1733258119
"ერთხელ, როცა ჩემთვის, ღვთისმშობლის დაუჯდომელ ლოცვას ვკითხულობდი, უცებ..." - რას იხსენებს "სალხინოს ღვთისმშობლის" ხატზე დეკანოზი სერაფიმე დანელია
"დღეს 4 სექტემბერია, "სალხინოს ღვთისმშობლის" ხატის ხსენების დღე!" - წერს ფეისბუქზე დეკანოზი სერაფიმე დანელია და ხატის შექმნის ისტორიას იხსენებს;
"არადა, სულ უბრალოდ დაიწყო ყველაფერი: - ერთხელ, როცა ჩემთვის ღვთისმშობლის დაუჯდომელ ლოცვას ვკითხულობდი, უცებ ერთი სტროფი უცნაურად მოხვდა გულს:
"გიხაროდენ ყოვლისა სოფლისა სალხინებელო," - ეწერა დაუჯდომლის ამ მუხლში... გონებამ უცებ დააკავშირა იგი სოფელ სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძარს, სადაც ვმსახურობდი და ასე დაიბადა სურვილი, შექმნილიყო ღვთისმშობლის ხატი სახელით "ყოვლისა სოფლისა სალხინებელი."
მალე გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც აიტაცა ეს სურვილი და ნაცნობ ხატმწერს თხოვა დაეხატა ღვთისმშობლის ხატი, როგორც ამას მე ვუკარნახებდი... ასე და ამგვარად, აგვისტოს ბოლოსთვის სრულ იქმნა ჩვენი გულმოდგინება და სექტემბრის პირველ დღეებში ჩვენმა სალხინოს ღვთისმშობელმა დატოვა ხატმწერის სახელოსნო...
შემდეგ იყო სამების საკათედრო ტაძარი, სვეტიცხოველში კვართთან ღამის გათენება, ბოლოს კი მარტვილის საკათედრო ტაძარი, საიდანაც უკვე ლიტანიობით უნდა წაგვებრძანებინა ჩვენი დედოფალი თავის საბრძანებელში...
4 სექტემბერს მარტვილში გადაუღებლად წვიმდა, მაგრამ ამისდა მიუხედავად, მაინც აუარება ხალხი შეიკრიბა სალხინოს შესასვლელთან... ზარების რეკვით და სიხარულის ჟრიამულით შეეგება ახლომახლო სოფლებიდან შეკრებილი ხალხი, თავიანთი ზეციური დედოფლის ხატის გამოჩენას. ვის ახსოვდა წვიმა... შევუდექით ხატს და ზარების რეკვითა და გალობით ტაძრისკენ მიმავალ რვა კილომეტრიან გზას ფეხით დავადექით... საოცარი სანახაობა იყო... დაუვიწყარი... სულს რომ სამუდამოდ ამახსოვრდება...
მობრძანდებოდა "სალხინოს ღვთისმშობელი" თავის სავანეში და ამ თქეშსა და თავსხმა წვიმაში, მოჰქონდა ულევი ლხენა და ნუგეში...
შემდეგ წელს, ამ დღეს, 4 სექტემბერს, ხატის დღესასწაულთან დაკავშირებით პირველად და სამწუხაროდ, უკანასკნელად ჩატარდა სახალხო დღესასწაული "სალხინოობა"...
უამრავი სტუმრით, წირვა-ლოცვით, სხვადასხვა ღონისძიებებით და ცეკვა-თამაშით... ამ დღის ქრონიკას ინახავენ ეს სურათები...
გიხაროდენ ყოვლად დიდებულო დედოფალო ჩვენო ღვთისმშობელო, ყოვლადსანატრელო, "ყოვლისა სოფლისა სალხინებელო,“ მიითვალე ვედრებაი ჩვენი და მლხინებელ ექმენ შეცოდებათა ჩვენთა, მხიარულ ჰყვენ გულნი ჩვენნი ზეციურთა მით სიხარულითა, რათა გადიდებდეთ შენ და გიგალობდეთ: „გიხაროდენ სიხარულო ყოვლისა სოფლისაო“.
ასევე დაგაინტერესებთ: