"ევროპაში გავიზარდე, მაგრამ დედასთან სულ ქართულად ვლაპარაკობდი..." - რას საქმიანობს ასლან აბაშიძის იტალიელი შვილიშვილი

რიკარდო კანისტრატი

ასლან აბაშიძის ოჯახმა საქართველო წლების წინ დატოვა, მაგრამ აჭარის ყოფილი მმართველის ოჯახის წევრების მიმართ საზოგადოების ინტერესი არ წყდება.

წლების განმავლობაში,  მისი ოჯახის არცერთი წევრი არ გამოჩენილა მედიაში. დუმილი მისმა იტალიელმა შვილიშვილმა რიკარდომ დაარღვია. 

ასლან აბაშიძე ახლა მოსკოვში ცხოვრობს.  ხანდაზმულ ასაკში,  ის ტყუპების მამაც გახდა. მის უფროს შვილებს გიორგის და დიანას კი საქართველოში კარგად იცნობენ.

 გადაცემა "პროექციაში" საზოგადოებამ წლების შემდეგ აბაშიძის შვილიშვილი რიკარდო კანისტრანი გაიცნო. რომელიც ასლან აბაშიძის ქალიშვილის დიანას უმცროსი ვაჟია და იტალიელი მამა ჰყავს. რიკარდო გატაცებულია მუსიკით და რეპავს.

"დედაჩემი დიანა, არის ძალიან მაგარი ადამიანი. ამას არ ვამბობ იმიტომ, რომ მისი შვილი ვარ. ბევრი რამ მასწავლა, დამიდგა გვერდით რთულ მომენტებში.

მაშინ, სახლში იგრძნობოდა დაძაბულობა. დედა მაქსიმალურად გვიცავდა მე და ჩემს ძმას. ჩემთვის ეს იყო ოჯახი" - ამბობს რიკარდო.

როგორც თავად ამბობს,  საქართველო განსაკუთრებულად უყვარს. საქართველოდან მისი ოჯახის წასვლიდან, ოცი წლის შემდეგ, დაბრუნდა და ბათუმს ხშირად სტუმრობს.

"ბათუმში კარგად ვგრძნობ თავს. ევროპაში გავიზარდე, მაგრამ დედასთან სულ ქართულად ვლაპარაკობდი. ქართულად გავიზარდე და მადლობა დედას. იტალიური და ქართული კულტურა ძალიან ჰგავს ერთმანეთს. არ არის ძნელი ერთი კულტურიდან მეორეში გადავიდე.

იმ ამბებიდან, 20 წლის შემდეგ ჩამოვედი საქართველოში და უცბად ვიგრძენი თავი სახლში. ვიგრძენი სიყვარული ხალხისგან და ურთიერთობებისგან.

საქართველოს უფრო ბუნებრივი აურა აქვს, ვიდრე იტალიას, სადაც მე გავიზარდე. არ ვიცი, შესაძლოა, ერთ დღეს ოჯახიც აქ შევქმნა" - აღნიშნავს რიკარდო.

როგორც ის ამბობს, ასლან აბაშიძე მისთვის მამასავით იყო.

"ჩემთვის ასლანი იყო როგორც მამა. პატარა სულ მასთან ვიყავი. დედა ხშირად მტოვებდა. პატარა ვიყავი, მაგრამ დღემდე მახსოვს ის ღირებულებები რასაც მასწავლა. დედა ცდილობდა, მისი შვილები დაეცვა. ამ ოჯახისთვის ძალიან მადლობელი ვარ.

ადრე მქონდა ბაბუასთან ხშირი კონტაქტი, ამ ბოლო პერიოდში, არა. ბაბუაჩემი ჩემთვის კაცობის მაგალითია, მაგრამ ჩემი ოჯახი ჩემთვის არის დედაჩემი და გიორგი. როცა ვიზრდებოდი თანდათან ვხვდებოდი, როგორი ოჯახიდან მოვდიოდი".

რიკარდო პროფესიით ფინანსისტი და მედიადიზანერია, ასევე უყვარს მუსიკა, განსაკუთრებით რეპი. 26 წლის მუსიკოსი და მედიადიზაინერი უკვე ოჯახის შექმნაზეც ფიქრობს.

"უკვე 26 წლის ვარ, ვფიქრობ ოჯახზე და მომავალზე. ჩემი აზრით საქართველოში ყველაფერია იმისთვის რომ კარგი ცხოვრება გქონდეს - ამბობს რიკარდო.