1784279625
ყალბი საინვესტიციო პლატფორმით 42 მოქალაქე მოატყუეს - პროკურატურამ ერთი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ განხორციელებული თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა.
ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის სექტემბერ-ნოემბრის პერიოდში ბრალდებულმა სხვა პირებთან ერთად ორგანიზებული ჯგუფი შექმნა და წინასწარ დაგეგმილი დანაშაულებრივი სქემა შეიმუშავა.
გამოძიების თანახმად, ჯგუფის წევრები პოტენციურ მსხვერპლებს სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის საშუალებით უკავშირდებოდნენ და სთავაზობდნენ მაღალი მომგებიანობის მქონე, საინვესტიციო პლატფორმაზე თანხების განთავსებას.
მოქალაქეებს უქმნიდნენ მცდარ წარმოდგენას, თითქოს ისინი ახორციელებდნენ რეალურ ინვესტირებას ვირტუალურ აქტივებში, აქციებსა და ფინანსურ ინსტრუმენტებში, რის სანაცვლოდაც მიიღებდნენ სწრაფ და მნიშვნელოვან მოგებას. საბოლოოდ, დაზარალებულებს ეკარგებოდათ წვდომა მათ მიერ განხორციელებულ ინვესტიციებზე, ხოლო გადარიცხული თანხების გადაადგილება ხდებოდა ჯგუფის წევრების მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებსა და კრიპტოვალუტის საფულეებში.
ბრალდებული ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად მოტყუებით დაეუფლა საქართველოს 42 მოქალაქის კუთვნილ, ჯამში 337 337 ლარს.










