ვინ არის 8 წლის ქართველი ბიჭი, რომელსაც ნიუ იორკის მერმა ოცნება აუსრულა

8 წლის ქართველი ბიჭი, რომელსაც ნიუ იორკის მერმა ოცნება აუსრულა

ზოგჯერ ცვლილების დასაწყებად დიდი ძალაუფლება, ასაკი ან გავლენა სულაც არ არის საჭირო — საკმარისია, საკუთარი სათქმელის თქმის გამბედაობა. ამის ნათელი მაგალითია ნიუ-იორკში მცხოვრები 8 წლის ქართველი ემიგრანტის, მაქსიმე კახიძის ისტორია.

მაქსიმემ ნიუ-იორკის მერს, ზოჰრან მამდანის, ვიდეომიმართვით თხოვა, McKinley Park-ის ბავშვთა სათამაშო მოედანი კვლავ გაეხსნათ.

მისთვის ეს უბრალოდ პარკი არ იყო. ეს იყო ადგილი, სადაც ბავშვებს თამაში, მეგობრებთან შეხვედრა და დროის გატარება შეეძლოთ. თუმცა სათამაშო მოედანი თითქმის ორი წლის განმავლობაში დახურული იყო და მაქსიმეს მიაჩნდა, რომ პრობლემა ყურადღებას საჭიროებდა.

ბიჭმა ვიდეო გადაიღო და პირდაპირ ქალაქის მერს მიმართა. როგორც მოგვიანებით თავად განაცხადა, ვიდეოს გადაღებიდან დაახლოებით ორ თვეში პარკი გაიხსნა.

მაქსიმემ მადლობა გადაუხადა მერსა და NYC Parks-ს იმისთვის, რომ მისი თხოვნა მოისმინეს.

„დაახლოებით ორი თვის წინ ვიდეო ჩავწერე და მერ მამდანის ვთხოვე, დახმარებოდა McKinley Park-ის მოედნის გახსნაში. ის თითქმის ორი წლის განმავლობაში დახურული იყო. რამდენიმე კვირის შემდეგ კი პარკი გაიხსნა“, — განაცხადა მაქსიმემ ნიუ-იორკის მერიის მიერ გამართულ ღონისძიებაზე.

მაგრამ ამ ისტორიის ყველაზე ემოციური გაგრძელება ის აღმოჩნდა, რომ მაქსიმემ მერისგან პირადი მიწვევაც მიიღო და პარკის ოფიციალურ გახსნაზე თავად ზოჰრან მამდანის გვერდით აღმოჩნდა.

ღონისძიებაზე 8 წლის ბიჭმა სხვა ბავშვებსაც მიმართა:

„მე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ გავიგე: თქვენს ხმას აქვს მნიშვნელობა. თუკი ხედავთ, რომ რაღაც შესაცვლელია, გამოთქვით აზრი და ვინმე თქვენს ხმას მოუსმენს.“

მაქსიმემ ბავშვებს მოუწოდა, არ შეეშინდეთ საკუთარი აზრის გამოხატვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხედავენ რაღაცას, რაც მათი აზრით, უკეთესობისკენ უნდა შეიცვალოს.

ბიჭის ისტორიამ ამერიკული მედიის ყურადღებაც მიიპყრო. Brooklyn Eagle-ის ინფორმაციით, მაქსიმეს Instagram-ზე გამოქვეყნებული ვიდეო ვირუსულად გავრცელდა. ვიდეოს NYC Parks-იც გამოეხმაურა:

„We heard you loud and clear, Max“ — „მაქს, შენი ხმა მკაფიოდ გავიგეთ.“

ქალაქის პარკების სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, პროექტის განხორციელება დააჩქარეს და განახლებული სათამაშო მოედანი თავდაპირველად დაგეგმილზე ადრე გახსნეს.

McKinley Park-ის სათამაშო მოედნის განახლება დაახლოებით 5 მილიონი დოლარის პროექტია. დიზაინზე მუშაობა 2023 წელს დაიწყო, მშენებლობა კი 2025 წლის მარტში დასრულდა.

მაქსიმეს ისტორია განსაკუთრებით ემოციურია მისი ოჯახის წევრებისთვისაც. სოციალურ ქსელში ბავშვის ბებიამ, რუსკა ნამიჩეიშვილმა, დაწერა:

„მაქსიმეს (8 წლის) ნიუ-იორკის მერმა ზოჰრან მამდანიმ აუსრულა თხოვნა, პარკი გაუხსნა და ასევე მიიწვია ახალი პარკის გახსნაზე. აგსრულებოდეს, ბებო, ყველა ოცნება, წარმატებები!!!“

თავად მაქსიმემ კი თქვა, რომ საკუთარი ხმის მნიშვნელობის შესახებ მშობლებისგან ბავშვობიდან ესმოდა:

„ჩემი მშობლები ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ ჩემს ხმას მნიშვნელობა აქვს. მადლობა მათ, რომ ჩემი სჯეროდათ და ყოველთვის მამხნევებდნენ, რომ ჩემი აზრი გამომეთქვა. მინდა, სხვა ბავშვებმაც იცოდნენ, რომ მათ ხმასაც აქვს მნიშვნელობა.“