ძალიან ბევრ რამეს შევცვლიდი, პირველ რიგში, მინიმუმ, სამი შვილი მეყოლებოდა... - გიორგი გილიგაშვილი პირადზე

გიორგი გილიგაშვილი

როგორ აღნიშნავს გიორგი გილიგაშვილი დაბადების დღეებს, რა არის მისთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი და რის გამო საყვედურობს საკუთარ თავს, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც მასთან ჟურნალმა „თბილისელებმა“ ჩაწერა:

გთავაზობთ მცირე ამონარიდს: 

33 წლის რომ შევსრულდი, მაშინ დაიბადა ავთვისებიანი კვანძების ისტორია, ანუ ჩემი განსაცდელის ისტორია. ადრეც ვამბობდი, ქრისტეს ასაკში ველოდებოდი-მეთქი, შინაგანად მქონდა ასეთი განცდა. მახსოვს, ასეთი ლექსიც ვთქვი:

მათხოვრობაში გავატარე 33, გულით ვატარე უფრო ცოდვა, ვიდრე რო მადლი და მაინც ვიტყვი, მიწა ცოტა, იყო ცა – მეტი და რომ უფალმა მომიტევა ყოველი ადლი“.

რატომღაც ახლა, ოთხი წლის შემდეგ, როცა ჩემი დაბადების დღე დგებოდა, 12 საათზე გავთიშე ტელეფონი, რადგან არ მსურდა ჩემი ფიქრების ახმაურება, მშვიდად მსურდა შევხვედრილიყავ. მეორე დილით, გაღვიძებისთანავე კი ასეთი სიტყვები აღმომხდა:

დღეს დავიბადე დიდი ხნის წინათ,

ამ წუთისოფლის სიდიდე ვინ თქვა,

ჩემში ცოდვებს ჯერ არ მოეწყინათ,

37 ისე შთაინთქა.

წლევანდელ დაბადების დღეს, ჩემმა ძმაკაცმა მაჩუქა მეთორმეტე საუკუნის დროინდელი ისარი, ეს ჩემთვის გამორჩეული საჩუქარია. ეს ისეთი ნაწრთობი ისარია, ჯაჭვის პერანგს რომ არღვევს, უნიკალური ექსპონატია. მას სახლში განსაკუთრებული ადგილი მივუჩინე.

– ასაკის მატებას სევდანარევი განწყობაც ახლავს თუ ცალსახად სიხარულია?

– სხვათა შორის, დღეს დილით ვფიქრობდი, თუ მე შევატყობ საკუთარ თავს მოწყენას, ესე იგი, მთლად ისე არ არის საქმე სულიერ მდგომარეობაში, როგორც უნდა იყოს. რადგან ადამიანი არ უნდა იწყენდეს, უფალი ამბობს, გიხაროდენ ყოველთა და ყოველთვის, რამეთუ შენთანა ვარ. თუ უფალი შენთან არის, აბა, რა მოწყენის დრო უნდა გამონახო. არა, ჩემმა მზემ, არა! ადამიანს ღმერთის ძიების პროცესი ისეთ დალოცვილად აგრძობინებს თავს, ისეთ ბედნიერებას ანიჭებს, რომ მერე უკვე აღარ გედარდება. იყოს ნება შენი, უფალო, რაც გინდა, მომეწიოს, ესე იგი, ასე იყო დაშვება შენი ჩემზე. თუ გავიმარჯვე ამ ყველაფერზე, ესე იგი, ასეთი იყო ნება შენი. უფრო პატარა ასაკში, თითქოს, სევდა მეპარებოდა, ამას ვგრძნობდი, მაგრამ დიდება უფალს, დღესაც და გუშინაც ვიაზრებდი, რომ არამცთუ სევდა არ დამუფლებია, პირიქით, ასეთი მტკიცე ჩემს ფიქრებსა და ნაბიჯებში არასდროს ვყოფილვარ. დიდება და მადლობა უფალს ამისთვის!

ძალიან მადლიერი ვარ უფლის ყველაფრისთვის, მაგრამ ძალიან უმადური ვარ საკუთარი ნაბიჯების, რაც აქამომდე გადამიდგამს. ძალიან ბევრ რამეს შევცვლიდი. პირველ რიგში, ალბათ, მინიმუმ, სამი შვილი მეყოლებოდა. დანარჩენი, დიდება უფალს, მხოლოდ მადლიერებას ვგრძნობ მის წინაშე.