„ბოლო წამამდე მჯეროდა, რომ სიმართლე არ იყო...“ - ნუცა ბუზალაძის პირველი ინტერვიუ პროექტში გამოსვლის შემდეგ

ნუცა ბუზალაძე

ნუცა ბუზალაძემ American idol-ის ჟიურის წინაშე ორი სიმღერა შეასრულა და ბრწყინვალედ წარდგა. ნუცას მთელი საქართველო გულშემატკივრობს. 

ჟიურის წევრებთან გამოსვლის შემდეგ, ნუცა პირველ ემოციებს „დილა მშვიდობისა საქართველოს“ უზიარებს. 

ნუცასთვის მსგავს პროექტში გამოსვლა და ჰოლივუდში მოხვედრა ბავშვობის ოცნება იყო. 

„ასეთ პროექტში მოხვედრა ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო. ბავშვობიდან სულ სიტყვა ჰოლივუდს ვამბობდი. მეგონა, რომ ეს ასე მოხდებოდა. ძალიან რთული გზაა გასავლელი, სანამ მაგ ოთახში შეხვალ. Zoom ქოლებით გავიარე ბევრი ქასთინგი სანამ ჩავიდოდი. ყოველთვის მეტი მინდა, ყოველთვის ვასწორებ რაღაცებს. მე რადგან მაქსიმალისტი ვარ, მიყვარს როცა ჩემი თავისგან უფრო მეტს მოვითხოვ. შემდეგი საფეხური უნდა იყოს უფრო მაგარი.

საერთოდ არ მახსოვს ეს ემოციები რა მქონდა. ბოლო წამამდე მჯეროდა, რომ სიმართლე არ იყო. ნუთუ ეს მართლა უნდა მოხდეს? შემდეგ უკვე როგორც მაყურებელმა, ისე ვუყურე და მივხვდი როგორ მიმღერია.“,- ამბობს მომღერალი.

ნუცა იმ რეაქციასაც იხსენებს, როდესაც ჯეილოს შეადარეს. 

„ძალიან გამიხარდა და ეგრევე წარმოვიდგინე, ამას საქართველოში რომ გაიგებენ როგორ გაუხარდებათ-თქო. მე მაინც მინდა, რომ ყველას ვახსოვდე ისე, როგორც ნუცა და არ მინდა ვინმესთან ასოცირებული ვიყო.

ჩემი მიზანი იყო, რომ ამ ქვეყანაში ჩემი თავი გამომეჩინა და ახლა ჩემი მიზანია ვიყო უფრო დაკავებული, მქონდეს პროექტები, გადაღებები და ა.შ.“,- აღნიშნავს მომღერალი.