„Deep Purple“-ის სოლისტის ქორწილი საქართველოში, რომელსაც მომღერალი დიდი ხანი იხსენებდა - ფოტოები

იან გილანი

1990 წლის მაისში ჯგუფის ლეგენდარულმა ვოკალისტმა იან გილანმა თავის ბენდთან ერთად სპორტის სასახლეში ხუთი კონცერტი გამართა, რითაც ქართველი თაყვანისმცემლების დიდი ხნის ოცნება რეალობად აქცია. თუმცა ეს ვიზიტი თავად გილანისა და მისი მეუღლისთვისაც არანაკლებ დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. როგორც ცნობილია, წყვილს ერთი ძალიან საინტერესო ტრადიცია ჰქონდა. სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც ჩადიოდნენ, ხელახლა ქორწინდებოდნენ. ამ მხრივ არც საქართველო აღმოჩნდა გამონაკლისი.

2009 წლის 20 ივლისს „Deep Purple“-მა სტამბოლში კონცერტი გამართა. კონცერტს ქართველი მსმენელიც ესწრებოდა. გილანმა და მისმა მეუღლე ბრონმა კონცერტის წინ ქართველ თაყვანისმცემლებთან შეხვედრა მოინდომეს, ავტოგრაფები დაარიგეს და საქართველოში ვიზიტი გაიხსენეს. 

„ეს იყო მართლაც ფანტასტიკური. ის დღეები ისე მახსენდება თითქოს გუშინ იყო. მახსოვს იმ ადამიანთა სახეებიც, რომლებიც მაშინ ჩემს გვერდით იყვნენ, ქართული ცეკვები და სიმღერები. მე და ჩემს ცოლს მანამდე გვქონდა ქორწილი ჯერ ამერიკაში, შემდეგ კი ინგლისში, თუმცა ქორწილი საქართველოში მართლაც დაუვიწყარია. ქართველმა მეგობრებმა შემოგვთავაზეს, რომ ქორწილი საქართველოშიც გადაგვეხადა. ჩვენც სიამოვნებით დავთანხმდით და სპეციალურად ამ დღისთვის ქართულ ნაციონალურ სამოსში გამოვეწყვეთ“,- თქვვა იან გილანმა.

მისმა მეუღლემ კი ცრემლები ვერ შეიკავა, როდესაც ქართველებმა საჩუქრად 1990 წლის მათი ქორწილის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა გადასცეს.

„უბრალოდ ვტირი ემოციებისგან. ეს მართლაც საოცარი საჩუქარია. იმ დღეებს მე და იანი ხშირად ვიხსენებთ“,- აღნიშნა ბრონმა. 

ნახეთ იან გილანისა და მისი მეუღლის ქორწილი საქართველოში: