ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა თბილისის სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

პროკურატურა

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა თბილისის სკოლებში პედაგოგებთან და მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.

პროკურორებმა შეხვედრის მონაწილეებთან ისაუბრეს ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის, ოჯახში ძალადობის, ადრეული ქორწინების, სქესობრივი დანაშაულებისა და ფემიციდის საკითხებზე. ასევე, ყურადღება გამახვილდა ძალადობის შედეგად დაზარალებული პირების, მათ შორის არასრულწლოვნების დაცვის, მხარდაჭერის და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესზე.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა დაესვათ შეკითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

საინფორმაციო კამპანია - „არა ფემიციდს“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს  და გაეროს ქალთა ორგანიზაცია UN WOMEN-ის მხარდაჭერით  მიმდინარეობს, რომლის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია.