამ რეალობაში მხოლოდ დასჯაზე ორიენტირებული პოლიტიკა ვერ იქნება საკმარისი.
საჭიროა სწრაფი ტოქსიკოლოგიური მონიტორინგი, ექიმების ინფორმირება, ზიანის შემცირების პროგრამები და სისტემის მზადყოფნა ახალი ნივთიერებების გამოჩენისთვის.
რადგან დღეს შეიძლება პაციენტმა გითხრას, რა იყიდა — მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მან იცის, რა მიიღო.
და ყველაზე მთავარი — თუ უცნობი ნივთიერების მიღების შემდეგ ადამიანს დაეწყო გონების დაკარგვა, სუნთქვის შენელება ან გაძნელება, კრუნჩხვა, ძლიერი აგზნება, გულმკერდის ტკივილი ან სხვა მძიმე სიმპტომი, დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ზე.
ნუ დაელოდებით, რომ „თავისით გაუვლის“. ეს პოსტი იმისთვის არ იწერება, რომ ვინმეს ცხოვრება „ნარკომანების პრობლემებით“ გავუხადოთ. ეს პოსტი იწერება იმისთვის, რომ კიდევ ერთი ადამიანი არ დავკარგოთ“, - დაწერა ნარკოლოგმა.