პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ განხორციელებული თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა

პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ განხორციელებული თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა.

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის სექტემბერ-ნოემბრის პერიოდში ბრალდებულმა სხვა პირებთან ერთად ორგანიზებული ჯგუფი შექმნა და წინასწარ დაგეგმილი დანაშაულებრივი სქემა შეიმუშავა. გამოძიების თანახმად, ჯგუფის წევრები პოტენციურ მსხვერპლებს სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის საშუალებით უკავშირდებოდნენ და სთავაზობდნენ მაღალი მომგებიანობის მქონე, საინვესტიციო პლატფორმაზე თანხების განთავსებას. მოქალაქეებს უქმნიდნენ მცდარ წარმოდგენას, თითქოს ისინი ახორციელებდნენ რეალურ ინვესტირებას ვირტუალურ აქტივებში, აქციებსა და ფინანსურ ინსტრუმენტებში, რის სანაცვლოდაც მიიღებდნენ სწრაფ და მნიშვნელოვან მოგებას. საბოლოოდ, დაზარალებულებს ეკარგებოდათ წვდომა მათ მიერ განხორციელებულ ინვესტიციებზე, ხოლო გადარიცხული თანხების გადაადგილება ხდებოდა ჯგუფის წევრების მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებსა და კრიპტოვალუტის საფულეებში. ბრალდებული ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად მოტყუებით დაეუფლა საქართველოს 42 მოქალაქის კუთვნილ, ჯამში 337 337 ლარს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფინანსური რესურსების წარმომავლობის დაფარვისა და მათი რეალური მოძრაობის შენიღბვის მიზნით, ჯგუფის წევრები ახორციელებდნენ თანხების მრავალეტაპიან გადარიცხვებს სხვადასხვა საბანკო ანგარიშებს შორის, რის შემდეგაც ხდებოდა მათი კრიპტოვალუტაში კონვერტაცია და ციფრულ აქტივებში ტრანსფორმაცია.

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალდებული 17 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების დადგენის მიზნით.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ერთი პირი მიცემულია პასუხისგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლოს მიერ შეფარდებული აქვს პატიმრობა.