დაიწყო მისამართების შემოწმება - მნიშვნელოვანი გაფრთხილება იტალიაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
1770148390
პოლიციამ კარი სპეციალური მოწყობილობით გახსნა, ბინაში შევიდა და ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ პირს ხელბორკილები დაადო. ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის ხელბორკილები კიდევ 44 პირს დაადეს. ისინი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არიან და გამოძიების ინფორმაციით, ფინანსურ დავებს ქურდული გარჩევებით აგვარებდნენ.
ე.წ. კანონიერი ქურდები სულხან ჯაფარიძე (თვალჭრელიძე), მეტსახელად "სუხო," და პეტრე ბაქრაძე, მეტსახელად "პაატა თბილისკი" - ეს ის "კანონიერი ქურდები" არიან, რომლებიც საზღვარგარეთიდან საქართველოში მყოფ თანამოაზრეებს მითითებებს აძლევდნენ. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული ფარული სატელეფონო საუბრის ჩანაწერები ადასტურებს.
ფინანსური დავების მოგვარებაში საზღვარგარეთიდან ერთვებოდა კიდევ ერთი ე.წ. კანონიერი ქურდი - რევაზ უბილავა, მეტსახელად "ჯვარსკი." მასთან ერთად ქურდულ გარჩევებში მისი ძმაც და დედაც მონაწილეობდნენ. ორივე დაკავებულია.
ე.წ. კანონიერი ქურდის ძმისა და დედის დასაკავებლად სამართალდამცველები წალენჯიხაში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე იყვნენ მობილიზებულები. "კურიერთან" დღეს უბილავების ოჯახმა კომენტარი გააკეთა.
სპეცოპერაცია ქურდული სამყაროს წინააღმდეგ დღეს გამთენიისას მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა. ჩხრეკისას ნივთმტკიცებების სახით ამოღებულია მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა და ნარკოტიკული საშუალებები.
სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ფინანსური დავების მომგვარებლები ე.წ. კანონიერ ქურდებსაც ატყუებდნენ და ქურდული გარჩევებისას აღებულ თანხას ერთმანეთში ინაწილებდნენ.
"ტუხას", "ბალუს," "გლობუსას," "დარჯოს," "წერტილას", "წიოკას" და სხვებს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ, შემდეგ კი მათ საქმეზე სასამართლო იმსჯელებს.
სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის დეტალები დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, სპეციალურ ბრიფინგზე განმარტეს.
დღის ბოლოს განცხადება გენერალურ პროკურატურაშიც გაკეთდა. საგამოძიებო უწყებამ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდებს