„მიხეილ სააკაშვილს სასჯელს გადაუვადებენ, ამაში დარწმუნებული ვარ“ - ექსპრეზიდენტის ადვოკატი დეტალებზე საუბრობს

mixeil saakashvili

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ვალერი გელბახიანი დარწმუნებულია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ ექსპრეზიდენტს სასჯელს გადაუვადებენ, ამის შესახებ გელბახიანი  „პრაიმტაიმთან“ საუბრობს..

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, სასჯელის გადავადების შემდეგ, განიხილება მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა გერმანიასა და შვეიცარიაში.

„იმდენად მყარია სამართლებრივი პოზიცია,  მიხეილ სააკაშვილს სასჯელს გადაუვადებენ, მე ამაში დარწმუნებული ვარ. ძალიან ბევრი საქმე მქონია ანალოგიური: როდესაც ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უშლის სასჯელის მოხდას, სასამართლოს მიერ მოთხოვნა ყოველთვის კმაყოფილდება ხოლმე, მიუხედავად იმისა, ვინ არის და რა პოლიტიკური წარსული აქვს ადამიანს. მე ამ განცხადებას არ ვაკეთებ მთავრობასთან შეთანხმებით. ეს განცხადება არის სამართლებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე“, - განაცხადა გელბახიანმა.

ამასთან, როგორც როგორც გელბახიანმა გვითხრა, საუბარია მიხეილ სააკაშვილისთვის ერთი წლით სასჯელის გადავადებაზე. მისივე თქმით, ამჟამად სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.

აღსანიშნავია, რომ 8 წლის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სხვადასხვა ბრალდების საფუძველზე, 1 ოქტომბერს დააკავეს.