დღეს არჩილ ტატუნაშვილი 39 წლის გახდებოდა

ოკუპანტებმა მოკლეს

2018 წელს რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ გატაცებული არჩილ ტატუნაშვილი დღეს 39 წლის გახდებოდა.

22 თებერვალს საოკუპაციო ხაზიდან გატაცებული ტატუნაშვილი, 2008 წლის ომში მონაწილეობისთვის ოკუპირებული ცხინვალის ციხეში წამებით მოკლეს.

ოკუპირებული ცხინვალის ვერსიით, ტატუნაშვილმა იზოლატორში გადაყვანისას პოლიციელისთვის იარაღის წართმევა სცადა, წინააღმდეგობისას შეუძლოდ გახდა, კიბეებზე წაიქცა და საავადმყოფოში გულის შეტევით გარდაიცვალა.

ტატუნაშვილის გადმოსვენება ოკუპირებულმა ცხინვალმა 26 დღე გააჭიანურა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ტატუნაშვილს სხეულზე ასზე მეტი დაზიანება ჰქონდა, რაც მის წამებაზე მიანიშნებდა.

მცხეთის სასამართლომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს, ვისაც ბრალად არჩილ ტატუნაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ჯგუფურად წამებაში დახმარება ედებოდათ, პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა, თუმცა ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები დღემდე არ დასჯილან.