ძალიან მიყვარს ის ადამიანი, რომელიც გვერდით მყავს - თაკო ჩარკვიანი

ჩარკვიანი

დღეს ვალენტინობაა, სიყვარული დღე. ამ დღეს შეყვარებული წყვილები განსაკუთრებულად აღნიშნავენ, დღესასწაულს ერთმანეთს ულოცავენ და მეწყვილეს სხვადასხვა სახის საჩუქარს აჩუქებენ.

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, არის თუ არა სიყვარულის დღე ქართველი პოლიტიკოსებისთვის განსაკუთრებული და აქვთ თუ არა მათ დღესასწაულის აღნიშვნის განსხვავებული ტრადიცია.

როგორც პოლიტიკოსი, პარტია „კანონისა და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი ჩვენთან საუბრისას ამბობს, მისთვის ყოველი დღე სიყვარულისაა. პოლიტიკოსი ისურვებდა, რომ უფრო უყვარდეთ ადამიანებს ერთმანეთი.

„ამ დღეს განსაკუთრებული ტრადიცია არა მაქვს. ყოველი დღე ვალენტინობაა, თუ ადამიანებს ერთმანეთი უყვართ. ალბათ, სიყვარული პოლიტიკოსებისთვის არაა, თუმცა მათ ვურჩევ, საკუთარი თავი, სამშობლო შეიყვარონ და პატივი სცენ საკუთარ თავს, რაც ქვეყნის სიყვარულში გამოიხატება.

ჯანსუღს (ჩარკვიანი) ჰქონდა ძალიან საინტერესო სტრიქონები: „ვისაც ვუყვარვარ, მიყვარს, ვისაც ვძულვარ, არ მძულს“. მე არ ვიცი, რა არის სიძულვილი. სიყვარული რასაც ჰქვია პირადი, ამას ყოველ დღე ვგრძნობ, რადგან ძალიან მიყვარს ის ადამიანი, რომელიც გვერდით მყავს. ასაკში ჩვენი სიყვარული კიდევ უფრო ძლიერდება, ამას ემატება მეგობრობა. პლანეტას ცოტა სიყვარული აკლია. ვისურვებდი, რომ უფრო უყვარდეთ ადამიანებს ერთმანეთი“,- განაცხადა ჩარკვიანმა.

სიყვარულის დღე — დღესასწაული 14 თებერვალს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება, თუმცა უმეტესგან არც საერო და არც საეკლესიო დღესასწაული არაა.

ვალენტინობის დღის აღნიშვნა V საუკუნის რომში დაიწყო, როგორც წმინდა ვალენტინის ხსენების დღე და მას მთელი ქრისტიანული სამყარო აღნიშნავდა.

ახლა 14 თებერვალს, როგორც წმინდა ვალენტინის ოფიციალურ საეკლესიო დღესასწაულს, ლუთერანულ და ანგლიკანურ ეკლესიებში მხოლოდ პროტესტანტები აღნიშნავენ.