1784279625
თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: ეს არის მილევად რეჟიმში, სიკვდილის პირას მისული დაჯგუფება. იმდენად არასერიოზული დაჯგუფებაა, რომ ვერანაირად ვერ მოახერხებენ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯებით საქართველოში არეულობის შემოტანასა და დესტრუქციული ქმედებების დანერგვას
ეს არის მილევად რეჟიმში, სიკვდილის პირას მისული დაჯგუფება, რომელიც თავის თავს ოპოზიციას უწოდებს, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა „დღის ქრონიკაში“ ოპოზიციაზე საუბრისას. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მიიჩნევს, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია და მსგავსი დოკუმენტები „რეანიმაციული საშუალებებია“ გარე აქტორებისთვის ოპოზიციის დასახმარებლად.
„ხან რა ალიანსი შეუქმნეს, ხან როგორ დაფინანსებას დაჰპირდნენ, ზოგი დააფინანსეს კიდევაც, რა ნაბიჯები არ გადადგეს მათი მიმართულებით, მაგრამ ვერანაირად ვერ შეძლეს, რომ სერიოზულ დაჯგუფებად ჩამოეყალიბებინათ, რომელიც რაღაც წინააღმდეგობას გაუწევდა ხელისუფლებას იმ გაგებით, რაც თვითონ უნდოდათ - ანუ, მოაწყობდა ძალადობრივ გადატრიალებას საქართველოში. ისინი აგრძელებენ ამ ნარატივსა და მცდელობას, მაგრამ ყოველდღე დარწმუნდებიან, რომ ამ ადამიანების მეშვეობით საქართველოში ამას ვერ მოახერხებენ. ამიტომ, ეს არის უბრალოდ გადმოგდებული ინიციატივები, რომ იქნებ კიდევ ცოტა ხანი აცოცხლონ ეს რადიკალური დაჯგუფებები საქართველოში, იქნებ რამე გამოდნეს ამათგან, მაგრამ ვარწმუნებ მათ, რომ ეს იმდენად არასერიოზული დაჯგუფებაა, რომ ვერანაირად ვერ მოახერხებენ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯებით საქართველოში არეულობის შემოტანასა და დესტრუქციული ქმედებების დანერგვას“, - განაცხადა შარმანაშვილმა.










