ჩვენ რაგბისტები არ ვართ და მუშტი-კრივს ვერ გავმართავთ - ლაშა ტუღუში პარლამენტში დაწყებულ ჩხუბზე

ლაშა ტუღუში

შესვლის უფლება გვაქვს, მაგრამ საშუალებას არ გვაძლევენ, რაგბისტები არ ვართ, რომ მუშტი - კრივი გავმართოთ - ეს კანონი არის საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული დივერსიული აქტი, - ამის შესახებ ეროვნული პლატფორმის წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ე.წ. აგენტების კანონის განხილვაზე დასწრება ითხოვეს და მოწვევა მიუვიდა, თუმცა, კომიტეტზე არ შეუშვეს.

„ჩვენ ვთხოვეთ მათ დავსწრებოდით განხილვას იმ კანონპროექტის, რომელიც გვეხება პირადად, ეხება ქვეყნის ინტერესებს, დასავლურ კურსს, კონსტიტუციას და ყველაფერს. მოგვივიდა მოწვევა და შემდეგ ჩაკეტეს, შეიყუჟნენ და ასე ჩუმად სადღაც მსჯელობენ. შეუშვეს „ხალხის ძალის" აქტივისტები, დგანან დაცვის წევრები და გვეჭიდავებიან, ჩვენ რაგბისტები არ ვართ, სამოქალაქო საზოგადოების წევრები ვართ და მუშტი-კრივს ვერ გავმართავთ აქ. გვაქვს უფლება, მაგრამ საშუალებას არ გვაძლევენ. კატასტროფაა კანონი, ეს არის ანტიქართული კანონი, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული დივერსიული აქტი და მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანამ გადაუხვიოს იმ კურსს, რომელიც უნდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს,"- განაცხადა ტუღუშმა.