ის საკვები, რაც სააკაშვილთან მოაქვთ, მაგალითად, შავ პურზე წასმული გაჭყლეტილი ნიორი და სოკოს შილა ფლავი, არაფერში წერია - ნინო ნადირაძე

ნინო ნადირაძე

ცენტრი „ემპათიის“ მიზნები, როგორც ვატყობ, რადიკალურად განსხვავებულია ჩვენი კლინიკის მიზნებისგან, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ნინო ნადირაძემ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებულ პროცესზე განაცხადა.

ნინო ნადირაძის თქმით, მან ბევრჯერ მიმართა მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივრებს დახმარებისთვის, რათა მიხეილ სააკაშვილის კვებითი რაციონი გაუმჯობესებულიყო.

მისივე განმარტებით, ის საკვები რაც ყოფილ პრეზიდენტთან ყოველდღიურად მიაქვთ, მაგალითად, ნივრიანი პური, შავ პურზე წასმული გაჭყლეტილი ნიორი და სოკოს შილა ფლავი, არაფერში წერია.

„ჩვენ გვინდა, რომ პაციენტი იყოს კარგად. მე პირადად, მთელი არსებით ვარ მოწოდებული ამისკენ. მე არ ვერევი არც მის დაცვაში, არც მის სურვილებში, არც მისწრაფებებში, იპოვოს თავისუფლების გასაღები - ეს მისი უფლებაა და მე მგონი, ყველა ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი არის თავისუფლება და ადამიანები ზუსტად ამ თავისუფლების გამო მივდივართ ყველაფერზე. მეც არ ვიცი, თავისუფლების გამო რაზე წავალ, რას გავაკეთებ, რაზე მოვაწერ ხელს. შესაბამისად, მე ყოველთვის ვრჩები ექიმი, ჩემი თანამშრომლები ყოველთვის რჩებიან სამედიცინო ეთიკის მხარეს და შესაბამისად, არ გვაინტერესებს პაციენტის მისწრაფებები, არ ვერევით დაცვის მხარის ქმედებებში. ჩვენ გვსურს, რომ პაციენტი იყოს ჯანმრთელად, თუმცა ისიც მესმის, რომ თავისუფლების გასაღები მხოლოდ მის ძალიან ცუდად ყოფნაშია და ესეც მესმის, გათვითცნობიერებული მაქვს, მაგრამ ჩვენ არ ვაკლებთ არანაირ საშუალებას.

მე პირადად, ვინც მე მგონია, რომ პაციენტის გულშემატკივრები არიან, არც მათთან ვიშურებ და ვიზარებ წერილობით თუ ზეპირი სახით, რომ დამეხმარონ, დაარწმუნონ პაციენტი, რომ მისთვის შესაბამისი კალორაჟის მიღება არის სასიცოცხლოდ აუცილებელი. მეტნაკლებ დახმარებას ვგრძნობდი, არ დავასახელებ ამ პიროვნებებს, ნამდვილად იყო მათგან მცდელობა, რომ დამხმარებოდნენ კვებითი რაციონის გაუმჯობესებაში, თუმცა ის საკვები, რაც მასთან ყოველდღიურად მოდის, მაგალითად, ნივრიანი პურის და შავ პურზე წასმული გაჭყლეტილი ნივრის რაღაც რაოდენობის მოტანა, მე არ ვიცი ეს რაში წერია. ვერ ვხვდები შილა ფლავის სოკოთი მოტანას, ეს რომელ გაიდლაინში წაიკითხეს. ჩვენმა ენდოკრინოლოგმა ჩაუშალა კალორაჟით, რომელი პროდუქტებია საჭირო, რა რაოდენობით არის საჭირო, ეს ყველაფერი მათ ძალიან ბევრჯერ აქვთ ახსნილი“, - განაცხადა ნინო ნადირაძემ.