VIDEO: „გამანებეთ თავი“ - ბადრი ესებუას მამა შვილის სასამართლო პროცესზე მივიდა

ესებუას სასამართლო

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი დაიწყო. "საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებულს გუშინ ახალი ბრალი წაუყენეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვას გულისხმობს. პროცესს თავად ესებუა დისტანციურ რეჟიმში ერთვება, რადგან დაკავების შემდეგ, ის ბათუმის ციხეში გადაიყვანეს.  ბადრი ესებუა წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

სასამართლო პროცესზე მივიდა ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა. მან ჟურნალისტებთან ისევ უარყო ინფორმაცია, რომ შვილის ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი იცოდა.

 

 

 

ცნობისთვის, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა 8 თებერვალს, სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთი ადგილობრივის, ომიანე ჯიქიას საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

„საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.