ემუქრება თუ არა საქართველოს სიცხის ციკლონი - განგაშის წითელი დონე რამდენიმე ქვეყანამ გამოაცხადა

სიცხე

ექსტრემალური სიცხე - პლანეტა ტემპერატურის მკვეთრ მატებას ებრძვის. რამდენიმე ქვეყანამ განგაშის წითელი დონე გამოაცხადა, ადამიანებს გარეთ გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევენ. მაღალ ტემპერატურას თან ხანძრებიც ერთვის, რაც მდგომარეობას კატასტროფულად ართულებს.

სიცხის ტალღებმა ტყის ხანძრები იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, სერბეთში, ხორვატიასა და საბერძნეთში გამოიწვია. მდგომარეობა რთულია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთშიც. მეტეოროლოგები ჰაერის რეკორდულად მაღალ ტემპერატურაზე საუბრობენ, ზოგ შემთხვევაში, საუბარია, 50 გრადუს ცელსიუსზე.

დაიძრა თუ არა სიცხის ციკლონი საქართველოსკენ? ჰაერის ტემპერატურა ჩვენს ქვეყანაშიც მაღალია და დღის საათებში საკმაოდ ცხელა. თუმცა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე საქართველოში მსგავსი გვალვა მოსალოდნელი არ არის. სინოპტიკოსების პროგნოზით, 26-27 ივლისს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურამ კი 27 ივლისს შესაძლოა +37, +39 გრადუსს მიაღწიოს. 28 ივლისს ისევ გაწვიმდება და აგრილდება.

აღმოსავლეთ საქართველოში 29 ივლისამდე ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +30, + 35 გრადუსი იქნება.

იტალიის 23 ქალაქში, მაღალი ტემპერატურის გამო, განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული. იმ რეგიონებში კი, სადაც ტემპერატურა რეკორდულ ნიშნულს აღწევს, საავადმყოფოში მიმართვიანობა გაიზარდა. გაიხსნა სპეციალური დახმარების ცენტრებიც. ნეაპოლის ერთ-ერთ კლინიკაში, მხოლოდ 1 დღეში 200-ზე მეტი პაციენტი მიიღეს, რაც პანდემიის შემდეგ რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

ვიდრე რომში სიცხის რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება, იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში სეტყვის გამო 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. 10 სანტიმეტრი დიამეტრის მქონე სეტყვის შედეგად, დაზიანდა ავტომობილები და ინფრასტრუქტურა. გადაუდებელი სამსახურის თანამშრომლები სტიქიის გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. სარდინიასა და სიცილიაში დღის განმავლობაში ქუჩები თითქმის ცარიელია.

საბერძნეთში, სადაც ტყის ხანძრების გამო ყველაზე მეტად ათენის დასავლეთით მდებარე ტერიტორია დაზარალდა, ქუჩაში გამოსულებს 24 საათიან რეჟიმში პირველად დახმარებას წითელი ჯვარი უწევს. 5 ვერტმფრენი, 173 მეხანძრე, სამხედრო-საზღვაო ძალები მოქალაქეებთან ერთად ადგილობრივების გადარჩენას უკვე რამდენიმე დღეა ცდილობენ. 3500 ადამიანი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ხანძრის ლიკვიდაციის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი ქარია. ერთკვირიანი 40 გრადუსს გადაჭარბებული ტემპერატურა შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს, ამიტომ ხელისუფლება ახალი ხანძრების მოლოდინშია.

კურიერების გასაგრილებლად აბუ-დაბიში მზის ენერგიაზე მომუშავე კაბინები გაიხსნა, რაც მათ ცხელ დღეებში გაგრილებისა და შესვენების შესაძლებლობას მისცემს. წყლის დისპენსერები, კონდიციონერი და დასაჯდომი პირველადი საჭიროების ნივთებია.

წყალდიდობები, გვალვა, შტორმი - ექსპერტები ფიქრობენ, რომ მე-19 საუკუნის შემდეგ ეს იქნება ყველაზე ცხელი ზაფხული. მომაკვდინებელი სითბური ტალღები კიდევ უფრო გახშირდა და ხმელეთის უმეტეს რეგიონში გაძლიერდა.

მთავარი რისკის ქვეშ ის ადამიანები არიან, რომელთაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებთ. თუმცა, სიცხე ყველაზე მეტად უსახლკაროდ დარჩენილებზე და სიღარიბის ზღვარზე მყოფ ქვეყნებზე აისახა, მოქალაქეებზე, რომლებისთვისაც გაგრილების სისტემა ფუფუნების საგანია.

ელექტროენერგიის კრიზისი ღაზას სექტორში კიდევ უფრო გამწვავდა. ლტოლვითა ბანაკთან სეირნობისას ხშირად შეხვდებით ნიავის იმედად გარეთ გამოსულ ბავშვებს. ელექტროენერგია აქ შეზღუდულად 12-დან 4 საათამდე აქვთ.

კატაკლიზმებს ებრძვიან შეერთებულ შტატებში, იაპონიასა და ჩინეთშიც. ტემპერატურის მატების ფონზე, წყალდიდობას ებრძვიან ინდოეთში. ძლიერმა წვიმებმა მეწყერი გამოიწვია, რასაც 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 100-ს კი ამ დრომდე ეძებენ.

ვირჯინია, პენსილვანია და ნიუ ჯერსი - ეს ის შტატებია, რომლებიც წყალდიდობამ და ძლიერმა ქარიშხალმა ყველაზე მეტად დააზარალა. დაზიანდა გზები, მოგლიჯა ხეები, დატბორა საცხოვრებელი სახლები. მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, 55 მილიონი ადამიანი საფრთხის ქვეშ იმყოფება.

თუ სახელმწიფოს მეთაურები შესაბამის ზომებს არ მიიღებენ, ექსტრემალური ბუნებრივი კატაკლიზმები ყოველდღიურობის ნაწილი გახდება, რაც სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს. ეფექტური გეგმის გარეშე, ევროპაში 2040 წლისთვის შესაძლოა, ყოველ ზაფხულს 94 ათასი ადამიანი დაიღუპოს. ეკოლოგები გამოსავალს საწვავი წიაღისეულის მოხმარების, სათბურებისა და დიდი რაოდენობით გადაუმუშავებელი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შემცირებაში ხედავენ.

პროგნოზები არადამაიმედებელია. 2024 წელს დედამიწა კიდევ უფრო ცხელი იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „როგორც ჩანს, პატარა დედისგან თავის დაღწევას ბოლო ამოსუნთქვამდე ცდილობდა..." - დაუჯერებელი დეტალები "პოლიციის ფაილებიდან"

👉 VIDEO: „...მორჩა - მას ვეღარაფერი შეცვლის!“ - ლელა კაკულიას ახალი მიმართვა ვრცელდება

👉 VIDEO: ღმერთო, უშველე ამ ადამიანებს! გამოგვეხმაურეთ, როგორ ხართ?!“- მძიმე კადრები იტალიიდან, სადაც სტიქია მძვინვარებს

👉 18 წლის გოგოს შესახებ, რომელიც მშობიარობის შემდეგ კომაში იყო, ახალი ინფორმაცია ვრცელდება

👉 ის ჯგუფურად გააუპატიურეს, 40 დღე აწამეს და მოკლეს - ჯუნკო ფურუტას საქმე, რომელმაც მსოფლიო შეძრა