ნიკო კვარაცხელიას დედა შვილის მკვლელების დედებს მიმართავს - ბრალდებულმა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დამკვეთები დაასახელა

ნიკო კვარაცხელია

გიორგი კაველაძეს აქვს აღიარებული დანაშაული, მას დეტალურად აქვს აღწერილი დანაშაულის მომზადების ყველა დეტალი და დასახელებული ჰყავს დამკვეთიც, დამხმარეც და საკუთარ როლზეც ბევრი აქვს ნათქვამი. ეს იყო ძალიან დიდი ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული, როგორც მისი აღიარებითი ჩვენებიდან ვიცით, - ამის შესახებ ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედის წერილშია აღნიშნული.

მიმართვა, რომელიც feedc-ზე გავრცელდა, „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ:

„18 თებერვალს სასამართლო პროცესია, მინდა დავარღვიო დუმილი და მოგაწოდოთ უტყუარი ინფორმაცია, რომელიც არა მარტო ჩვენმა ოჯახმა არამედ ბევრმა ადამიანმა იცის რომ გიორგი კაველაძეს აქვს აღიარებული დანაშაული, მას დეტალურად აქვს აღწერილი დანაშაულის მომზადების ყველა დეტალი და დასახელებული ჰყავს დამკვეთიც, დამხმარეც და საკუთარ როლზეც ბევრი აქვს ნათქვამი. ეს იყო ძალიან დიდი ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული, როგორც მისი აღიარებითი ჩვენებიდან ვიცით.

ჩვენი ოჯახი 15 სექტემბრის რეჟიმში ვცხოვრობთ უკვე ხუთი თვეა, ჩვენი ემოციებით და მდგომარეობით თავს არ შეგაწყენთ, ძალიან დიდი უსინდისობაა იმის თქმა, რომ დრო მკურნალია, რითაც სარგებლობენ მკვლელების ოჯახები და ის ადამიანები ვინც ეს დიდი ბოროტება დაგეგმა. არა ბატონებო თქვენ ძალიან ცდებით, დრო მკურნალი არ არის ისე როგორც ნიკოს გარდაცვალება არ არის მისი დამარცხება!

„მე ხომ მომკლეს“. დიდი ამბავი! აი, მეც დამხვრიტეს, მაგრამ მაინც ცოცხალი ვარ, ვარ თუ არა ცოცხალი? როგორ გგონია. დამმარხეს და მაინც მიწაზე დავდივარ. იცი რატომ? იმიტომ რომ ვერ დამაჯერეს ჩემი მოკვლის უფლება რომ ჰქონდათ. მთავარი კი ესაა (ოთარ ჭილაძე)“.

სამი უღირსი ადვოკატი და ოჯახები ჯგუფური დანაშაულიდან თავის დაღწევის მიზნით არ აძლევენ საშუალებას, რომ მკვლელებმა საზოგადოების წინაშე აღიარონ ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული. კაველაძეებმა ერთხელ უკვე მსგავსი მეთოდით დაიხსნეს შვილი დანაშაულიდან. ღმერთმა არ ქნას რომ ამ რამდენიმე ადამიანს გადაჰყვეს ჩვენი ქვეყნის მართლმსაჯულება.

საბრალოებო, ჩვენი რწმენა და მიმტევებლობა, ძალიან ცუდად გამოიყენეთ, და ვერ გათვალეთ, რომ ამ ქვეყანაში არის კანონი, რომლის წინაშეც, მორწმუნეც და ურწმუნოც თანასწორია. ჯგუფურს მარტო კაველაძე და ჭელიძე კი არა სხვა ახალგაზრდებიც ვერ დააღწევენ თავს.

ნათია ჯაფარაშვილს და თეკლე გავაშელიშვილს პირადად მოგმართავთ, ჩვენ დიდხანს ველოდით თქვენგან და ეჭვადაც არ გვქონდა, რომ ადამიანურ სახეს შეინარჩუნებდით და იმ შემზარავი კადრების, ტერორისტული აქტის ხილვის მერე, რომელიც თქვენმა შვილებმა განახორციელეს და რომელიც მთელმა ქვეყანამ იხილა, თავად მოითხოვდით შვილების დასჯას, თქვენ კი ძვირად ღირებული ადვოკატები აუყვანეთ და მათთან ერთად ფულზე ჰყიდით სინდისს.

გონზე მოდით ახლა მაინც და შვილებთან ერთად საკუთარ სულსაც ნუ წარიწყმენდთ.

მე კარგად მესმის ჟურნალისტების, რომლებიც ინტერესდებით და ლამის ყოველდღიურ რეჟიმში მიწევს უარის თქმა განცხადებაზე ან ინტერვიუზე. მადლიერების მეტი რა მეთქმის, მაგრამ მინდა გირჩიოთ, იქნებ გაიგოთ მკვლელების ოჯახები, მათი დამხმარეები, მკვლელების მასპინძელი ოჯახები როგორ აგრძელებენ ცხოვრებას, იქნებ ახალ მსხვერპლს ეძებენ??? რისი ან ვის იმედად ჩქარობენ, რომ ასე სწრაფად დააყენონ განაჩენი???, - წერს იზა ომაძე.

შეგახსენებთ, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. 

გამოძიების ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, ბრალდებულებმა კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვეს. აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ბრალი ედება ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში.

ნიკო კვარაცხელია პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.