VIDEO: რა მოხდა სტადიონზე „ლეგენდების მატჩის“ შემდეგ
1747429096
უკვე რამდენიმე კვირაა ბერ პაისზე გადაღებულმა სერიალმა " წმინდა პაისი - ფარასადან ზეცაში" ქართველი მაყურებელი დაატყვევა. ახლა მეორე სეზონს ვუყურებთ და შეიძლება ითქვას, ამ წმინდანის ცხოვრებას მადლით ვეზიარებით.
სერიალს ქართულად თარგმნის და მაყურებელს აწვდის საეკლესიო ფეისბუქ გვერდი სახელწოდებით "სარწმუნოება, ფოტო და ვიდეო არქივი". კერძოდ კი სამეგობრო სამეული - თამარ ბროლაძე, ნანა ბეჟანიშვილი და თამარ კიკალიშვილი...
სამეგობრო საბერძნეთში შეიკრა. თამარ ბროლაძე და ნანა ბეჟანიშვილი თესალონიკში ქართულ სამრევლოს წირვებზე ქართულად გალობდნენ. გოგონები აწ განსვენებული მამა ნიკოლოზ მელიქიძის სულიერი შვილები გახლდნენ.
ბერძნული სერიალის თარგმნის იდეა კი თამარ ბროლაძეს გაუჩნდა. შემდეგ მეგობრები აიყოლია და ჩვენი მამა გაბრიელის თანამედროვე ბერძენ წმინდა მამაზე გადაღებული ფილმი თარგმნეს.
სერიალი ათონის მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ ეფრემ ვატოპედელის მხარდაჭერითაა გადაღებული. ის დაფუძნებულია რეალურ მონათხრობებსა და წიგნებზე.
პირველ სეზონში ცხრა სერიაა, მეორეში - თორმეტი. ახლა ქართველი მაყურებელი მეორე სეზონის მესამე სერიას ელოდება. საბერძნეთში კი სერიალის ჩვენება ცოტა ხნის წინ დაასრულეს.
ბერ პაისზე გადაღებული ამ ემოციური სურათის გასვლის შემდეგ, საბერძნეთში ტაძრები ახალგაზრდა მრევლის ახალი ნაკადით გავსებულა. შეგიძლიათ ნახოთ და გულგრილი ნამდვილად ვერ დარჩებით. მუსიკა აქვს საოცრად გულში ჩამწვდომი, გაგქცევს ზემოქმედების ქვეშ და შემდეგ აკვიატებულად სულ გაქვს ყურში ეს მელოდია.
და მთავარი როლის შემსრულებელი გნუსხავს. ცხადია, ვისაც ასახიერებს, იმ უდიდეს წმინდანს მიუძღვის აქ "ბრალი", თუმცა დიდი ქარიზმა აქვს არტისტსაც. ეს არის კვიპროსელი მსახიობი პროკოპის აგათოკლეუსი...
სხვა დანარჩენს "პრაიმტაიმს" სერიალის მთარგმნელი - თამარ ბროლაძე უყვება...
თამარ ბროლაძე: - ახლახან გვქონდა სერიალის მეორე სეზონის პირველი ორი სერიის პრეზენტაცია. პრეზენტაციიდან რამდენიმე დღე გავიდა და ახლაც მწერენ იმ ემოციებზე, რაც იქ დაეუფლათ. ძალიან ბედნიერი დღე იყო.
გაგვიხარდა, რომ სპეციალური სტუმრის რანგში მამა თეოდორე გიგნაძე გვესტუმრა. მან თქვა, რომ მისი ცელქი სამი წლის შვილიშვილი სამ სერიას გაუნძრევლად უზის და უყურებს. თუ დაიკარგება და ვერ ვიპოვით, აღმოვაჩენთ, რომ სადღაც ოთახში ხელებ აპყრობილია და უფალოო, ლოცულობსო. მართლა ასეთი მადლიანი ფილმია. მის ნახვას უდიდესი მადლი სდევს, რასაც ყველა მაყურებელი განიცდის. ფილმის დიდი და კეთილი ნაყოფიდან გამომდინარე მამა თეოდორემ იმედი გამოთქვა, რომ ოდესმე ეს ფილმი საქართველოს ტელევიზიებითაც გავა.
საბერძნეთში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა დიდი სიყვარულით გამოგვიგზავნეს რახათ-ლუქუმები, რომ ზუსტად ბერი პაისის მსგავსად გავმასპინძლებოდით მოსულ სტუმრებს.
"ჯერ დატკბით, მერე მობრძანდით", ასე ეუბნებოდა ყველას. ჩვენგან თბილი ჟესტი იყო და გაგვიხარდა და სიმბოლურად ისე ვუმასპინძლეთ მოსულ ადამიანებს, როგორც ეს წმინდა მამა მასთან მისულთ.
ყველას დავურიგეთ ბერი პაისი ხატები, რომელიც საბერძნეთიდან გამოგვიგზავნეს... ემოციური მუხტი იყო, ტიროდნენ... ფილმის დასრულების შემდეგ, ეს უცნობი ადამიანები ისე თბილად განვეწყეთ ერთმანეთის მიმართ, ვეხუტებოდით და ვეფერებოდით ერთმანეთს... ძალიან თბილი საღამო გამოვიდა. მინდა, რომ ეს სიყვარული იყოს ხალხში და მრევლში. კიდევ ერთხელ გავაკეთებთ მსგავს შეხვედრას სეზონის დასასრულს...
ასეთი ღონისძიებების დაგეგმვა ხელს უწყობს მრევლის დაახლოებას, რათა ჩვენ შორის უფრო მეტად განმრავლდეს რწმენა და სიყვარული.
ყველაფერი კი ასე დაიწყო:
დაახლოებით ხუთი წლის წინ, ათონის მთის წინამძღვარმა ეფრემ ვატოპედელმა (იმ დროს საბერძნეთში სერიალის პირველი სეზონი გადიოდა), ინტერვიუში ასეთი რამ თქვა: ძალიან კარგი სერიალია, სულისთვის სასარგებლო, კარგი ნაყოფის მომცემიო. და გვირჩია აუდიტორიას - მაყურებელს, გადათარგმნეთ და თქვენს ენაზე უყურეთო.
მახსოვს, ინტერნეტსივრცეში დავიწყე სერიალის ძებნა. ვერ ვიპოვე. გავიდა წლები და გადამავიწყდა. დაახლოებით ორი თვის წინ, ინტერნეტში, სრულიად შემთხვევით, ერთ-ერთ ბერძნულ გვერდზე ვნახე ამ ფილმის მეორე სეზონის ეპიზოდები. გამახსენდა, რომ ამ ფილმს ვეძებდი. თავიდან დავიწყე ძებნა და ვნახე, რომ უკვე ხელმისაწვდომი აღმოჩნდა.ფილმი რომ ვნახე გული ძალიან გამითბა. მივხვდი, რომ ის საოცრებაა.
დავუკავშირდი მეგობრებს საბერძნეთში. ნანა და თამარი ახლაც იქ ცხოვრობენ. დიდი მასალა იყო გადასათარგმნი, მარტო ვერ შევძლებდი. გოგონები დამთანხმდნენ. და დავიწყეთ თარგმნა. პირველ ვერსიას თარგმნის ნანა ბეჟანიშვილი, შემდეგ თამარ კიკალიშვილი ამოწმებს და ბოლოს მე ვარგებ ტექსტს ქართულ ხასიათს და კონტექსტს, რა დროსაც ზოგჯერ მიწევს ზუსტი თარგმანის ზუსტად ქართული შესატყვისით შეცვლა.
სხვათა შორის, ერთ-ერთი მთარგმნელის ცხოვრებაში ასეთი რამ მოხდა. ის ამბობს, ვიყავი დეპრესიულ განწყობაზე, წმინდა პაისის ხატის წინ ვტიროდი, დამეხმარე, რომ გავაკეთო რამე ღირებული, ჩემ ცხოვრებას აზრი რომ მიეცესო. მეორე დღეს მე დამირეკავს და ფილმის თარგმნა შემითავაზებია... დაფიქრების გარეშე რომ დამთანხმდა ძალიან გამიკვირდა. თითო სერიაზე მუშაობას დიდი დრო სჭირდება. თანაც მუშაობს და ამდენად გაოცებული ვიყავი. მან პირველი სეზონის ბოლოს გაგვიმხილა ეს ამბავი. ცრემლით აღიარა, ამ სერიალმა გადამარჩინა და სიხარული ვიგრძენიო... ერთად არაერთხელ ვართ სამივე ბერი პაისის საფლავზე მონალოცი. ცხადია, მაშინ ვერ წარმოგვედგინა, რომ ფილმს გადაიღებდნენ, ჩვენ კი მას ქართულად ვთარგმნიდით.
ერთი სასწაული მაგონდება. ჩემმა მეუღლემ, ტურისტული ეგიდით, მომლოცველთა ჯგუფი ბერი პაისის საფლავზე ჩაიყვანა. იქ ერთ ქალბატონს მოუყოლია თავისი ისტორია: ამ ქალს ინფარქტისგან ყბა ჰქონდა დეფორმირებული. ჩასულა თესალონიკში დასთან სტუმრად, რომ იქაურ ექიმებთან მისულიყო. იმ ღამით უნახავს სიზმარი, მაგიდაზე ჭიქით წყალი და თეთრებში ჩაცმული თეთრ თმიან-წვერიანი კაცი, რომელსაც უთქვამს, თუ დალევ კარგად გახდებიო. მეორე დღეს დას მოსალოცად მიუყვანია ბერი პაისის საფლავზე. იქ მისულს დაუნახავს ზუსტად ის მაგიდა და ჭიქა წყალი, რაც სიზმრად ნახა. მაშინვე ავიღე ჭიქა და დავლიეო. ხატები რომ ვნახე, მივხვდი, რომ სიზმრად ნანახი თეთრ წვერიანი კაცი ბერი პაისი იყოო. იმ ღამით დაიძინა და მეორე დღეს კი, გამოჯანმრთელებულს გაუღვიძია...
სერიალი ქართულად გაახმოვანა ალექსი მოსიაშვილმა, საეკლესიო გვერდის "ტკბილ ხარ შენ, უფალოს" ადმინისტრატორმა. იმდენად ნიჭიერია და ინტონაციით ისე ცვლის გმირების ხასიათებს, რომ ჰგონიათ სხვადასხვა ადამიანი ახმოვანებს.
რაც შეეხება ბერი პაისის როლის შემსრულებელს. ის პროკოპის აგათოკლეუსი გახლავთ. ბერძენია, კვიპროსელი. პროფესიონალი მსახიობია. როდესაც ამ როლზე მიიღო შეთავაზება, იმ დროს არ იყო მორწმუნე.
მონაყოლი აქვს, სანამ ფილმზე მუშაობას დაიწყებდნენ, თერთმეტი თვე გაატარა ათონის მთაზე ისე, რომ სახლში არ დაბრუნებულა. ბერების ცხოვრებას ახლოდან გაეცნო. სურდა, რომ კარგად შეეგრძნო წმინდა მამის როლი. წვერი და თმა გაიზარდა და ზუსტად ბერების მსგავსად იცხოვრა.
ამის შედეგ იმუშავა ფილმზე. მსახიობი ყველა ინტერვიუში ამბობს, რომ ბერი პაისის როლმა მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. გახდა გულჩვილი. ვიდეოები რომ ნახოთ, უცრემლოდ ვერ საუბრობს ამ როლზე, ყელში ბურთი ეჩხირება. ყველგან, ყველა ინტერვიუში, სადაც კი წმინდა ბერის როლზეა საუბარი, ისეთ ემოციებშია თვალზე ცრემლი არ უშრება.
უხარია, რომ ამ დიდი საქმის მონაწილეა. სერიალი ზუსტად რეალურ ადგილებშია გადაღებული, სადაც კი ბერ პაისს უცხოვრია და უმოღვაწია. ძირითადად, გარე გადაღებები იყო და ამინდი რომ არ ყოფილა შესაბამისი, თურმე, გადაღებისას, მისტიკურად ზუსტად ის ამინდი გამოდიოდა, რაც სჭირდებოდათ. ამის მოწმე ყველა ვართო, ამბობს მსახიობი.
ერთ სცენაში სინას მთაზე ბერი პაისი მლოცველ განდეგილ ბერს უყურებს. პროკოპი ჰყვება, ისეთი ქარიშხალი იყო, ერთი წამი ვერ ვჩერდებოდი, რომ ეს კადრი გადაგვეღო, ქარიშხალი უკან მაგდებდაო. მერე ვილოცეთ და ბოლოჯერ ვცადეთ. უცებ ჩადგა ქარი, გადავიღეთ და დავასრულეთ თუ არა, ისევ ქარიშხალი ამოვარდაო.
ბერ პაისს ჰყავდა მეგობარი გულწითელა ჩიტი, რომელსაც ოლეტი დაარქვა. პროკოპი იხსენებს, ათონის მთაზე გადაღებების დროს, როცა პრობლემები იჩენდა თავს, მოფრინდებოდა გულწითელა ჩიტი, ჩემთან ახლოს დაჯდებოდა და ჭიკჭიკებდაო. ამ დროს ენით აუწერელ სიხარულს ვგრძნობდით ყველაო. ჩიტის მოსვლით კი ზუსტად ვიცოდით, რომ პრობლემა მოგვარდებოდა და ჩვეულებრივ გავაგრძელებდით გადაღებასო. ბევრი სასწაული გადახდენიათ და ამას აღტაცებით ჰყვება ხოლმე ინტერვიუებში.
საეკლესიო გვერდები "ტკბილ ხარ შენ, უფალო" და "სარწმუნოება ფოტო და ვიდეო არქივი", შემოწირულობებით პერიოდულად, ვეხმარებით ადამიანებს. მინდა გაცნობოთ, რომ ამ სერიალის თარგმნისთვის კეთილი ადამიანებისგან შემოსული თანხის დიდი ნაწილით ბევრი ადამიანი გავახარეთ. მამა დავით ქვლივიძის საქველმოქმედო ფონდ "ივერონს" მინდა გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. ასევე მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ამ პროექტს უჭერს მხარს...
სერიალს ასი ათასობით ადამიანი უყურებს და გვიხარია, რომ ბევრისთვის საყვარელი ფილმი გახდა. გვწერენ, თუ როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება ამ სერიალის ნახვის შემდეგ.
მინდა ქართველ წმინდანებზე გადავიღოთ ასეთი ხარისხის სურათი, ასეთი ქრისტიანული ხედვებით. ვიმედოვნებ, უფალი ინებებს და შევძლებთ.