წყალი 13 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართები
1770149016
ანალიტიკოსი გია აბაშიძე, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის შუალედურ ანგარიშს, რომელიც ევროკომისიის მხრიდან გლობალური ცენზურისა და პოლიტიკური კონტენტის შეზღუდვის ფაქტებს აღწერს, სოციალურ ქაელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ "აშშ-ის კონგრესის დასკვნით, ევროკომისია კონტინენტის არჩევნებში ჩაერია და ცენზურის სადარაჯოზეა", რასაც საქართველოს ხელისუფლება დიდი ხანია ამბობს.
მისი განცხადებით, აღნიშნული ანალიზი აცამტვერებს "ევროკრატიის ყალბ თავმომწონეობას" და გამოდის, რომ ისინი არა დემოკრატიის მხარდამჭერები, არამედ, კლასიკური ნეოსაბჭოური აქტორები არიან.
„უსერიოზულესი მხილება, რასაც საქართველოს ხელისუფლება დიდი ხანია ამბობს - აშშ-ის კონგრესის დასკვნით, ევროკომისია კონტინენტის არჩევნებში ჩაერია და ცენზურის სადარაჯოზეა! კაპიტოლიუმის ეს ანალიზი აცამტვერებს ევროკრატიის ყალბ თავმომწონეობას, რომ დემოკრატიის მხარდამჭერნი არიან, ისინი კლასიკური ნეოსაბჭოური აქტორები არიან ყალბი "ქოლგის ქვეშ", სახელწოდებით "EU".
სუვერენიტეტისტი "ქართული ოცნების" პოლიტიკა შეუვალია, ხარჯონ ახლა ამოქოლვადი შავბნელი გზებით ნაცმარგინალები; კონვულსიებში ჩავარდნენ ანტიქართველი ნეოკოლონიალისტები ვაშინგტონსა და ბრიუსელში. ავაზაკი ევროკრატიის მაქინაციები სახეზეა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა გამოაქვეყნა შუალედური ანგარიში სახელწოდებით „უცხოური ცენზურის საფრთხე, ნაწილი II: ევროპის ათწლიანი კამპანია გლობალური ინტერნეტის ცენზურისათვის და როგორ აზიანებს იგი გამოხატვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში“. კომიტეტისთვის სასამართლო უწყების საფუძველზე წარდგენილი „დიდი ტექნოლოგიური“ კომპანიების არასაჯარო დოკუმენტები ცხადყოფს, რომ ევროკომისიამ წარმატებით განახორციელა ზეწოლა მსხვილ სოციალურ პლატფორმებზე მათი კონტენტის მოდერაციის გლობალური წესების შესაცვლელად, რაც პირდაპირ აზიანებს ონლაინ გამოხატვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში.
სულ მცირე, 2020 წლიდან გამართულ 100-ზე მეტ დახურულ შეხვედრაზე, ევროკომისია ახდენდა ზეწოლას პლატფორმებზე, რათა მათ შეეცვალათ გლობალურად მოქმედი კონტენტის მოდერაციის წესები კონტენტის უფრო აგრესიული ცენზურის სასარგებლოდ, რაც პირდაპირ ლახავს ამერიკელების ონლაინ სიტყვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში.
„ამ ზეწოლის კამპანიის საპასუხოდ, მსხვილმა სოციალურმა პლატფორმებმა მოახდინეს უტყუარი ინფორმაციისა და პოლიტიკური განცხადებების ცენზურა უახლესი ისტორიის ზოგიერთ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ დებატებთან დაკავშირებით, მათ შორის COVID-19-ის პანდემიის, მასობრივი მიგრაციისა და ტრანსგენდერული საკითხების შესახებ, იმ საბაბით, რომ ისინი ებრძოდნენ „სიძულვილის ენასა“ და დეზინფორმაციას. 2025 წლის დეკემბერში კომისიამ გადადგა ცენზურისკენ მიმართული ყველაზე აგრესიული ნაბიჯი და კომპანია X-ს მისი გლობალური შემოსავლის თითქმის ექვსი პროცენტის ოდენობის ჯარიმა დააკისრა, რაც აშკარა შურისძიება იყო პლატფორმის მიერ მთელ მსოფლიოში სიტყვის თავისუფლების დაცვის გამო. ევროკომისიის ახალი საკანონმდებლო და მარეგულირებელი წინადადებები ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ის მხოლოდ აძლიერებს მცდელობებს ონლაინ გამოხატვის გასაკონტროლებლად და ევროკავშირის საზღვრებს გარეთ რეგულირების დასამკვიდრებლად“, - ნათქვამია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის განცხადებაში.
კომიტეტისთვის წარდგენილი არასაჯარო დოკუმენტები აჩვენებენ, რომ:
- ევროკომისიამ წარმატებით განახორციელა ზეწოლა სოციალურ პლატფორმებზე, რათა მოეხდინათ უტყუარი ინფორმაციის ცენზურა შეერთებულ შტატებში;
- ევროკომისიის სამიზნეს ცენზურის მიზნით წარმოადგენს აშშ-ის პოლიტიკური კონტენტი;
- ევროკომისია არაპროპორციულად უმიზნებს კონსერვატიულ კონტენტს და ერევა არჩევნებში მთელი ევროპის მასშტაბით;
- ევროკომისიის „ნებაყოფლობითი“ და „კონსენსუსზე“ დაფუძნებული მარეგულირებელი ინიციატივები არც ნებაყოფლობითია და არც კონსენსუსზე დაფუძნებული.
„ევროკომისიის მიმდინარე ინიციატივები მიუთითებს იმაზე, რომ იგი კვლავაც ცენზურის ერთგული რჩება და ცდილობს თავისი ცენზურის ზომების სხვა ქვეყნებში ექსპორტირებას. კომიტეტი გააგრძელებს გამოძიებას უცხოური ცენზურის კანონების, რეგულაციებისა და სასამართლო განჩინებების შესახებ და დაუპირისპირდება ამ ეგზისტენციალურ საფრთხეს, რომელიც ემუქრება ამერიკულ ფუნდამენტურ უფლებას - გამოხატვის თავისუფლების უფლებას“, - ხაზგასმით აღმიშნეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ კომიტეტში.
„როგორც ირკვევა, არჩევნებში ჩარევა ევროკომისიისთვის ჩვეული პრაქტიკაა. 2023 წლიდან მოყოლებული, ევროპის ექვს ქვეყანაში გამართული, სულ მცირე, რვა არჩევნების წინ, ევროკომისია ხვდებოდა სოციალური მედიის პლატფორმების წარმომადგენლებს, რათა მათზე ზეწოლა მოეხდინა პოლიტიკური განცხადებების ცენზურის მიზნით კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე“, - ნათქვამია განცხადებაში.“ - წერს გია აბაშიძე.