EXCLUSIVE: „ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, პირისპირ არასდროს შევხვედრივარ“ – ლეგენდარული მსახიობის ქალიშვილის აქამდე უცნობი ისტორიები

tatia xaindrava

„ბუნებამ მას ყველაფერი მისცა – სილამაზე, შესანიშნავი ხმა, ნიჭი და ერთში დაჩაგრა – არ მისცა ბედი!“ – ამბობდა რეჟისორი რობერტ სტურუა თათია ხაინდრავაზე.

ულამაზეს მსახიობ თათია ხაინდრავას, მართლაც არ გაუმართლა სიყვარულში – 1957 წელს მსახიობ რამაზ ჩხიკვაძისგან ქალიშვილი შეეძინა, მაგრამ მათი თანაცხოვრება, სამწუხაროდ არ შედგა… როგორც თავად ამბობდა, სწორედ, ამ სიყვარულმა მისცა მას ყველაზე დიდი ბედნიერება – მირანდა. „მე ვიპოვე ბედნიერება, ჩემი შვილის სახით!“ – ამბობდა მსახიობი.

თათია ხაინდრავას ქალიშვილი, მარიამ (მირანდა) ხაინდრავა „პრაიმტაიმთან“ მამაზე – რამაზ ჩხიკვაძეზე, აქამდე უცნობ ისტორიებს იხსენებს და აღნიშნავს, რომ მის გამო, რამაზს ძალიან დიდი უსიამოვნებები ჰქონდა ოჯახში, ნატაშას მხრიდან… ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, პირისპირ, არასდროს შეხვედრია!

ვარ მუსიკოსი – მევიოლინე, ვმუშაობ თბილისის სიმფონიურ ორკესტრში, ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით. 8 წლამდე დედასთან და ბებიასთან ერთად ვცხოვრობდი.

ბებია, (კონსტანტინე გამსახურდიას და), სოფიო გამსახურდია რომ გარდაიცვალა, მამის მხრიდან ბებია-ბაბუასთან, რამაზ ჩხიკვაძის მშობლებთან – გრიგოლ (გიგიშა) ჩხიკვაძე და ელენე გაჩეჩილაძესთან გადავედი საცხოვრებლად.

– დიდხანს ცხოვრობდით ბ-ნ რამაზის მშობლებთან?

რა თქმა უნდა, გარდაცვალებამდე ერთად ვცხოვრობდით, მათ გამზარდეს, ძალიან მიყვარდა ორივე. დადაჩემი, მსახიობი თათია ხაინდრავა (კონსტანტინე გამსახურდიას დისშვილი), ხშირად დადიოდა ჩვენთან სახლში, მაგრამ ძირითადად, ბებია-ბაბუა მზრდიდნენ. არ ვიცი, როგორ მოვიხსენიო რამაზი, არ მინდა, მამა ვუწოდო, რადგან ძალიან გულნატკენი ვარ.

8 წლის ვიყავი, საცხოვრებლად რომ გადავედი. 1987 წელს, ორივე თითქმის ერთდროულად გარდაიცვალა. სახლი, სადაც ვცხოვრობდი, უზნაძის (კამოს) ქუჩა №4 -ში მდებარეობდა. ბაბუა გრიგოლ ჩხიკვაძე ღვაწლმოსილი ადამიანი იყო – პროფესორი, დოქტორი, ფოლკრორისტი, საქართველოში ფოლკლორის ფუძემდებელი.

მისი მამა, ზაქარია ჩხიკვაძე საზოგადო მოღვაწე, ლოტბარი, პედაგოგი, მრავალი სამუსიკო სკოლის დამაარსებელი, საქართველოს ფილარმონიული საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი, მრავალი ქართული ხალხური სიმღერისა და საგალობლის შემგროვებელი, ქართულ სიძველეთა დამცველი.იყო. ამავე დროს, ვაჟა- ფშაველას ახლო მეგობარი.

გრიგოლი, ძალიან დიდი კაცი იყო. ძირითადად, მან გამზარდა, სწორედ, მისი დამსახურაბაა, დღეს რომ მევიოლინე ვარ! ვიოლინოზე კარგად უკრავდა და მეც ბავშვობიდან მასწავლიდა. მისი დამსახურებაა, რომ წარჩინებით დავამთავრე კონსერვატორია. მისი წყალობით დავეუფლე ჩემ პროფესიას, რა თქმა უნდა, დედაც არ მაკლებდა ყურადღებას და ზრუნვას, მაგრამ სულ სხვა იყო, რომ მუსიკალურ ოჯახში მომიწია ცხოვრება.

– რატომ არ ცხოვრობდით დედასთან?

რამაზის მშობლებმა გადაწყვიტეს მათთან მეცხოვრა, დედაც დათანხმდა და გადაწყვიტა, რომ ჩემთვის, ასე უკეთესი იქნებოდა. ძალიან დიდ პატივს სცემდა რამაზის მშობლებს და ასევე ისინიც. გარკვეული მიზეზების გამო, რამაზთან მშობლებს კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ, უფრო ბოლო წლებში აღადგინეს.

– თუ საიდუმლო არ არის, რა იყო მიზეზი?

ძირითადი მიზეზი, რის გამოც უთანხმოება ჰქონდათ, ოჯახში რამაზის ოჯახი იყო. დედისერთა იყო და ვერ გაწირეს ბოლომდე. არადა მეც ძალიან ვუყვარდი, ასევე მეც და ერთ-ერთ მიზეზად, ეს ფაქტიც მოიაზრება. ამიტომ მათი გარდაცვალება, ძალიან გამიჭირდა, მეგონა, რომ ნამდვილი მშობლები დავკარგე.

მიუხედავად იმისა, რომ დედასთან ყოველდღიური ურთიერთობა მქონდა, ეს ადამიანები ჩემთვის დედაც და მამაც იყვნენ. 89 წლის იყო ბაბუა და 84 -ის ბებია როცა გარდაიცვალნენ. ამ დროს, უკვე 30 წლის ვიყავი, ფაქტობრივად, 22 წელი მათთან ერთად ვიცხოვრე.

– ამ პერიოდში, დედასთან რა ურთიერთობა გჰქონდათ?

კვირაში ორი დღე დედასთან ვიყავი, დანარჩენი ბებია-ბაბუასთან, მაგრამ ბოლო 10 წელი, ძირითადად, ჩხიკვაძეებთან ვცხოვრობდი. დედასთან, მხოლოდ კვირაში ერთხელ, კვირა დღეს დავდიოდი.

– ულამაზესი თათია ხაინდრავა…

დედა მართლაც ულამაზესი ქალბატონი იყო. მართალია იმ პერიოდში, ბევრი ლამაზი ქალი დადიოდა თბილისში, მაგრამ ერთ-ერთ ლამაზ ქალად მოიხსენიებდნენ. ბუნებრივი სილამაზე ჰქონდა – ცნობილი იყო ულამაზესი თმებით.

75 წლის გარდაიცვალა და თმის ხარისხი, არ შეცვლია – ძალიან ლამაზი თმები წაიღო ამ ქვეყნიდან. მიუხედავად გარეგნობისა, პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა – არც პირადში და არც შემოქმედებითში 

50 წლის იყო, როცა პირველი საღამო გამართა და მისი რეპერტუარი (პროზა, პოეზია) რობიკო სტურუას მოასმენინა. რობიკო ამ დროს, უკვე ძალიან ცნობილი რეჟისორი იყო. დედა ამბობდა, ძალიან მეუხერხულებოდა, რომ ახალგაზრდა კაცთან ამხელა ქალი უნდა დავმდგარიყავი და ლექსები წამეკითხაო, მაგრამ ძალიან მოეწონა და მონო-სპექტაკლი – „მზეო თიბათვისა“ დაუდგა, რასაც ძალიან დიდი წარმატება და პოპულარობა მოჰყვა.

ძალიან ახალგაზრდა იყო, როცა რადიოში დაიწყო მუშაობა, სტეფან ცვაიგის „უცნობი ქალის წერილები“ ჩაწერა, რაც ძალიან მოეწონა მსმენელს.თეტრშიც მუშაობდა, მაგრამ როლებს არ აძლევდნენ, თუ ვინმე ავად გახდებოდა, იმ შემთხვევაში მთავარ როლში შეჰყავდათ, ერთ დღეში უწევდა ყველაფრის სწავლა.

ნიჭიერი იყო, თორემ ერთ დღეში შეუძლებელი იყო როლში შესვლა.ძალიან კარგი პლასტიკა ჰქონდა, კარგი სმენაც ჰქონდა, მღეროდა საოცრად, თითქმის ყველა ინსტრუმენტზე უკრავდა, მაგრამ ნოტები არ იცოდა.

მამა, სიმონ ხაინდრავა რეპრესირებული იყო, 1937 წელს დაეღუპა. საკმაოდ შეძლებული ადამიანი იყო იმ პერიოდში, მაგრამ ყველაფერი ჩამოართვეს – საცხოვრებელი სახლები პეროვსკაიას და ბორჯომის ქუჩაზე და ავლაბარში, ოროთახიან კომუნალურ, საშინელ ბინაში შეასახლეს. სხვათა შორის, ბებია სოფიოც, სწორედ, ამ სახლში გარდაიცვალა.

დედა, ძალიან დიდი ოპტიმისტი იყო, მეორე დღით ცხოვრობდა. ყოველი დილის გათენება უხაროდა. ხშირად ამბობდა, მე მაინც ბედნიერი ქალი ვარ, რომ შვილი მყავს და ჩემ შვილს ვუყურებო. არ იყო ღვარძლიანი, არავის არაფერი არ შურდა, ყველას წარმატება უხაროდა, ყველა ადამიანის ნიჭს აფასებდა, ძალიან კეთილი იყო.

– პირისპირ შეხვედრიხართ რამაზს?

საბედნიეროდ, თუ საუბედუროდ ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, პირისპირ არასდროს შევხვედრივარ. როცა ბებია-ბაბუასთან მოდიოდა, ვერასდროს ვხვდებოდი, როცა სახლში ვიყავი, ერთხელ არ მოსულა.

ვფიქრობ, რომ ბებიაჩემის და ბაბუაჩემის მოწყობილი იყო ეს ამბავი. ალბათ, გული რომ არ მტკენოდა. ვფიქრობ, რომ ნერვიულობდნენ, ცუდად არ მომქცეოდა. არადა, რა ვიცი, შეიძლება, სულაც არ შემხვედროდა ცუდად! ხშირად არ დადიოდა მის მშობლებთან და ალბათ, ეს არის მთავარი მიზეზი.

– არ ჰქონდა სურვილი რომ ენახეთ?

როგორც ჩანს, არა! არ ვიცი თვითონ რას ფიქრობდა, მაგრამ არც გამიგია, რომ ჩემი ნახვის სურვილი ჰქონოდა. არ ყოფილა შემთხვევა, რომ სადმე ერთად მოვხვედრილიყავით, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ როდესმე, ან კარგად შემხვდა, ან ცუდად.

ვიცი, რომ ჩემ გამო, ძალიან დიდი უსიამოვნებები ჰქონდა ოჯახში. მისი მეუღლე ნატაშა ჩხიკვაძე, ძალიან ცუდ როლს თამაშობდა, ჩვენ ურთიერთობაში.

– რაში გამოიხატებოდა?

ერთ მაგალითს მოვიყვან – წარმატებით დავამთავრე ნიჭიერთა ათწლედი. საკმაოდ წარმატებული ბავშვი ვიყავი, საქალაქო კონკურსებზეც ვიღებდი მონაწილეობას. ერთ-ერთი ასეთი კონცერტის შემდეგ, სასწავლებელში მივარდნილა და უკითხავს, ეს ბავშვი, რა გვარით ცხადდებაო. ერთი ამბავი ატყდა, სკოლის დირექტორს უთქვამს, რას კადრულობთ ქალბატონო, როგორ გეკადრებათ ასეთი საქციელიო.

დიდი დებოში მოუწყვია, ეს ქალბატონი რომ დიდი „სკანდალისტი“ იყო, ყველამ კარგად იცოდა. ნატაშა, ძალიან დიდი როლს თამაშობდა ჩემ და რამაზს შორის, დიდი ზეწოლა იყო.

დედამ, როცა სამშობიაროდან გამომიყვანა, ჩემი სახელი მეტრიკაში, მარიამ სიმონის ასული ხაინდრავა – (დედას მამის სახელი და გვარი) დაწერა.

– როდის დაიწყო ეს ყველაფერი?

ალბათ, ორი წლის ვიქნებოდი, როცა ცოლი შეირთო, მაგრამ ერთმანეთი რომ გაიცნეს, იმ დროიდან შეწყდა მე და რამაზს შორის ურთიერთობა. მისი შვილი იშვილა და ჩემკენ, გამოხედვა აღარ უნდოდა!

არადა, იმ ბიჭს, საკუთარი მამა ცოცხალი ჰყავდა, მაგრამ რამაზმა, თავის გვარზე დაწერა. ამ ამბავში, არაფერი გასაკვირი არ არის, ბევრს მიუცია გვარი თავისი გერისთვის, მაგრამ მე რას მერჩოდა!

– რამაზის მამამ რატომ არ მოგცათ გვარი?

ძალიან ხშირად იყო, ოჯახში ამ თემაზე საუბარი, ბაბუას ძმა, რომელიც არაჩვეულებრივი იურისტი იყო, სულ ეუბნებოდა, ბავშვს გვარი მივცეთო, ფაქტობრივად მაგათი შვილიშვილი კი არა, შვილი ვიყავი, მაგრამ დედამაც უარი თქვა, მასაც ჰქონდა თავისი პოზიცია.

– როგორ შეუყვარდათ ერთმანეთი თათიას და რამაზს?

მოსწავლეთა (პიონერთა) სასახლიდან, ერთად მოდიოდნენ. თეარტრალურ ინსტიტუტამდე, თითქმის ყველა მსახიობი, იქ წამოიჩიტნენნ. ინსტიტუტშიც ერთ კურსზე მოხვდნენ.

აქედან დაიწყო მათი ურთიერთსიმპათია და სიყვარული, რომელიც დროთა განმავლობაში, სამწუხაროდ, დიდ სიძულვილში გადაიზარდა. სხვათა შორის, დედა რამაზის დიდი თაყვანისმცემელი იყო, არა როგორც ადამიანის, არამედ, როგორც მსახიობის.

რატომღაც მგონია, რომ რადგან ჩემი ბებია და ბაბუა ასეთი კარგი ადამიანები იყვნენ, მათი შვილი, ძალიან ცუდი არ უნდა ყოფილიყო, არ მინდა, რომ ასე ვფიქრობდე. ყველაფერი იმ ქალის (ნატაშა) ამბავი იყო, ისე ჰყავდა „დაჭერილი“, რომ ამ ადამიანს, თავის უფლებები აღარ გააჩნდა.

ამხელა მსახიობი კაცი იყო, მაგრამ პირად ცხოვრებაში, ვერ ჰქონდა კარგად საქმე აწყობილი. რა მოხდებოდა, რომ ჩემთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონოდა? გიჟდებოდა ნატაშა, რომ ბებია-ბაბუას ასე ძალიან ვუყვარდი.

– დედამთილ-მამამთილთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა ნატაშას?

არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა, თან იცოდა, რომ ჩემზე გიჟდებოდნენ. ვფიქრობ, რომ შურის მომენტიც იყო – მე მიხდიდა სამაგიეროს. არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდათ მასთან. ურეკავდა ხოლმე, მაგრამ, როგორც რძალი, რომ მოსულიყო, არ მახსენდება. მაგრამ როცა გარდაიცვალნენ, ყველა პანაშვიდზე იქ იყო.

– ერთდროულად გარდაიცვალნენ?

ბებიას ინსულტი დაემართა, ერთ თვეში კი, ბაბუა გარდაიცვალა. ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, მეუღლემ, მისი სიკვდილი ვერც გაიგო. ფაქტობრივად, ერთმანეთს მიჰყვნენ, ვერც ერთმა ვერ გაიგო, ერთმანეთის გარდაცვალება – ვერ დაიტირეს ერთმანეთი. ალბათ ასე ჯობდა – მოსიყვარულე წყვილის, ლამაზი დასასრული იყო. ბაბუას დიაბეტი ჰქონდა და მეუღლე უვლიდა წლების განმავლობაში, ძალიან ინერვიულა და დაასწრო სიკვდილი.

– რას გიყვებოდა დედა რამაზზე?

ამბობდა, რომ ძალიან ლამაზი ურთიერთობები ჰქონდათ. სხვა თაობა იყო, უფრო დისტანციური, ძალიან უყვარდათ და მოსწონდათ ერთმანეთი, მაგრამ სამწუხაროდ არ შედგა მათი კავშირი. დაშორების შემდეგ, არასდროს აღარ შეხვედრილან ერთმანეთს.

პატარა რომ ვიყავი, რამაზი ყველგან დამატარებდა და ზრუნავდა ჩემზე. როგორც კი, ის ქალი (ნატაშა) გამოჩნდა, ყველაფერი დამთავრდა. რა თქმა უნდა, ეს მე არ მახსოვს, მაგრამ დედასგან გადმოცემით ვიცი, რომ ჩემთან, კარგი ურთიერთობა, ძალიან დიდი სიყვარული ჰქონდა, მამობას მიწევდა.

ნატაშას მერე დამთავრდა ყველაფერი. როგორც ვიცი, წინააღმდეგი იყო, ბებია-ბაბუასთან რომ ვცხოვრობდი. ასე ძალიან, რამ შეაყვარათ ეს ბავშვი, ვერ გავიგეო, ამბობდა. რატომ ვერ გაიგო, ვერ ვხვდები! რატომ ვერ შეაყვარა რამაზმა, თავის გერი მის მშობლებს?

შემიყვარა ამ ხალხმა და რა იყო ამაში გასაკვირი! რამაზზე ბევრი გაუაზრებელი და უაზრო გამონათქვამები გამიგია. უაღრესად დიდი პატივს ვცემ, როგორც უდიდეს მსახიობს. მართლა ძალიან ნიჭიერი კაცი იყო, მაგრამ როგორც პიროვნებას, არა.

– როცა გარდაიცვალა მიხვედით?

როცა მისი გარდაცვალება გავიგე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სისხლი და ხორცი იყო, აბსოლუტურად არ შემეხო. დედ-მამაზე ახლობელი, გენეტიკურად, არ არსებობს, მაგრამ რატომღაც არ აღვშფოთდი – ეს ადამიანი, ჩემთვის არ არსებობდა.

არც დასაფლავებაზე წასვლის სურვილი მქონია, რომ მირეკავდნენ და მისამძიმრებდნენ ვეუბნებოდი, რომ დასანანია, არა როგორც მამა, არამედ, როგორ დიდი მსახიობი მეთქი.

რამაზის გერის შვილს, როგორც რამაზის შვილიშვილს, ისე იხსენიებენ. მასთან არანაირი კონტაქტი არ მაქვს, არც სურვილი გამჩენია, ვიცი რომ ასე მოიხსენიებენ – იყოს რამაზის შვილიშვილი, რა ვქნა!

– თქვენი ოჯახი…

საკმაოდ გვიან შევქმენი ოჯახი. დიდი ხნის ნაცნობობა გვაკავშირებდა, მაგრამ რატომღაც გვიან შევამჩნიეთ ერთმანეთი. დედა რომ გარდაიცვალა, მარტო დავრჩი და ძალიან გამიჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ახლობლები, მეგობრები, მეზობლები ჩემთან ახლოს იყვნენ, მაინც ძალიან გამიჭირდა.

შვილი მაინც რომ მყოლოდა, ან დედმამიშვილი, ასე არ დამემართებოდა. დავცარიელდი, დედის გარდაცვალება ძალიან გამიჭირდა. ამ ყველაფერმა, უფრო დააჩქარა ჩვენი ქორწინება.

ზურას დიდი ხანი ვიცნობდი. ახალგაზრდობაში ერთ-ერთ კამერულ ორკესტრში „კამერა“ ერთად ვუკრავდით. მთელი 30 წლის განმავლობაში, ერთმანეთის მიმართ, პატარა სიმპათიები გაგვაჩნდა, მაგრამ სულ ვამბობ, ერთად თუ უნდა გვეცხოვრა, უკეთესი იქნებოდა, ცოტა ადრე შექვექმნა ოჯახი, შვილი მაინც გვეყოლებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ასე იყო საჭირო – უფალმა, ასე ინება!

– ნანობთ, რომ მამასთან ურთიერთობა არ გქონდათ?

როგორ შეიძლება ადამიანს რაღაც სინანული არ ჰქონდეს, ელემეტარულად, როცა მამა არ გყავს, უკვე ცუდია. დედას სხვა მიმართულება აქვს. მამა რომ მყოლოდა, რატომ იქნებოდა ცუდი?

მამას, ბაბუასთან ცხოვრება მივსებდა. დედასთან რომ მეცხოვრა და ბებია-ბაბუასთან არ მქონოდა ურთიერთობა, ეს დანაკლისი, სავარაუდოდ, უფრო მწვავე და მძაფრი იქნებოდა.

სულ მესმოდა, როგორ ჰგავს რამაზს, გარგნულად სულ რამაზია. დედას, საერთოდ არ ვგავდი, არადა წესით, ან დედას უნდა გავდე, ან მამას. სხვათა შორის, რომ მესმოდა, მამას ჰგავსო, ვღიზიანდებოდი, დედაჩემი ძალიან ლამაზი იყო და მინდოდა მას ვმგვანებოდი.

სხვათა შორის, ძალიან კარგი სამსახიობო ნიჭი მქონდა. ძალიან კარგად გამომდიოდა იმიტაციები. ჩხიკვაძეებთან ოჯახში, სტუმრებთან, ხშირად ვმართავდი კონცერტებს. რატომღაც დედამ არ მოინდომა ჩემი მსახიობობა.

არადა, საკმაოდ რთული პროფესია ავირჩიე – მევიოლინეობა. ყველა პროფესიას თავის სირთულე აქვს, მაგრამ მსახიობობას, მაინც არ შევადრი მუსიკოსობას.

– მსახიობი რომ გამხდარიყავით, რამაზს რა რეაქცია ექნებოდა?

სწორედ რამაზის გამო შეიკავა თავი დედამ. ამბობდა, როგორც მსახიობს, ძალიან კარგი მონაცემები მქონდა, მაგრამ არაფერი არ მქონდა – არც კინო და არც თეატრიო. სიკო დოლიძემ გადაიღო ერთადერთ ფილმში – „კაცია ადამიანი?!“, სადაც ელისაბედის როლს ასრულებს.

მართალია, პატარა როლი იყო, მაგრამ ძალიან კარგად შეასრულა, დიდი მოწონება დაიმსახურა. „დიდოსტატის მარჯვენაშიც“(1970 წ.) გადაიღეს, ჯერ მარიამ დედოფლის როლზე იყო დამტკიცებული, მიუხედავად იმისა, რომ კონსტანტინე მისი ბიძა იყო, რეჟისორმა ვ. ტაბლიაშვილმა რატომღაც მოხსნა.

ფოტოები მაქვს ნანახი და მართლაც ულამაზესი იყო. ამის შემდეგ, ცოქალის როლი შესთავაზეს, მაგრამ საბოლოოდ, რამდენიმე ფრაგმენტი დარჩა, რომ არ ვიცოდე, რომ დედაჩემია, ვერც მიხვდები. სულ მეუბნებოდა, მე არ გამიმართლა და შენ, თან რამაზის შვილს, ვინ გაგახარებსო!

რამაზი არ იყო ცნობილი, როგორც ინტრიგანი, ამბიციური, ბოროტი ადამიანი, რატომღაც მაინცდამაინც ჩემს მიმართ გამოიჩინა არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება. ცნობილია, როგორც ძალიან უბრალო, უშუალო ადამიანი.

არ უნდოდა დედას, რომ რიგით მსახიობად დავრჩენილიყავი, ეს იყო ყველაზე დიდი მიზეზი. რაც არ უნდა ნიჭიერი იყო, თუ არ გაგიმართლა, არაფერი გამოგივა, თან კიდევ, როცა ვინმე ხელს გიშლის.

ისე იყო ჩასაფრებული ნატაშა, ყველგან გაიდგამდა ფესვებს, აუცილებლად შემიშლიდა ხელს, ამიტომ ავირჩიე სხვა პროფესია. დღემდე ორკესტრში ვუკრავ, ბედნიერი ვარ ჩემი არჩევანით.

– დედის გარდაცვალების შემდეგ, რა შეიცვალა თქვენ ცხოვრებაში?

თათია, 75 წლის ასაკში, სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. ძალიან გამიჭირდა, მისი ამ ქვეყნიდან წასვლა. ფაქტობრივად, 6 თვეში დამთავრდა ყველაფერი. ტრაგიკულად იცხოვრა, ოჯახი აღარ შეუქმნია. ვფიქრობ, რომ მეც მისი ბედი დამყვა.

ისე გავიარე მთელი ცხოვრება, ოჯახი არ მყოლია. ბევრი კარგი იყო ჩემ ცხოვრებაში, ბევრი მეგობარი მყავს და ძალიან კარგი სანათესაო. ყველაზე მნიშვნელოვანი, კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახთან ურთიერთობა იყო. მთელი ბავშვობა, კოლხურ კოშკში გავატარე.

ბაბუად მეკუთვნოდა კონსტანტინე, ძალიან ბევრი კარგი მახსოვს მისგან. მირანდას, დედაჩემის ბიცოლას, კონსტანტინეს მეუღლის პატივსაცემად მეძახდნენ. არაჩვეულებრივი გარემო იყო, კარგად მახსოვს მასთან ურთიერთობა.

მერე კოკოც (კონსტანტინე გამსახურდია) გაჩნდა, დღემდე ერთად მოვდივართ. ზვიადთანაც კარგი ურთიერთობა მქონდა, მასაც ძალიან ვუყვარდი.

ასეთ ხალხთან ურთიერთობა, მართლაც დიდი ბედნიერებაა. ძალიან ახლო ურთიერთობები მქონდა დედაჩემის ბიძაშვილ (მამის მხრიდან) ლევან ხაინდრავასთან (გოგა და ივლიანეს მამა).

საოცარ გარემოში ვიზრდებოდი, რაც ერთგვარი ბედნიერებაა – ისეთი ბავშვობა მქონდა, რომ უამრავი ცნობილი ადამიანი მყავდა გვერდით.

– მაგრამ მამის სითბო გაკლდა…

რა თქმა უნდა, ეს ჩვეულებრივია! მაგრამ არ ვთვლი, ამ ამბავს ტრაგედიად. რამაზის სპექტაკლებს, ბებია-ბაბუასთან ერთად ხშირად ვესწრებოდი, მაგრამ არასდროს მქონია სურვილი, სპექტაკლის შემდეგ, მასთან მივსულიყავი.

ვგრძნობდი, რომ ჩემთვის არასასურველი სიტუაცია იყო. რატომ მივსულიყავი იმ ადამიანთან, ვისაც არ ვუნდოდი!

– ანუ, გააზრებული გქონდათ, რომ ამ ადამიანს არ უნდოდით…

კი, ნამდვილად ასე იყო. სულ მინდოდა, ოფიციალურად დამემტკიცებინა რამაზისთვის, რომ ნამდვილად მისი შვილი ვიყავი. ერთი მეზობელი და ერთი ნათესავი იყო საკმარისი იმისთვის, რომ ეს ყველაფერი დამესრულებინა.

უზნაძეზე მდებარე ბინაც დამემტკიცებინა, თუ საჭიროება მოითხოვდა, გენეტიკური ანალიზიც გამეკეთებია. იმ პერიოდში, ცოცხალი იყო მამაც და დედაც, მაგრამ საბოლოოდ, ამ ყველაფერზე უარი, ისევ თათიამ განაცხადა.

ბევრი იფიქრებს, რომ დედამ დამაძალა ამის გაკეთება, მაგრამ არ ვიცნობ ადამიანს, ვინც ასე მოიქცეოდა. ყველაფერი დავკარგე, სახლიც რომელიც მე მეკუთვნოდა, არადა, მე ვიყავი, მათი ერთადერთი შვილიშვილი.

მართალია გვარი არ მქონდა, მაგრამ გვარს რა მნიშვნელობა აქვს. რამაზის გერი რომ ჩხიკვაძეა, ამიტომ მისი შვილია? ნახევარი მსოფლიო დედის გვარზეა. ბაბუას სიცოცხლეში ამას არ გავაკეთებდი.

– რატომ არ გადადგა ეს ნაბიჯი ბაბუამ?

შვილის გამო, რამაზს ულტიმატუმი ჰქონდა წაყენებული მშობლებთან – იმ შემთხვევაში, თუ ბინაში ჩამწერდნენ, მათ დაკარგავდა. ერთადერთი შვილი ჰყავდათ და ვერ გაწირეს. არც უსახსრობა იყო ამის მიზეზი, ცოლი რომ შეირთო, მხოლოდ, იმ პერიოდში ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში.

– ვის დარჩა რამაზის მშობლების ბინა ბინა?

ერთი ქალი იყო ჩაწერილი, მათი შორეული ნათესავი და მას დარჩა. არც რამაზი იყო იქ ჩაწერილი. მე დედასთან ვიყავი, ერთოთახიანი ბინა ჰქონდა და ვერ მიიღებდა ახალ ბინას, თავისთან რომ არ ჩავეწერე. დათმობდა დედაჩემი იმ ბინას, მაგრამ არც ამათმა არ მოინდომეს ჩემი ჩაწერა.

ხომ არის, რომ დგება დრო, როცა ყველაფერი ყელში ამოგდის, შენი კეთილშობილური დამოკიდებულებით, არაფერი რომ არ გამოგივა ცხოვრებაში, ვიფიქრე, ყველაფერს დავუმტკიცებ ამ ადამიანს-მეთქი!

მარტო კამოს ქუჩის სახლი კი არა, რამაზ ჩხიკვაძის ნახევარი ქონება, ჩემი საკუთრება გახდებოდა, მაგრამ დედამ არ მოინდომა. არ გინდა, ნუ მოიყვან სასამართლოზე, ნერვებს აგიშლისო.

ვეუბნებოდი, ამაზე მეტი, რა უნდა ამიშალოს-მეთქი, მეტი რაღა უნდა გამიკეთოს, მთელი ცხოვრება მაწამა მეთქი. რა უნდა, კაცის მკვლელი, ქურდი, რეციდივისტი, უსაქმური, ნარკომანი ვარ, ნეტა რას მერჩის-მეთქი? რას მეტყოდა, მხოლოდ ერთს – ჩემი შვილი არ ხარო! არადა, გავიკეთებდი გენეტიკურ ანალიზს და დავუმტკიცებდი.

– რატომ გითხრათ დედამ უარი?

უნდოდა, რომ რამაზისგან დიდ თავდასხმას და უბედურებას ავერიდებინე. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი. ერთ-ერთი ადვოკატი იყო ამ ამბავში ჩართული, რომელიც ამბობდა, რომ გენეტიკური ანალიზი, არც იყო საჭირო. წერილი, რომელიც რამაზს მიწერე, ყველაფერს ნიშნავო.

– წერილი მისწერეთ რამაზს?

დედაჩემის გარდაცვალებამდე, ორი წლით ადრე მივწერე. მართალია, სარჩელი აღარ შევიტანეთ, მაგრამ რამაზს, ჩემი წერილი გადასცეს. ადვოკატი გაოგნებული იყო, მითხრა, ხელი უკანკალებდა, წერილს რომ კითხულობდაო.

პირველ ნახვაზე, ადვოკატს, ძალიან ცუდი პასუხები გასცა, დედაჩემზე ისიც კი უთქვამს, ამ ქალს, საერთოდ არ ვიცნობდიო, მაგრამ მეორე შეხვედრაზე, როცა ყველა ფაქტი, პუნქტებად ჩამოვუწერე, რომ წაუკითხავს, ძალიან ცუდად გამხდარა, ფერი დაუკარგავს.

ვიფიქრე, რამე არ დაემართოს-მეთქი, ხომ შეიძლება, მართლა რამე მოსვლოდა. ეს ისეთი ამბავია, სიმართლე, ყველამ იცის, მაგრამ სასამართლო, მაინც სხვა საკითხია. ვიცი, რომ ძალიან კარგად იცოდა ყველაფერი და დავანებე თავი. იმ ქვეყნად წაიღო ეს ცოდვა – იქ გაუსწორდება ის, ვინც საჭიროა.

სახალხო არტისტი ხარ, თუ უბრალო ადამიანი, ზეციურ საქართველოში, არავის აინტერესებს. მთავარია, შენი პიროვნება და რაც მთავარია, ვის რა გაუკეთე. კარგად მოქცეოდა იმ თავის გერს, ვინ უშლიდა, მაგრამ ჩემგან რა უნდოდა, რატომ მომექცა ასე!

– რას ეტყოდით რამაზის გერს?

არაფრის თქმას არ ვაპირებ – ჩემთვის ის, არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ პირადად ჩემთვის არაფერი დაუშავებია, მის შესახებ, არაფერი მაინტერესებს.

არც ჩემი ბებია-ბაბუასთვის, არაფერს წარმოადგენდა. არავითარი კონტაქტი არ მქონია. იშვიათად, „კურიერივით“ მოდიოდა ხოლმე ჩვენთან სახლში, როცა მშობლებს რამაზთან, რამის გაგზავნა უნდოდათ.

– ბებიის ან ბაბუის დასაფლავებაზეც ვერ შეხვდით რამაზს?

ვერა, რადგან არ მივსულვარ – ასე ვამჯობინე, არ შემეძლო! როგორც დედის, ისე დავდივარ მათ საფლავზეც. რომ გარდაიცვალნენ, ყველა მირეკავდა და მეკითხებოდა, რამაზმა არ დაგირეკა, არაფერი არ გითხრაო?

როგორ დამირეკავდა, სად ჰქონდა ამის ვაჟკაცობა! ადვოკატისთვის უთქვამს, ვიცი, რომ ძალიან კარგი გოგო, კარგი ადამიანიაო. რატომ არ ვიქნებოდი კარგი, ცხოვრებაში ერთი პრეტენზიაც კი არ გამომითქვამს!

ყველაზე საყვარელი ადამიანი, ჩემს ცხოვრებაში დედა იყო. ძალიან კეთილი და წესიერი ადამიანი იყო. იცით რას ამბობდა ხოლმე? მე რამაზ ჩხიკვაძე მეტად ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან ყოველ დილით, ჩემ შვილს ვუყურებო.

ბაბუა, ძალიან განიცდიდა ჩემ მდგომარეობას, მაგრამ რა ექნა, ერთადერთი შვილი, ჩემ გამო ვერ დაკარგა.

როცა უჭირდათ, რამაზიც თავს ევლებოდა. ვერ ვიტყვი რომ არ პატრონობდა. ფაქტიურად, ეს ადამიანები, ისე წავიდნენ ამ ქვეყნიდან, არც მე დამკარგეს და არც საკუთარი შვილი!...