„ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, პირისპირ არასდროს შევხვედრივარ“ – ლეგენდარული მსახიობის ქალიშვილის აქამდე უცნობი ისტორიები

tatia xaindrava

„ბუნებამ მას ყველაფერი მისცა – სილამაზე, შესანიშნავი ხმა, ნიჭი და ერთში დაჩაგრა – არ მისცა ბედი!“ – ამბობდა რეჟისორი რობერტ სტურუა თათია ხაინდრავაზე.

ულამაზეს მსახიობ თათია ხაინდრავას, მართლაც არ გაუმართლა სიყვარულში – 1957 წელს მსახიობ რამაზ ჩხიკვაძისგან ქალიშვილი შეეძინა, მაგრამ მათი თანაცხოვრება, სამწუხაროდ არ შედგა… როგორც თავად ამბობდა, სწორედ, ამ სიყვარულმა მისცა მას ყველაზე დიდი ბედნიერება – მირანდა. „მე ვიპოვე ბედნიერება, ჩემი შვილის სახით!“ – ამბობდა მსახიობი.

თათია ხაინდრავას ქალიშვილი, მარიამ (მირანდა) ხაინდრავა „პრაიმტაიმთან“ მამაზე – რამაზ ჩხიკვაძეზე, აქამდე უცნობ ისტორიებს იხსენებს და აღნიშნავს, რომ მის გამო, რამაზს ძალიან დიდი უსიამოვნებები ჰქონდა ოჯახში, ნატაშას მხრიდან… ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, პირისპირ, არასდროს შეხვედრია!

გთავაზობთ ამონარიდს ვრცელი ინტერვიუდან:

ვარ მუსიკოსი – მევიოლინე, ვმუშაობ თბილისის სიმფონიურ ორკესტრში, ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით. 8 წლამდე დედასთან და ბებიასთან ერთად ვცხოვრობდი.

ბებია, (კონსტანტინე გამსახურდიას და), სოფიო გამსახურდია რომ გარდაიცვალა, მამის მხრიდან ბებია-ბაბუასთან, რამაზ ჩხიკვაძის მშობლებთან – გრიგოლ (გიგიშა) ჩხიკვაძე და ელენე გაჩეჩილაძესთან გადავედი საცხოვრებლად.

– დიდხანს ცხოვრობდით ბ-ნ რამაზის მშობლებთან?

რა თქმა უნდა, გარდაცვალებამდე ერთად ვცხოვრობდით, მათ გამზარდეს, ძალიან მიყვარდა ორივე. დადაჩემი, მსახიობი თათია ხაინდრავა (კონსტანტინე გამსახურდიას დისშვილი), ხშირად დადიოდა ჩვენთან სახლში, მაგრამ ძირითადად, ბებია-ბაბუა მზრდიდნენ. არ ვიცი, როგორ მოვიხსენიო რამაზი, არ მინდა, მამა ვუწოდო, რადგან ძალიან გულნატკენი ვარ.

*** 

– პირისპირ შეხვედრიხართ რამაზს?

საბედნიეროდ, თუ საუბედუროდ ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, პირისპირ არასდროს შევხვედრივარ. როცა ბებია-ბაბუასთან მოდიოდა, ვერასდროს ვხვდებოდი, როცა სახლში ვიყავი, ერთხელ არ მოსულა.

ვფიქრობ, რომ ბებიაჩემის და ბაბუაჩემის მოწყობილი იყო ეს ამბავი. ალბათ, გული რომ არ მტკენოდა. ვფიქრობ, რომ ნერვიულობდნენ, ცუდად არ მომქცეოდა. არადა, რა ვიცი, შეიძლება, სულაც არ შემხვედროდა ცუდად! ხშირად არ დადიოდა მის მშობლებთან და ალბათ, ეს არის მთავარი მიზეზი.

– არ ჰქონდა სურვილი რომ ენახეთ?

როგორც ჩანს, არა! არ ვიცი თვითონ რას ფიქრობდა, მაგრამ არც გამიგია, რომ ჩემი ნახვის სურვილი ჰქონოდა. არ ყოფილა შემთხვევა, რომ სადმე ერთად მოვხვედრილიყავით, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ როდესმე, ან კარგად შემხვდა, ან ცუდად.

ვიცი, რომ ჩემ გამო, ძალიან დიდი უსიამოვნებები ჰქონდა ოჯახში. მისი მეუღლე ნატაშა ჩხიკვაძე, ძალიან ცუდ როლს თამაშობდა, ჩვენ ურთიერთობაში. წაიკითხეთ სრულად