1784279625
პენიტენციური სამსახური: მურთაზ ზოდელავას ინსულტი არ გადაუტანია, გამოირიცხა ყველა სახის მწვავე პათოლოგიური პროცესი, მოვუწოდებთ ნებისმიერ პირს, თავი შეიკავოს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან
სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, ყოფილ გენერალურ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას ინსულტი არ გადაუტანია.
მეორე მხრივ, პენიტენციურ სამსახურში ადასტურებენ, რომ მურთაზ ზოდელავას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჩივილების ჰქონდა, რის შემდეგ, დიაგნოზის დასმის მიზნით, კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.
„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მსჯავრდებულ მურთაზ ზოდელავასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას და განმარტავს, რომ მსჯავრდებულ ინსულტი არ გადაუტანია. მსჯავრდებულ მურთაზ ზოდელავას მიერ წარმოდგენილი ჩივილების შესაბამისად, იგი გადაყვანილ იქნა კლინიკა „ვივამედში“ დიაგნოზის დასმის მიზნით. კლინიკაში ჩატარებული კვლევების შედეგად ყველა სახის მწვავე პათოლოგიური პროცესი გამოირიცხა.
მიუხედავად მსჯავრდებულის მოთხოვნისა, რომ დაბრუნებულიყო პენიტენციურ დაწესებულებაში, იგი მოთავსებულ იქნა კლინიკაში შემდგომი დინამიკური დაკვირვების მიზნით.
სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ნებისმიერ პირს, თავი შეიკავოს მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან”, - ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.











